Accessibility links

logo-print
”ყველა სიახლე” წერს, რომ ”ხელისუფლებამ უკონტროლო ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო”. სტატიაში წაიკითხავთ: ”თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ზაზა აზმაიფარაშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა ბატონი ზაზასთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ეს ფაქტი უცნაურად დაემთხვა საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” მიერ ჩატარებულ კონცერტს, რომელსაც ბატონი ზაზა დირიჟორობდა”, - წერს ”ყველა სიახლის” ავტორი, რომელსაც ზაზა აზმაიფარაშვილმა უთხრა: ”არ მინდა ვიფიქრო, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც საქველმოქმედო კონცერტზე გამოსვლის გამო ვინმე შეიძლება გაათავისუფლონ.” ”ყველა სიახლე” ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორ დათო საყვარელიძესაც დაუკავშირდა, რომელიც თეატრში სერიოზული რეფორმის აუცილებლობის შესახებ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე მიუთითებს და აგრეთვე ამბობს: ”გპირდებით, რომ ბევრი საინტერესო დირიჟორი იმუშავებს ჩვენს ორკესტრთან. ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ბატონ ზაზასთანაც.”

”ყველა სიახლეში” ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ამბობს: ”ხელისუფლებას და პირადად სააკაშვილს ეშინია და არ უყვარს ავტორიტეტული ადამიანები. მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც საზოგადოებისთვის მორალური და ზნეობრივი ავტორიტეტია, მისთვის საფრთხეა”. ამავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის პროექტი არა იტალიელ მიკელე დე ლუკს, არამედ მას ეკუთვნის და ეს პროექტი 1980-იან წლებში შექმნა ”საქართველოს სახლის” ასაშენებლად.

”რეზონანსს” საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე უყვება ინციდენტის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, 27 ოქტომბერს ”მაესტროს” ეთერში მისი სტუმრობის შემდეგ მოხდა. როგორც ის ჰყვება, მას ტელეკომპანიიდან გამოსვლისას სამი ჯიპი აედევნა და ვახუშტის ხიდის დასაწყისში ”შეეცადნენ პროვოცირებას”. ”მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება და მარშრუტი არ გავაგრძელე, მანქანა შემოვატრიალე და მივბრუნდი ტელევიზიაში”, - ამბობს ბიწაძე და იმავე ინტერვიუში დასძენს: ”მე ვიცი სააკაშვილის ხასიათი და ამ გადაცემას რომ უყურებდა, ვიცი, რა ბრძანებას გასცემდა... რა თქმა უნდა, ჩემი დასჯის ბრძანებას.”

”რეზონანსშივე” ქვეყნდება მოსაზრება ოპოზიციის მოსალოდნელი პრაიმერიზის შესახებ: ”თავისუფლად შეიძლება მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ მერობის კანდიდატი გრიალით გავიდეს პირველ ადგილზე ინტერპარტიულ პრაიმერიზში, მაგრამ მას ცივად შეხვდება დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა. პრაიმერიზით ხომ თბილისელთა მცირე ნაწილი შეიძლება მოიცვა. მეტისთვის, უბრალოდ, ”სიმძლავრე” ან სახსრები და საშუალებები არ ეყოფათ.”

”ჯორჯიან ტაიმსი” ხელისუფლებაში სავარაუდო გადაადგილებაზე ინფორმაციას აქვეყნებს. ავტორის თანახმად, ზურაბ ადეიშვილს უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანენ, ეკა ტყეშელაშვილს კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ”ამ მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში მერაბიშვილი სააკაშვილის ერთადერთ და უცვლელ ფავორიტად რომ რჩება, ეჭვს გარეშეა” - წერს ”ჯორჯიან ტაიმსი”, რომელშიც დღეს ქვეყნდება ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს საქართველოს რკინიგზას.

”ალია” 2004 წელს მოკლული ამირან რობაქიძის მამასთან - სოსო რობაქიძესთან ვრცელ ინტერვიუს ბეჭდავს. რობაქიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ მისი შვილის მკვლელები ”უფრო ადრე ჰყავთ გამოშვებული ციხიდან, ვიდრე სანდრო გირგვლიანის მკვლელები”. ის აგრეთვე ჰყვება, რომ თვე-ნახევრის წინ მიმართა სასჯელაღსრულების უწყებას იმის დასაზუსტებლად, იყვნენ თუ არა შეწყალებულთა შორის მისი შვილისა და გიორგი გამცემლიძის მკვლელები, და უწყებიდან ინფორმაცია ვერ მიიღო.

”ახალ თაობას” ადვოკატი ლალი აფციაური ესაუბრება: ”ადვოკატის ინსტიტუტი, ფაქტობრივად, განადგურებულია. სიძლიერეს რამდენიმე ათეული ადვოკატი ინარჩუნებს, რომელიც ვერ მოისყიდეს და ვერ დააშინეს. დანარჩენი ადვოკატების 90%, ჩვენდა სამარცხვინოდ, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ იმისთვის არიან მომართული, სწრაფად და ეფექტურად დაამთავრონ ესა თუ ის საქმე. ისინი თვალს ხუჭავენ პროკურატურის და გამოძიების ნებისმიერ უკანონობაზე და ამით თავადაც დანაშაულს სჩადიან. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ საპროცესო გარიგება გააფორმონ”, - ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG