Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ურთიერთობების ახალი რუკა


ბრიტანეთის საბჭოს კონფერენცია
ბრიტანეთის საბჭოს კონფერენცია
დიდი ბრიტანეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს. ბრიტანეთის საბჭო ქმნის კულტურული ურთიერთობების ახალ რუკას, რომელშიც საქართველო აქტიურად იქნება ჩართული. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა 27 ოქტომბერს „თბილისი მარიოტში“ ერთდღიანი კონფერენცია, რომელსაც ბრიტანეთის საბჭოსა და აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კულტურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კულტურის სფეროსა და დიდი ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, რაც მომავალში ახალი ნაბიჯებისა და ახალი პროექტების განხორცილებას გამოიწვევს, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სარა იუანსი, ბრიტანეთის საბჭოს სტრატეგიის განყოფილების უფროსი:

სარა იუანსი, ბრიტანეთის საბჭოს სტრატეგიის განყოფილების უფროსი
”ჩვენ გვსურს მიმოვიხილოთ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე კულტურული ურთიერთობები და ჩამოვყალიბდეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათი განვითარება და გაღრმავება ისე, რომ ამ ურთიერთობებმა შესამჩნევი სარგებლობა მოუტანოს მომავალში როგორც საქართველოს, ასევე დიდი ბრიტანეთის ხალხებს.”

კონფერენციის ანალიზის შედეგად, შემუშავდება დოკუმენტი, შეიქმნება სტრატეგიული გეგმა, რომელიც ნათელს გახდის, თუ რა საფეხურზე დგანან სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დიდ ბრიტანეთთან კულტურულ ურთიერთობებში და სად სურთ, რომ იყვნენ, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის მოადგილემ მაია ყიფშიძემ.

ახალი რუკა შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კავკასიის კულტურული ურთიერთობები, განაცხადა კონფერენციაზე ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში პოლ დაბლდეიმ. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი შექსპირის ივანე მაჩაბლისეული არაჩვეულებრივი თარგმანია. როგორც პოლ დაბლდეიმ კონფერენციაზე აღნიშნა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის არ გამოიხატება მხოლოდ პოლიტიკაში, დიპლომატიასა და ხელშეკრულებებში, კულტურული გაცვლა-გამოცვლა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნების ურთიერთობებში:

”ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობის საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რადგან, თუკი დიდი ბრიტანეთი თქვენი კულტურის შესახებ მიიღებს ინფორმაციას, ამით ჩვენი კულტურაც გამდიდრდება. კულტურულ ურთიერთობებს შემდგომი მუშაობა და შემდგომი განვითარება სჭირდება.”

ირინე ქურდაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი
საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ირინე ქურდაძე მიიჩნევს, რომ კულტურული ურთიერთობების რუკა საშუალებას მისცემს საქართველოს დიდ ბრიტანეთთან ერთად საინტერესო პროგრამები განახორციელოს.

როდესაც ჩვენ გვეძლევა საშუალება პირდაპირი მონაწილენი გავხდეთ მსგავსი ტიპის განხილვებისა და როდესაც ამ განხილვებს შემდგომ ის ადამიანები აანალიზებენ, რომლებიც კულტურული გაცვლა-გამოცვლის ფილოსოფიას ქმნიან, შედეგი აუცილებლად მიიღწევა, - ამბობს ეკა მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მმართველი.

როგორც კონფერენციის მსვლელობისას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში პოლ დაბლდეიმ აღნიშნა, სამწუხაროდ, ისევ და ისევ შეინიშნება ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში - ჯერ კიდევ არ იცის ბევრმა, თუ სად იმყოფება საქართველო. ის აღნიშნავს, რომ თავად დიდი ბრიტანეთი უნდა შეეცადოს დაანგრიოს ბარიერი და უფრო მეტი შეიტყოს საქართველოს შესახებ. ამ ბარიერის მოხსნის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად კი ის ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლა-გამოცვლას მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე დიდი ბრიტანეთის მხრიდან. აუცილებელია მობილობის, ანუ ორ ქვეყანას შორის მისვლა-მოსვლის, გააქტიურებაც. მისივე თქმით, მყარი კულტურული ურთიერთობები პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ წარმატებასთან:

პოლ დაბლდეი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიაში
”თუკი კულტურის სფეროში დავიწყებთ ინვესტირებას, ეს ძალიან მალე აისახება დადებითად ქვეყნის ეკონომიკაზეც. უნდა მოვნახოთ დაფინანსების გზები განათლებისთვის, მეცნიერებისთვის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ინტელექტუალური ქონების კეთილდღეობა, რადგან ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია ქართველი საზოგადოებისათვის.”

მეცნიერების, კულტურისა და განათლების დაკავშირება - ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელსაც ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს, -აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ფუად სადიხოვი, აზერბაიჯანის ხელოვნების აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები ქვეყნებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო დაახლოვდნენ და კიდევ უფრო მეტი შეიტყონ სხვადასხვა ერის კულტურის შესახებ, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ჯერ კიდევ აწუხებთ ტეროტორიული მთლიანობის პრობლემები და მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები, რთულია კულტურულ ურთიერთობებზე საუბარი:
როგორც ბრიტანეთის საბჭოში აცხადებენ, კონფერენციაზე მიწვეული სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ლიდერები კიდევ უფრო ფართო პერსპექტივაში განიხილავენ რეალურ შესაძლებლობებს, შეეცდებიან გადაიხედოს სათანადო საკანონმდებლო გარემო, დაფინანსების წყაროები და წარმატების კრიტერიუმები.
XS
SM
MD
LG