Accessibility links

logo-print

ქურთი კინემატოგრაფისტების ბრძოლა იდენტობისთვის


ფილმების ფესტივალი

ფილმების ფესტივალი

21-25 ოქტომბერს ნიუ-იორკში ქურთული ფილმების ფესტივალი - „საზღვრებისმიღმა კინემატოგრაფი“ - გაიმართა. ფესტივალზე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების ფართო არჩევანი იყო წარმოდგენილი. რამდენიმე ქურთ რეჟისორს საერთაშორისო ასპარეზზე საკმაო წარმატება აქვს მოპოვებული, შთამბეჭდავი კინოენისა და საინტერესო თხრობისთვის, მაგრამ თავიანთ ქვეყნებში მათ ფილმებს აუდიტორია ხშირად გულგრილად ეკიდება.

ნიუ-იორკის პირველი ქურთული კინოფესტივალი, უფრო მასშტაბური, 2001 წლიდან მოქმედი ლონდონის ქურთული კინოფესტივალის ბაზაზე გაიმართა.

ნიუ-იორკში სულ 9 მხატვრული ფილმი და ამდენივე კინორეჟისორი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში, რამდენიმე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმიც აჩვენეს.

თურქეთს, სირიას, ირანსა და ერაყს შორის გადაჭიმულ, შფოთიან რეგიონში მცხოვრები ქურთი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძვის იდენტობისა და სახელმწიფოებრიობისთვის.

რთულ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში მუშაობის მიუხედავად, ქურთი კინემატოგრაფისტების რამდენიმე წარმომადგენელს საზღვარგარეთ საკმაო წარმატება ხვდა წილად. ყველაზე ცნობილი და წარმატებული რეჟისორი თურქეთში მცხოვრები ქურთი, ილმაზ გიუნეი იყო - მისი ფილმი „გზა“ 1982 წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. ამ ფილმის გადაღების პროცესში თავად გიუნეი ციხეში იჯდა - იქიდან დეტალურ მითითებებს აძლევდა ასისტენტს, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა გადაღებას.

უფრო თანამედროვე რეჟისორებს შორის საკმაო აღიარება მოიპოვა ირანელმა ბაჰმან ღობადიმ, რომლის ფილმი „არავინ იცის სპარსული კატების შესახებ“ ნიუ-იორკის ფესტივალზე აჩვენეს.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო საფრანგეთში მცხოვრები ერაყელი ქურთი რეჟისორის, ჰინერ სალიმის, კომედია - „არაყი ლიმონით.“ ფილმი ყოფილ სამხედროსა და ოფიციანტს შორის სიყვარულის ამბავს გადმოსცემს, რომელიც სომხეთის ქურთულ სოფელში ვითარდება.

„ჩვენ შესაძლოა ვცხოვრობდეთ ერთსა და იმავე ქალაქში თუ სოფელში, მაგრამ განსხვავებულად ვფიქრობდეთ და სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვქონდეს“, - ამბობს სალიმი და დასძენს: „სამწუხაროდ, დღეს თურქეთში, სირიასა და ირანში მცხოვრები ქურთებისთვის ფილმების გადაღება ძალიან რთულია. მუშაობა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ქურთი ხალხის წინააღმდეგ აპარტეიდი მოქმედებს - არ არის თანასწორობა, ადამიანის უფლებები, თავისუფლება. მაგრამ რამდენიმე ძალიან გაბედული, უშიშარი ქურთი გოგო და ბიჭი, მძიმე ვითარების მიუხედავად, იღებს ფილმებს.“

სალიმის თქმით, ქურთ კინორეჟისორებს ყველაზე მეტად თავიანთ - ქურთ - აუდიტორიამდე მიღწევა უჭირთ. ამის მაგალითად იხსენებს შემთხვევას, როცა ფილმი საფრანგეთის ერთ-ერთი კულტურული ინსტიტუტის გრანტით - 500,000 ევროთი - გადაიღო, მაგრამ შემდეგ, როცა ფილმი ერაყის ქურთისტანის ერთ-ერთ ქურთულ ტელეარხს უფასოდ შესთავაზა, მის ჩვენებაზე უარი მიიღო. სალიმი თვლის, რომ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ხალხებს, ქურთებს ხშირად ნაკლებად აინტერესებთ ეკრანზე თავიანთი მძიმე ყოფის ხილვა და ამას ჰოლივუდის ბლოკბასტერების ყურებას არჩევენ ხოლმე გასართობად. მისი თქმით, ერაყის ქურთისტანში ასევე ძალიან პოპულარულია ინდური ბოლივუდის ნაწარმი და ეგვიპტური და თურქული მელოდრამები. პოლიტიკური და სოციალური პრობლემებით გაჯერებულ ფილმებს, რომლებსაც ბევრი ქურთი კინორეჟისორი იღებს, შედარებით ნაკლები მაყურებელი ჰყავს.

ამჟამად კალიფორნიაში მცხოვრებმა ერაყელმა ქურთმა რეჟისორმა, ჯანო როსებიანიმ, ნიუ-იორკის ფესტივალზე ჩაიტანა ფილმი, რომელიც 10 წლის ობლის ცხოვრებას ასახავს 1988 წელს ერაყის ქურთულ ქალაქ ჰალაბჯაზე გაზით მიტანილი იერიშის შემდეგ. რეჟისორის თქმით, ერაყის ქურთისტანში ადგილობრივ აუდიტორიას კინოთეატრებში სიარულისგან ტერორიზმის შიშიც აბრკოლებს:

„იმ რეგიონში ხალხით სავსე ჩაბნელებულ ოთახში ჯდომა არავის სურს - ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. ამდენად, კინემატოგრაფს იქ ჯერ ფეხი მყარად არ აქვს მოკიდებულიო“, - ამბობს რეჟისორი.

როსებიანი ქურთული კინემატოგრაფის წინააღმდეგ პოლიტიკურ ცენზურაზეც საუბრობს:

„ქურთისტანში კინოინდუსტრია ჯერჯერობით არ გვაქვს იმის გამო, რომ ქურთული რეგიონების უმრავლესობაში ქურთული ფილმების ჩვენება აკრძალულია. ქურთული არეალის 60 თუ 70 პროცენტი თურქეთშია - იქ კი ქურთული ფილმის ჩვენება არ შეიძლება. ასეთივე ვითარებაა ირანსა და სირიაში. ერთადერთი ადგილი, სადაც ქურთული ფილმების ჩვენება დაშვებულია, ერაყის ქურთისტანია - იქ კი მხოლოდ 5-6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნახევარს ფილმის სანახავად საკმარისი მომზადება ან ასაკი არ აქვს“, - აღნიშნავს ის.

კიდევ ერთმა ერაყელმა ქურთმა რეჟისორმა, ჰიშამ ზამანმა, ფესტივალზე თხუთმეტწუთიანი ფილმი, „ბაუკი“, ჩაიტანა, რომელიც სასოწარკვეთილი ქურთი მამა-შვილის ევროპაში იმიგრაციის მცდელობას ასახავს. გამოსვლის შემდეგ ფილმს დიდი წარმატება და რამდენიმე ჯილდო ხვდა წილად. ზამანი, რომელიც უკვე 17 წელიწადია ნორვეგიაში ცხოვრობს, თვლის, რომ, მართალია, ჯერ სუსტად არის განვითარებული, მაგრამ ქურთულ კინემატოგრაფს უკვე აქვს მკაფიოდ გამოხატული სპეციფიკური კინოენა:

„ქურთულ კინემატოგრაფს თანდათან ამბის გადმოსაცემ ფორმად აღვიქვამთ. ჩემთვის ქურთულ ფილმებს სხვა კინემატოგრაფისგან ის გამოარჩევს, თუ როგორ არის მათში ნაჩვენები ადამიანი, როგორ იყენებენ არაპროფესიონალ მსახიობებს, როგორ ასახავენ თავიანთ ყოფას, ცხოვრებას და კულტურულ ტრადიციებს.“

ნიუ-იორკის ქურთულ კინოფესტივალზე სპეციალური რეტროსპექტივა - „ქალები ქურთულ კინოში“ - მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ქურთი ქალების მიერ და ქურთი ქალების შესახებ გადაღებული ფილმები აჩვენეს. მაგრამ ამ თემაზე დაგეგმილი დისკუსია არ შედგა - დისკუსიის მოდერატორს, თურქეთში მცხოვრებ ახალგაზრდა ქურთ რეჟისორ მიდე არსლანს, შეერთებული შტატების ვიზაზე უარი უთხრეს.
XS
SM
MD
LG