Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 16 ქართველი გაათავისუფლა


სეპატარისტული ცხინვალის სასამართლოში 16 გრემისხეველის საქმის განხილვა დღე შაუდღეზე დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ქართველებს 1000-1000 რუბლი ჯარიმად დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით შოთა უტიაშვილმა ჯარიმის არსებობა უარყო და თქვა, რომ დაკავებულები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაათავისუფლეს.

ჯერჯერობით უცნობია, გადაიხადეს თუ არა ბრალდებულებმა ჯარიმა. ყველა დეტალი დაკავებულების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.

ერგნეთის საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეების მიერ გრემისხეველების ქართული მხარისთვის გადაცემის შემდეგ მათ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციაში ჩვენების მისაცემად გადაიყვანენ. მოგვიანებით კი გრემისხეველები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან. ოჯახის წევრები მათ დილიდანვე ელოდებიან.

საქართველოს 16 მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა 26 ოქტომბერს დააკავეს და ჯერ ახალგორში, შემდეგი კი ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალის ხელისუფლებამ ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაადანაშაულა.

ცხინვალის ციხეში კიდევ 8 ქართველი რჩება. მათგან 6 კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მკვიდრია და მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა ხე-ტყის კონტრაბანდის ბრალდებაც ჰქონდათ წაყენებული, თუმცა ეს ბრალდება მოგვიანებით მოეხსნათ. კიდევ ორი ქართველი ფრონეს ხეობის მკვიდრია. მათ იარაღის უკანონო გადატანის ბრალდება აქვთ. ქართული მხარე მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს.
XS
SM
MD
LG