Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


კვირის დასაწყისში უცხოეთის პრესაში მთავარი თემა იყო ბოსნიელ სერბთა ლიდერის რადოვან კარაჯიჩის სასამართლო პროცესი, რომელიც ჰააგაში დაიწყო. ბრიტანული გაზეთი „ინდეპენდენტი“ წერს: კარაჯიჩის პროცესი იმის შეხსენებაა, რომ წარსულის დავიწყება ყველგან ასე მარტივი არ არის და ხშირად შეუძლებელიც კიაო. მაშინ როცა მისი მეზობელი ხორვატია ევროპის კავშირის წევრი ხდება, ბოსნიის მომავალი კვლავ გაურკვეველია. გაერომ და ევროკავშირმა შეძლეს,ასე ვთქვათ, მოუსვენარი მშვიდობის დამყარება, მაგრამ, შერიგების მხრივ, ნაკლებად მიაღწიეს წინსვლას. ბევრია მოუგვარებელი საკითხი, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთია კარაჯიჩის პროცესი. ამავე თემაზე „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ბოსნიელ სერბთა ლიდერი დღესაც აგრძელებს თავისი მსხვერპლის წამებას. 160-მდე ბოსნიელი მაჰმადიანი ჩავიდა ჰააგაში კარაჯიჩის პროცესის გახსნაზე დასასწრებად, მაგრამ ის პროცესს, უბრალოდ, ბოიკოტს უცხადებს. „ნიუ-ორკ ტაიმსი“ თვლის, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამდენი მტანჯველი წლის შემდეგ, ათასობით მსხვერპლის ახლობელს აქვს შანსი, მართლმსაჯულების მოწმე გახდეს. სასამართლომ კარაჯიჩის უფლებები უნდა დაიცვას, მაგრამ, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ აზრით, არ უნდა მისცეს მას უფლება, გააკონტროლოს პროცესი.

ლონდონში გამომავალი „ტაიმსი“ თვლის, რომ კარაჯიჩი არა მხოლოდ ესწრაფვის მართლმსაჯულება შეარყიოს, არამედ მას დასცინის კიდეც. „ტაიმსის“ თანახმად, დანაშაული, რომელშიც მას ბრალი ედება, და მრავალიცხოვანი მსხვერპლი ფართო მასშტაბის შურისგებას მოითხოვს. „ტაიმსი“ თვლის, რომ სასამართლო კარაჯიჩს არ უნდა აჰყევს და არ უნდა მისცეს მას მეტი დრო მომზადებისათვის.

პრესა წერილებს უძღვნის ევროპის კავშირის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ თავმჯდომარის როლი გაიზრდება - ის 27 სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნება ხოლმე „დიდი რვიანისა“ და „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე. ლონდონის „გარდიანი“ კანდიდატებზე წერს: არის ერთი პიროვნება, რომელიც ამ თანამდებობას მოერგებოდა, თუმცა ჯერ მისი დარწმუნებაა საჭიროო. ესაა მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, გაეროს შუამავალი და შარშანდელი ნობელიანტი მშვიდობის დარგში. აჰტისაარის ამ პოსტისათვის შესაფერი გამოცდილება აქვს, წარმომადგენლობითი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ამ ეტაპზე ფავორიტად ასახელებენ იოშკა ფიშერს, სტრატეგიულად მოაზროვნე გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს. ის შეძლებდა ბრიუსელში მოკამათე მამლაყინწები გონს მოეყვანა და მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო. ამდენად, „აჰტისაარი-ფიშერი“ სასურველი წყვილი იქნებოდა, ასე თვლის ბრიტანეთის „გარდიანი“.

შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ ბირთვულ სფეროში საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის შეთავაზების მიმართ ირანის დამოკიდებულებაზე წერს, რომ თეირანი ძველ თამაშს აგრძელებს. „კი და არა“ - ეს არის მოჩვენებითი პასუხი, რომელსაც ირანი დათქმული ვადის გასვლიდან ერთ კვირაში იძლევა. თეირანის რეჟიმი ამით თავის გამოცდილ ტაქტიკას აგრძელებს და ეგრეთ წოდებულ საერთაშორისო თანამეგობრობას წლების განმავლობაში თავის ნებაზე დაატარებს. ახლა ირანის მიერ წამოყენებული პირობები კვლავ გაჭიანურების მანევრია, თვლის ციურიხის გაზეთი.

„ფაინენშელ ტაიმსის“ ერთი სტატია ეძღვნება ევროკავშირის მცდელობას, დაიყოლიოს ჩეხეთის რესპუბლიკა, ლისაბონის ხელშეკრულება დაამტკიცოს. ბრიუსელში შეხვედრაზე, წერს გაზეთი, ჩეხეთის პრემიერმა, იან ფიშერმა, წევრი სახელმწიფოების ლიდერებს განუცხადა, რომ ვაცლავ კლაუსი, ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს ლისაბონის ხელშეკრულებას, თუკი ჩეხეთი არ იქნება ჩართული „ძირითადი უფლებების ქარტიაში“. გაზეთის თანახმად, ერთმა შვედმა დიპლომატმა თქვა, რომ ლიდერები დათანხმდნენ ამ პირობაზე. მაგრამ „ფაინენშელ ტაიმსის“ ცნობით, ბევრი ლიდერი - მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი “ნიკოლა სარკოზი - უნდობლადაა განწყობილი კლაუსის სიტყვის მიმართ, არ არის დარწმუნებული, რომ მომავალში ის სხვა პირობებს არ წამოაყენებს და ამით კიდევ უფრო არ შეუშლის ხელს ლისაბონის ხელშეკრულების საბოლოოდ მიღებას. სარკოზის სურს, რომ კლაუსმა სისხლით მოაწეროს ხელი დანაპირებს, უთქვამს ერთ დიპლომატს, „ფაინენშელ ტაიმსის“ თანახმად.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG