Accessibility links

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ახალი საპყრობილე ააშენა და ავარიული შენობების უმეტესობა გაარემონტა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულთა ნაწილს მაინც უმძიმეს პირობებში უწევს სასჯელის მოხდა. არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გამო, ციხეებში კვლავ იღუპებიან ადამიანები.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში 57 პატიმარი გარდაიცვალა. სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის, 63 პროცენტით, პირველ ადგილზე ტუბერკულოზია. ამასთან, პატიმრების უმეტესობა - დაახლოებით, 80 პროცენტი - გარდაცვალებამდე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობდა.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, თითქმის ყველა დაწესებულებაში სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო პუნქტი გაიხსნა, რამაც, თავის მხრივ, მკვეთრად შეცვალა პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა.

“სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ რეფორმის პირველი შედეგები უკვე სახეზეა: 12-ჯერ იკლო სიკვდილიანობამ სასჯელაღსრულების სისტემაში“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
თუმცა, გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციები სამინისტროს მაინც აკრიტიკებენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ირენა გაბუნიას თქმით, შემაშფოთებლად მცირეა მძიმე ან უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმართა ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი: 2005 წელს, მძიმე და უკურნებელი სენის გამო, გათავისუფლდა 47 პატიმარი, 2006 წელს - 29 პატიმარი, 2007 წელს - 25 პატიმარი, 2008 წელს კი - 20.

ამასთან, ირკვევა, რომ მაქსიმალურად შეზღუდულია დაავადებული მსჯავრდებულების სამოქალაქო დაწესებულებებში გადაყვანის შესაძლებლობა. ამის შესახებ ლაპარაკია სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში, რომელიც სულ ახლახან განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის თქმით, სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პატიმრების მხოლოდ 5 პროცენტი მოხვდა.

„ხშირად პატიმარი საავადმყოფოში ბოლო მომენტში გადაჰყავთ, როცა მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა პატიმართა უმეტესობა ციხის სამედიცინო დაწესებულებაშია გარდაცვლილი. მხოლოდ 6 თუ 9 პატიმარი გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარეთ“, უთხრა გიორგი ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა პატიმრები მხოლოდ დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას როდი უჩივიან. ორიოდე დღის წინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ქსნის საპყრობილიდან 62 პატიმრის წერილი მიიღო. ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ხიდაშელის თქმით, პატიმრებს წერილი საპყრობილის ადმინისტრაციის სისასტიკემ და გაუსაძლისმა ყოფითმა პირობებმა დააწერინა:
„პატიმრები გვწერენ, რომ იმყოფებიან სარდაფის ტიპის ოთახებში და პირდაპირ იატაკზე უწევთ წოლა. საკნები გადატვირთულია. ხუთადგილიან საკანში 20 პატიმარი იმყოფება. საშინელი ანტისანიტარიაა. არაა ვენტილაცია და სათანადო განათება.“

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ვითარების შესწავლის მიზნით, საპყრობილეში შესვლის ნებართვას სთხოვს. პასუხად, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დოდო გუგავა ამბობს, რომ საკითხს სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს:

„პატიმართა წერილში მოტანილი არც ერთი ფაქტი შეუსწავლელი არ დარჩება, შედეგებს კი, კანონით დადგენილ ვადაში, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა დოდო გუგავამ.

სამინისტროს გარდა, მეშვიდე საპყრობილეში შექმნილ მდგომარეობას სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფიც სწავლობს, თუმცა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ არანაკლებ რთული ვითარებაა სასჯელაღსრულების სხვა, მოძველებულ, საპყრობილეებში, სადაც ფართოდაა გარცელებული მკბენარი და პატიმრები მუნითა თუ სხვა გადამდები დაავადებებით იტანჯებიან.

„ეს პრობლემები მოძველებულ დაწესებულებებში ისევ არსებობს. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ მიმართა სამინისტროს ამა თუ იმ დაწესებულების დახურვის მოთხოვნით. ინფრასტრუქტურა, გარკვეულწილად, განახლდა ბოლო თვეების განმავლობაში. ახლახან ქუთაისში გაიხსნა გარემონტებული ბლოკი. ლაპარაკია ქსანსა და რუსთავში სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის ახალი შენობების გახსნაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ ძველი, ბინძური დაწესებულებები, რომლებიც რემონტსაც კი არ ექვემდებარება, დროზე იქნეს ლიკვიდირებული და პატიმრები გადაიყვანონ ნორმალურ პირობებში“, უთხრა გიორგი ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG