Accessibility links

logo-print

ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლთან დაკავშირებით დისკუსიაა


ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში

ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში

ქუთაისში ათამდე მონუმენტური ქანდაკება დგას. მათ შორის, ვისაც სხვადასხვა დროს ქვეყნისა და ქალაქის წინაშე დამსახურებისთვის ძეგლი დაუდგეს, რევოლუციონერი ვასილ კიკვიძეც აღმოჩნდა. წითელი არმიის სარდლის ძეგლი ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ე.წ. ზასტავაზე, უკვე 50 წელია დგას.

კიკვიძის ძეგლის ადგილმდებარეობა საზოგადოების დისკუსიის თემად იქცა. უნდა იდგეს თუ არა რევოლუციონერის მონუმენტური ქანდაკება ქალაქის ცენტრში? - ამ საკითხზე აქტიური მსჯელობისკენ ქუთაისელებს „ახალი გაზეთის“ რედაქციამაც მოუწოდა და მკითხველს აზრის გამოთქმა გაზეთის ბლოგში ურჩია. „ახალი გაზეთის“ რედაქტორის მაია მეცხვარიშვილის განმარტებით, კამპანია იმის გარკვევას ემსახურება, კომუნისტური მემკვიდრეობა მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ოდესღაც სოციალისტური ქვეყნების რიგებში ვიყავით თუ ეს არის ძეგლები, რომელთაც დღემდე ვეთაყვანებით.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უფროსი თაობის ქუთაისელებმა რევოლუციონერი ვასილ კიკვიძის ძეგლის გახსნის ფაქტი გაიხსენეს, მისი გმირობის ამბავი კი - ვერა. წითელი არმიის სარდლის შესახებ საერთოდ არაფერი იციან ახალგაზრდებმა.

ხელოვნებათმცოდნე ელისო ჩოგოვაძე ძეგლის დემონტაჟს მხარს არ უჭერს. „დარგის პოპულარიზაციასაც უნდა შეეწყოს ხელი და მხოლოდ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, რამდენად დადებითი ან უარყოფითი იყო ეს ისტორიული გმირი ჩვენთვის. ამ ლოგიკით, მსოფლიოში შეიძლება ბევრი ძეგლი აიღონ. მოგვწონს თუ არა, ეს არის ჩვენი ისტორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელისო ჩოგოვაძემ.

ქუთაისის მთავრობას ძეგლის გადატანის კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია და ჯერჯერობით არც მოსაზრება გამოუთქვამს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 300 ათასი ლარი გასცა იმ სკვერის რეაბილიტაციისთვის, სადაც ვასილ კიკვიძის ძეგლი დგას. მერიაში ამბობენ, რომ განახლებული სკვერი ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება. ქუთაისელთა ნაწილი ფიქრობს, რომ მეორე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი წითელი არმიის სარდლის ძეგლს ვერ შეითავსებს და მას ხელისუფლება აუცილებლად გადაიტანს.

ვასილ კიკვიძე ქუთაისში დაიბადა. ის, 24 წლის ასაკში, თეთრგვარდიელების წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა. ძეგლი, რომლის ავტორი ვალერიან მიზანდარია, 1959 წელს დაიდგა. ამ მონუმენტის დემონტაჟის იდეა 20 წლის წინაც გაჩნდა, როდესაც ეროვნული მოძრაობის წევრებმა ქუთაისში ლენინის ძეგლი დაამტვრიეს, თუმცა, მაშინ ვასილ კიკვიძის ძეგლი დამსხვრევას გადაურჩა.
XS
SM
MD
LG