Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საინტერნეტო მისამართები მსოფლიოს ყველა ანბანზე იარსებებს


ICANN
ICANN
სამყაროში ინტერნეტივით ინტერნაციონალური არაფერია, მაგრამ მალე გლობალური ქსელის კიდევ უფრო ინტერნაციონალიზებას გვპირდებიან: გამოჩნდება საინტერნეტო მისამართები ნებისმიერ ანბანზე, არაბულად და ჩინურად, ქართულად და სპარსულად, ანუ ყველა იმ დამწერლობაზეც, რომელიც არ ეფუძნება ლათინურს. როგორ დაწერთ არაბულად „dot com“? ეს არაა უსაფუძვლო შეკითხვა, რადგან მსოფლიოში ინტერნეტის მილიარდ ექვსასი ათასი მომხმარებლის ნახევარზე მეტი წერს თავის ანბანზე, რომელიც ლათინურს არ ეყრდნობა. მაგრამ დღემდე მათ უწევთ ლათინური ანბანის გამოყენება, რადგან საინტერნეტო მისამართები ამ საყოველთაოდ მიღებული ანბანით იწერება. აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ICANN, თვლის, რომ ინტერნეტის გამოყენება ყველასთვის უნდა გაიოლდეს - რუსებისა და ჩინელებისთვის, სომხებისა და არაბებისთვის, ვისაც სურს თავის ენაზე წერა. ეს უწყება კოორდინაციას უწევს საინტერნეტო მისამართების სისტემას. პარასკევს, 30 ოქტომბერს, ამ ორგანიზაციამ, ინტერნეტის სახელებისა მიმნიჭებელი კორპორაციის, ICANN-ის დირექტორთა საბჭომ კენჭი უყარა და დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმად, შემოიღებენ ახალი სისტემას, რომელმაც აფრიკასა და აზიაში არსებული ყველა ანბანი უნდა წაიკითხოს. ეს ინტერნეტის 40 წლიანი ისტორიის მანძილზე უდიდესი ტექნიკური ცვლილებაა. სისტემა ისე გაიმართება, რომ მას შეეძლება სხვადასხვა ანბანზე დაწერილი გარდაქმნას - როგორც თანამედროვე ენაზე უწოდებენ, კონვერტირება გაუკეთოს - საინტერნეტო მისამართად. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტის არაბი ან სპარსელი მომხმარებლები შეძლებენ თავიანთ ანბანზევე გამოიძახონ საინტერნეტო გვერდები. ასევე იქნება რუსეთის, ბელორუსიის - მათთან ერთად უკრაინისა და შუა აზიის -კირილიცაზე მწერალ ქვეყნებში. აზიელებს - ჩინეთში, კორეასა თუ იაპონიაში - გაუმარტივდებათ ინტერნეტის ძიება. და არა მარტო მათ, როგორც ინტერნეტის ყველაზე მრავალრიცხოვან მომხმარებლებს, არამედ არანაკლებ დიდ მასას ენების და ანბანებისა - ინდოელებს, მათ შორის - ტამილებსაც. ცხადია, იგივე მოელის ქართველ მომხმარებელს. გაჩნდება ქართული საიტების ქართული მისამართები. თუკი ადრე ქართული მისამართები ლათინურ ანბანს უნდა მორგებოდა, ახლა საქმე შეიცვლება. ICANN-ის წარმომადგენელმა ბრედ უაიტმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ საინტერნეტო დომენები, ელექტროსაფოსტო მისამართები და თვით „ტუიტერის“ მისამართები ლათინურად იწერება, რადგან ისინი იქმნებოდა აშშ-ში, ქვეყანაში, სადაც ლათინურ ანბანს იყენებენ. „ინტერნეტი აშშ-ში წარმოიშვა, მაგრამ ეს წლების წინ მოხდა. ახლა ინტერნეტი მართლაც გლობალური საკომუნიკაციო უწყებაა, მაგრამ მას ახლაც სჭირდება გარკვეული კოორდინაცია საინტერნეტო მისამართების გლობალურ სისტემაში. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის, ICANN-ის, ამოცანა. ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ, ჩაწეროთ მისამართი თქვენი უების ბრაუზერში და ყოველთვის მოახერხოთ იქ შესვლა. ჩვენ, მართლაც, ვერ გავაკონტროლებთ სხვა ფუნქციას, გარდა სამისამართო სისტემისა.“


ICANN-ი მაღალი დონის დომენებს, დასახელებებს უწევს კოორდინაციას. მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში ყველა მისამართი განუმეორებელი უნდა იყოს. მაღალი დონის დომენები ასე მთავრდება ხოლმე: dot com ან dot org, dot net ან dot biz. არის სახელმწიფოთა მიხედვით შემოღებული დაბოლოებები, როგორიცაა DE - გერმანიის, CZ - ჩეხეთის, AT - ავღანეთის, ან კიდევ - GE, საქართველოს საინტერნეტო საიტების შემთხვევაში. მაგრამ დღემდე ყველა ქვეყანა მოვალე იყო, ქვეყნების ეს საკოდო დომენები ლათინური ანბანით დაეწერათ. ICANN-ის დომენების ინტერნაციონალიზების განყოფილების უფროსი, ტინა დამი, ახალი სისტემის ახალ შესაძლებლობებზე ლაპარაკობს: „დომენთა სახელების ინტერნაციონალიზებით ვაფართოებთ ნიშანთა რაოდენობას. მიზანი ისაა, რომ მაქსიმალურდ დიდი რაოდენობის ასო-სიმბოლო გამოიყენებოდეს. ლაპარაკია ათასობით ასო-ნიშანზე. ეს არის დომენების ინტერნაციონალიზებისას ერთ-ერთი გამოწვევა, რადგან ვამატებთ პირვანდელ რაოდენობას კიდევ ბევრ ნიშანს, რომლების მოხმარება უნდა შეგეძლოთ დომენებში. დამატების შემდეგ, ბევრი მათგანი მსგავსი აღმოჩნდება და, შესაბამისად, გაგიჩნდებათ პრობლემები - არის თუ არა ესა თუ ის მისამართი მართლაც უნიკალური.“
ამ ნათქვამიდანაც ჩანს, რომ ფანტასტიკურად რთული ტექნიკური ამოცანის წინაშე დგას ორგანიზაცია. ამ აზრისაა ბრედ უაითი, რომელიც ამბობს, რომ ახალმა სისტემამ ინტერნეტი მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის უნდა გახადოს მისაწვდომი. „როცა თქვენს ბრაუზერში მისამართი შეგყავთ (დავუშვათ, რუსი ხართ და კირილიცას ხმარობთ), წერტილამდე ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მერე ლათინურ შრიფტზე უნდა გადახვიდეთ. რასაც ჩვენ ვაპირებთ, ესაა ინტერნეტის მთლიანი სამისამართო სისტემის ყველა ანბანისთვის გახსნა - ჩინურის, კორეულისა თუ არაბულისთვის. მე მგონია, რომ ამას ინტერნეტის მოხმარების დიდი გაფართოება მოჰყვება.“

ICANN-ის საბჭოს მიერ დაამტკიცებული გეგმა, უაითის თქმით, საფეხურეობრივად ამუშავდება. პირველი ცვლილებები წელს ნოემბერში გამოჩნდება.

„ლაპარაკია საერთაშორისო დომენების საინტერნეტო მისამართებში შეტანაზე. ანუ წერტილის, დოტის, მარჯვნივ რაც იწერება, ანუ მაღალი დონის დომენებში. თავიდან ჯერ ეს შეიცვლება, ქვეყნების კოდების მაღალი დონის დომენები, და შემდეგ უკვე განვითარდება ასევე დანარჩენი ნაწილიც, რასაც ვუწოდებთ არაპატენტირებულ მაღალი დონის დომენებს.“

ICANN უკვე ორი წელიწადია გამოცდის სისტემას. ცვლილება შეეხო მაღალი დონის მისამართებს 11 სხვადასხვა ენაზე. გარდამავალმა პირიოდმა კარგად რომც ჩაიაროს, საბოლოო ამოქმედება სისტემისა 2010 წლისთვისაა მოსალოდნელი.

„ჩვენ ვამჯობინებთ ნელა ვიმოქმედოთ და მართებულად, ვიდრე სწრაფად და არეულობა მოხდეს. მთავარია საინტერნეტო მისამართების სისტემის სტაბილიზება და უსაფრთხოება. ამიტომ ვმოქმედებთ საფეხურეობრივად.“
როგორ მიაგნებენ დასავლეთში ინტერნეტის მომხმარებლები იმ უებ-გვერდებს, რომლებიც არალათინური ანბანითაა დაწერილი, ჯერ დაუდგენელია. ICANN-ის თანამშრომლების თქმით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ საძიებელი სისტემები. ახალი ტექნოლოგია ამ პრობლემის დაძლევის საშუალებას იძლევა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG