Accessibility links

რუსი სამხედროები საპყობილეს სკოლის შენობაში განათავსებენ


რუსეთის ჯარისკაცები აფხაზეთში

რუსეთის ჯარისკაცები აფხაზეთში

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში, რუსი სამხედროების გადაწყვეტილებით, წინასწარი დაკავების იზოლატორი სოფლის ერთადერთ სკოლაში განთავსდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ლეკუხონადან აცნობეს. რესპონდენტი, რომელიც ჩაწერაზე მისი და ოჯახის უსაფრთხოების გამო არ დაგვთანხმდა, გვიყვება, რომ გასულ კვირას ფსბ–ს წარმომადგენლებმა სკოლაში მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და სოფლის გამგებელი დაიბარეს. რუსებმა თათბირზე გვითხრეს, რომ აქ საპატიმროს გახსნიან და სკოლისთვის სხვა შენობას შეარჩევენ. მათი გეგმით, განაგრძობს მოყოლას ლეკუხონას მკვიდრი, სკოლის ერთ ნაწილში იმ მესაზღვრეებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ, დასასვენებელი ოთახები მოეწყობა. მოსახლეობა ამით შეშფოთებულია. ამბობენ, რომ სოფელს სკოლა არ ექნება, რადგან ლეკუხონაში შესაფერისი შენობა არ არის. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მოსწავლეებს განათლების მიღება ლეკუხონას მეზობელ სოფელ საბერიოში მოუწევთ. ეს უკანასკნელი კი ლეკუხონადან დიდი მანძილითაა დაშორებული. რუსებმა სკოლის შენობა საპყრობილისთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ ის ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოსაა. ამიტომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებულებს გალში კი არ გადაიყვანენ, არამედ იქ მოათავსებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ, როგორც ეს ახლაც ხდება, ამბობენ ლეკუხონელები. სამეგრელო–ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას განცხადებით, რუს სამხედროებს სურთ, რომ ამით დაკავებულების სპეცშემოწმება მთლიანად მათ ხელში იყოს. „ეს არის შიშველი სამხედრო ძალა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება არა აქვს. სკოლის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორის განთავსებაც ამაზე მეტყველებს.“

სოფელ ლეკუხონას საშუალო სკოლის წინასწარი დაკავების იზოლატორად გადაქცევას რუსი სამხედროები ნოემბრის დასაწყისში გეგმავენ. სარემონტო სამუშაოებისთვის კი, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, სამშენებლო მასალები უკვე ჩამოტანილია.
XS
SM
MD
LG