Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. თავად ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, პროტესტის ნიშნად, ხუთშაბათს შიმშილობა დაიწყო. მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გამსახურდია ადვოკატი ქეთევან ბექაური ირწმუნება, რომ დაკავების დღეს, თავში მიყენებული დაზიანების გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბექაურის განცხადებით, დანაშაულის იარაღი ამოღებული არ არის და საქმეში არც სხვა მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვება. გამსახურდია დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, 27 ოქტომბერს საღამოს, როდესაც "კოლხურ კოშკში" ბრუნდებოდა, უკნიდან უცნობმა პირმა მკვრივი, ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა და არაფერი ახსოვს. ინციდენტიც ამავე დღეს, “კოლხურ კოშკთან” მოხდა. ცოტნე გამსახურდია ეჭვმიტანილია მეზობლის, დავით ბაჯელიძის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრაში. დავით ბაჯელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. ამ ინციდენტამდე ცოტნე გამსახურდიას არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული. იგი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაშია ბრალდებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, სადაც ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირზეა საუბარი.
XS
SM
MD
LG