Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდულამ მოხსნა თავისი კანდიდატურა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან


ავღანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, აბდულა აბდულამ, მოხსნა თავისი კანდიდატურა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან, რომელიც მომავალი შაბათისთვის იყო დანიშნული. ეს განცხადება აბდულამ ქაბულში, მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი ბრბოს წინაშე გააკეთა. თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა იმით ახსნა, რომ მთავრობამ და საარჩევნო კომისიამ არ შეასრულეს მისი მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელი იყო კენჭისყრის სამართლიანად ჩასატარებლად. აბდულას თქმით, არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა, მაგრამ 7 ნოემბერს გამჭვირვალე კენჭისყრის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. აბდულამ საარჩევნო კომისია არაერთხელ დაადანაშაულა 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში. ამრიგად, ქვეყნის მოქმედი ლიდერი ჰამიდ კარზაი მეორე ხუთწლიანი ვადით შეინარჩუნებს პრეზიდენტის თანამდებობას.
XS
SM
MD
LG