Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება - პოლიტპატიმრებს, სიმართლე - საზოგადოებას


აქცია გლდანის ციხესთან
აქცია გლდანის ციხესთან
30 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ცენტრმა გლდანის ციხესთან აქცია გამართეს. მსგავსი ტიპის აქციები გაიმართა დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. აქციის მთავარი გზავნილი კი ასე ჟღერდა: ”თავისუფლება - პოლიტპატიმრებს, სიმართლე - საზოგადოებას”. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას, ხელისუფლება მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე და მსგავს ფაქტებს უარყოფს.

”თავისუფლება - პოლიტპატიმრებს, სიმართლე -საზოგადოებას” - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ე.წ. პოლიტპატიმრების ახლობლები ხელისუფლებასა და საზოგადოებას უგზავნიან. პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 30 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ცენტრმა გლდანის ციხესთან აქცია გამართეს. მსგავსი ტიპის აქციები იმართება დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2009 წელს შეისწავლა საქართველოში პოლიტიკურ ნიადაგზე ადამიანთა დევნისა და შევიწროების ათეულობით ფაქტი და არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები. როგორც ეფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის კოორდინატორმა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა,

2009 წელს „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ“ შეისწავლა საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ნამდვილად არსებობენ. ანგარიშში მოცემულმა საპილოტო საქმეებმა აჩვენა, თუ როგორ აკავებენ მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს, პოლიტიკური ოპოზიციის დამფინანსებლებს და ოპოზიციასთან დაკავშირებულ ადამიანებს სრულად ან ნაწილობრივ გაყალბებული სასამართლო საქმეების საფუძველზე:

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელის მანანა კობახიძის თქმით, მათ არ აქვთ იმის ილუზია, რომ ერთი აქციით, მიზანს მიაღწევენ, თუმცა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიიქციოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება: საქართველოში დღეს არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და, ამ მხრივ, სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

8 საქმიდან ერთ-ერთი საპილოტე საქმე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ შეისწავლა და ბრალდებულს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, მერაბ რატიშვილის საქმეა. ის 2007 წელს დააკავეს. მისი საქმე ამ ეტაპზე სტრასბურგშია გადაგზავნილი. ოჯახის წევრები რატიშვილის დაკავებას ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას უკავშირებენ. როგორც მისმა მეუღლემ ეკა ჯიხაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების წევრები არასდროს აღიარებენ იმას, რომ მისი მეუღლე პოლიტპატიმარია. მისივე თქმით, სასამართლო და ხელისუფლება ისე აყალბებს საქმეებს, რომ იმასაც კი არ ცდილობენ, ზედმეტ კითხვის ნიშნებს აარიდონ თავი.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ასევე პოლიტპატიმრადაა აღიარებული ნორა კვიციანი, რომლის მიმართ საქმე ერთდროულად რამდენიმე მუხლით აღიძრა. მას ბრალად ედებოდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების

შექმნა, იარაღის უკანონო შენახვა და მისი გამგებლობის დროს სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის - მითვისება. კვიციანი 2006 წელს დააპატიმრეს. დაკავებამდე ის

კოდორის ხეობაში სოფელ აჟარის გამგებელი იყო. არც ის და არც მისი ოჯახის წევრები მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ კვიციანი იმისთვის ისჯება, რომ „ხეობა შეინარჩუნა”. როგორც ნორა კვიციანის შვილმა მაია არღვლიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, არავის არ აინტერესებს, რა სტატუსი მიანიჭა საერთაშორისო ორგანიზაციამ ნორა კვიციანს. მას რეჟიმი გაუმკაცრეს და ქალთა კოლონიიდან საპყრობილეში გადაიყვანეს:

პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის პოლიტიკური გაზვიადების თემა, აღნიშნავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოში მისი მუშაობის პერიოდში არასწორად კეთდებოდა აქცენტები პოლიტიკურ საქმეებზე: ”პოლიტიკური პატიმრების თემა საქართველოში, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური გაზვიადების საკითხი. ამაში ძალიან მყარად ვარ დარწმუნებული და ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მე ვმუშაობდი უზენაეს სასამართლოში, თუ რა ტიპის საქმეებზე იყო ხოლმე აქცენტი გაკეთებული, როგორც პოლიტიკურ საქმეებზე. ამიტომ ეს არის ის თემა, რომელზეც ჩვენ კი ვართ მზად, რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ლაპარაკი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ პოლიტპატიმრების პრობლემას”, - აცხადებს ეკა ტყეშელაშვილი.

სამხრეთკავკასიური ცენტრი ავრცელებს სპეციალურ მიმართვას, სადაც მოუწოდებს

ევროსაბჭოს, ევროკავშირის მისიებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

მოავლინონ თავიანთი მისიები ან წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების საკითხის შესასწავლად, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ადგილობრივი უფლებადამცველების განცხადებებს პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და გამოგზავნონ თავიანთი დამკვირვებლები სასამართლო პროცესებზე.
XS
SM
MD
LG