Accessibility links

logo-print

თბილისის განახლებული ჯაზ-ფესტივალი წარმატებით სრულდება


თბილისის ჯაზ-ფესტივალი 2009

თბილისის ჯაზ-ფესტივალი 2009

ორწლიანი პაუზის შემდეგ, და ისევ კომპანია ”ისთერ პრომოუშენთან” ერთად, თბილისს ჯაზ-ფესტივალი დაუბრუნდა. 27 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება ჯაზის ზეიმი, რომლის პროგრამა სრულიად განსხვავებული სტილისა და მიმართულების მუსიკას მოიცავს.

კურტ ელინგი ყოველთვის თავისებურად ასრულებს ჯაზური მუსიკის შლაგერებს, თუმცა გამორჩეული გემოვნება აქვს, ”გაცვეთილ მელოდიებს” ერიდება. 30 ოქტომბერს თბილისის მე-12 ჯაზ-ფესტივალის მორიგ კონცერტზე ამერიკელი მუსიკოსი, რომლის სტილს შარშან „ნიუ-იორკ ტაიმსმა ”ელეგანტურობა, მოჩვენებითობის გარეშე” უწოდა, ჯონ კოლტრეინის მუსიკას შეასრულებს. ელინგის დისკები მთელ მსოფლიოში კარგად ვრცელდება, მაგრამ მისი თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ამ მომღერალს, რომელსაც შეუძლია სრულიად სერიოზულად მიბაძოს, დავუშვათ, სინატრას, ცოტა ხანში კი სინატრას პაროდია შემოგვთავაზოს, აუცილებლად ცოცხლად უნდა მოუსმინო და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უყურო: ელინგის კონცერტები ხომ დიდი სპექტაკლებია, მუსიკისა და პოეზიის ნაზავი... სპექტაკლი, რომელზეც თუნდაც იმიტომ არ მოგწყინდებათ, რომ მომღერალი მრავალფეროვნებას, უფრო მეტიც, ეკლექტიკას ანიჭებს უპირატესობას.

ეკლექტიკა - ამ სიტყვის კარგი გაგებით ხომ, არსებითად, თბილისის ჯაზ-ფესტივალის სტილია, რომელსაც არც ამჯერად უღალატა „ისთერ პრომოუშენმა“..აშკარაა, რომ ამ პრინციპმა - განსხვავებული ჯაზი განსხვავებული მსმენელისთვის - პირველსავე ფესტივალზე გაამართლა..ამჯერადაც ასე მოხდა. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის პროგრამაში იყო: მარკუს მილერის კონცერტი - მაილს დევისის ალბომის, ”ტუტუს”, წარდგენით; ჯეიმს კარტერის კვინტეტი; ექსპერიმენტული მუსიკის ჯგუფი ”Medeski, Martin and Wood”, ახალი ალბომის პრეზენტაციით... ბილეთები, ჯაზ-ფესტივალზე, ტრადიციულად, ძვირია - 30-დან 120 ლარამდე... დარჩენილ კონცერტებს შორის ყველაზე ძვირია ამერიკული ანსამბლის ” Kool & The Gang” - ის წარმოდგენაზე.. დიახ, წარმოდგენაზე, რადგან, როგორც ამ ანსამბლის თაყვანისმცემლები ამბობენ (90-იან წლებში ეს ჯგუფი განსაკუთრებით პოპულარული იყო საქართველოში), მათ კონცერტებზე (ელინგისა არ იყოს) სცენაზე ნამდვილი სანახაობა გათამაშდება ხოლმე... მუსიკის ენერგეტიკა იმდენად ძლიერია, რომ გამორიცხულია მას არ აჰყვე და დარბაზში ცეკვა არ დაიწყო.

მაშ, ასე. გამოდის, რომ საქართველოში ახლა ორი ჯაზ-ფესტივალი ტარდება - ბათუმსა და თბილისში. ორივე ფესტივალის წარმატება გვაფიქრებინებს, რომ მომავალშიც ასე იქნება. მით უმეტეს, რომ ჩვენი ჯაზ-ფესტივალების თითქმის ყველა სტუმარი აღნიშნავს, რომ ქართველი მსმენელი საოცრად კარგად ერკვევა ჯაზური მუსიკის ნიუანსებში... ამიტომაც სიამოვნებით ჩამოდიან საქართველოში - თუნდაც წელწადში ორჯერ.
XS
SM
MD
LG