Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოსგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობისგან დეკემბრამდე იმ ვალდებულების შესრულებას მოითხოვს, რომელიც იმპორტირებული და ადგილობრივი თამბაქოს პროდუქციის აქციზის გადასახადის გათანაბრებას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ჯარიმები და ორგანიზაციიდან გარიცხვაც კი ემუქრება. არადა, აქციზის გათანაბრების წინააღმდეგ ადგილობრივი მეწარმეები გამოდიან.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ევროკავშირი და ის კომპანიებიც მოითხოვენ, რომლებიც თამბაქოს პროდუქციის იმპორტიორები არიან.

ჩვენ დღეს სხვა გზა იმისა, რომ აქციზი გავათანაბროთ, არ გვაქვს
ამჟამად იმპორტირებული თამბაქოს პროდუქციის აქციზური გადასახადი 60 თეთრს შეადგენს, ადგილობრივ სიგარეტზე კი ეს გადასახადი მხოლოდ 40 თეთრია.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას საქართველომ პირობა დადო, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე ერთნაირი საგადასახადო რეჟიმი დაწესდებოდა. ვალდებულების შესრულების ვადა ერთი თვის შემდეგ იწურება.

ამ ფაქტმა, საქართველოს მთავრობის გარდა, ის ბიზნესმენებიც ააფორიაქა, რომლებიც საქართველოში თამბაქოს პროდუქციას ამზადებენ. მათ შორისაა „საქართველოს თამბაქოს წარმოების“ დირექტორი ზურაბ ბერუაშვილი. მისი განცხადებით, იმპორტირებული და ადგილობრივი სიგარეტის აქციზის გათანაბრება ადგილობრივ პროდუქციას გააძვირებს:

„აქციზის განაკვეთის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს ადგილობრივი პროდუქციის ფასის ზრდას. ეს ასევე გამოიწვევს კონტრაბანდული პროდუქტის შემოდინებას. ჩვენ ვერ გავუწევთ კონკურენციას, გამორიცხულია. ეს გამოიწვევს ადგილობრივი ინდუსტრიის გაჩერებას და უამრავი სამუშაო ადგილის დაკარგვას.“

კეთილი ინებონ ჩვენმა თამბაქოს მწარმოებლებმა ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვან და მას ხალხი შეიძენს
ბერუაშვილის ვარაუდს ეკონომიკის სპეციალისტთა ნაწილი არ იზიარებს. ექსპერტ ნიკო მჭედლიშვილის აზრით, თანაბარი კონკურენტული გარემო ხარისხს გაზრდის, პროდუქციის ღირებულებას კი შეამცირებს. იგი ლუდის მაგალითს იშველიებს:

„გათანაბრება არ მგონია ისე საშიში იყოს, როგორც ამას თვითონ მწარმოებლები წარმოადგენენ. ჩვენ დავინახეთ ადგილობრივი ლუდის მაგალითზე: როდესაც იმპორტულ ლუდზე გვქონდა 100 პროცენტიანი აქციზი, ადგილობრივი ლუდი არ ვარგოდა და, როდესაც დაიწია აქციზმა, ადგილობრივი ლუდის ხარისხიც გაუმჯობესდა. ამიტომ კეთილი ინებონ ჩვენმა თამბაქოს მწარმოებლებმა ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვან და მას ხალხი შეიძენს.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოქმნილ პრობლემაზე საქართველოს მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ და ადგილობრივ თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გადასახადი გათანაბრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გამოაცხადა:

„საქართველოს წინააღმდეგ იჩივლა ‘ბრიტიშ–ამერიკან თობაკომ’, რომელიც გახლავთ მსოფლიოში სიგარეტის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია. გვემუქრება ვმო–ს წევრობის დატოვება, უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა ეს ალბათობაც არსებობს. ასევე ეს ვითარება ჩვენ საგრძნობლად გვიუარესებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია. ჩვენ დღეს სხვა გზა იმისა, რომ აქციზი გავათანაბროთ, არ გვაქვს.“

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თამბაქოს პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლებისათვის დააწესოს დროებითი საბიუჯეტო შეღავათები, რაც მოგების გადასახადის გადავადებას ითვალისწინებს.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველო 9 წლის წინ გაწევრიანდა და ამან ქართულ მეწარმეებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში თანაბარ პირობებში ბიზნესის წარმოწყებისა თუ ქართული პროდქციის ექსპორტირების საშუალება მისცა.
XS
SM
MD
LG