Accessibility links

logo-print

კინოფესტივალმა ”ბორბლებზე” თბილისამდე მოაღწია


2007 წელს კინოფესტივალი ”მე, ადამიანი” მარნეულსაც სტუმრობდა

2007 წელს კინოფესტივალი ”მე, ადამიანი” მარნეულსაც სტუმრობდა

სამხრეთ კავკასიის მშვიდობის მესამე კინოფესტივალმა, ფესტივალმა ”ბორბლებზე”, თბილისამდე მოაღწია - სამი დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო მუზეუმში უჩვენებდნენ შერიგების, ადამიანის უფლებების, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემაზე შექმნილ ფილმებს, გადაღებულს ისრაელში, ეგვიპტეში, ხორვატიაში, ჰოლანდიაში, კანადაში... ფილმების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსიები მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების თემაზე, რომელშიც სახელმწიფო მუზეუმის კინოდარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, ჟურნალისტმა ნინო დანელიამ, ფსიქოლოგმა ნინო მახაშვილმა, კონფლიქტოლოგმა მანანა ბუაჩიძემ, პარლამენტარმა შოთა მალაშხიამ - იწყებდნენ ისრაელ-პალესტინის, ყოფილი იუგოსლავიის კონფლიქტებით საუბარს და ასრულებდნენ გასული წლის აგვისტოს მოვლენებით საქართველოში, რაც ბუნებრივია. მშვიდობის ფესტივალი ”მე, ადამიანი” - ოზურგეთში, ქუთაისსა და წყალტუბოში ჩატარების შემდეგ - თბილისში დასრულდება, მისი ორგანიზატორები კი ახლა უკვე მეოთხე ფესტივალისთვის დაიწყებენ მზადებას... ეს უნიკალური სამშვიდობო პროექტი სამხრეთ კავკასიაში და ერთადერთი ასეთი სახის კინოფორუმი მსოფლიოში სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ მაყურებელმა სხვისი ტრაგედია, სხვისი განსაცდელი საკუთარს დაუკავშიროს, შეადაროს.

ვამბობთ, რომ ”უნიკალური კინოფესტივალია”, თუმცა ამ კინოფორუმს, ”მე, ადამიანი”, მაინც ჰყავს უფროსი ძმა - პრაღის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, ”ერთი სამყარო, - ფორუმი, სადაც ადამიანის უფლებებზე გადაღებულ ფილმებს უჩვენებენ... ”მე, ადამიანის” პროგრამის შერჩევა, პირველ რიგში, სწორედ პრაღის ამ კინოფესტივალზე ხდება. თბილისის ფესტივალზე გამართული დისკუსიების მოდერატორმა ნატო ზაზაშვილმა ფესტივალის დახურვის დღეს პრაღის კინოფორუმი გაიხსენა: საოცრად მშურდა პრაღელების, ასეთი ფესტივალი რომ აქვთ, და მშურდა ფესტივალის ორგანიზატორების, როცა დავინახე, როგორი ინტერესით უყურებს ჩეხი ახალგაზრდობა მშვიდობის თემაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებსო, აღნიშნა ნატო ზაზაშვილმა.

დიახ, პრაღაში, რა თქმა უნდა, აღელვებთ ადამიანის უფლებები და ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კვლავაც სისხლი იღვრება. მაგრამ სულ სხვანაირია ომის თემაზე გადაღებული ფილმების ზემოქმედება იქ, სადაც ომის ჭრილობები ჯერ არ მოშუშებულა. ამიტომაც განსაკუთრებით ემოციური იყო დისკუსია, რომელიც ჰოლანდიელი რეჟისორის ფრანს ვარ ერკელის ფილმის, ”დავიწყებული სულების”, დასრულების შემდეგ გაიმართა. სურათი გვიამბობს ბოსნიის ერთი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე, რომლებიც ომის დაწყების დროს სატვირთო მანქანებში ჩასხეს და უნგრეთში გადაიყვანეს. ახლა ისინი დევნილებიც არიან, სამშობლოსგან მოწყვეტილნიც და ომისგან უკვე საბოლოოდ განადგურებულებიც.

არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ წერია, რომ ქართველებმა აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჩაატარეს ეთნოწმენდა
ომისგან მიღებულ ტრავმებზე ბევრი ისაუბრეს პარლამენტარ შოთა მალაშხიასთან ერთად. აქაც ვერ გაექცნენ სტუმარი და აუდიტორია შედარებებს.

ახალგაზრდებმა დისკუსიის დროს არც ქართული მხარის პასუხისმგებლობის თემას აარიდეს თავი: თუკი ვამბობთ, რომ დანაშაული ჩაიდინა ოსურმა მხარემ, აფხაზურმა მხარემ... რატომ გავურბივართ ამ თემას - ქართველების დანაშაულს, მათ შორის, ქართველი სამხედროების დანაშაულს? - ჰკითხეს შოთა მალაშხიას, რომელმაც აუდიტორიის შეკითხვას ასე უპასუხა:

”ომის დროს ყოველთვის ხდება დანაშაული, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს დანაშაული არ უნდა იყოს დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ეთნოწმენდა. არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ წერია, რომ ქართველებმა აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ჩაატარეს ეთნოწმენდა.”

მაგრამ ერთია ხელისუფლების განცხადებები და მეორეა საზოგადოების აქტიურობა. დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის მესამე ფესტივალზე გაიმართა, ახალგაზრდებმა ქართული დოკუმენტური კინოს კრიზისზეც ისაუბრეს: რატომ არ გადაიღო არავინ დოკუმენტური ფილმი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე? და თუ გადაიღო, რატომ არ აღმოჩნდა ეს სურათი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს კულტურაში, რატომ უნდა ვიცხოვროთ ახლა ჰოლივუდის იმედით? - იკითხეს ახალგაზრდებმა.

საქართველოში მოდის ახალი თაობა, რომელსაც თითქმის აღარაფერი აკავშირებს აფხაზეთთან, მშობლების ნაამბობის გარდა... ასევეა აფხაზეთშიც. კარგია ეს თუ ცუდი კონფლიქტის გადაწყვეტისთვის? უფრო ვემიჯნებით ამით ერთმანეთს ქართველები და აფხაზები, თუ პირიქით, ჩნდება შანსი დავივიწყოთ წარსული და ახალი ურთიერთობა დავიწყოთ? ამ კითხვებს დისკუსიაზე ახალგაზრდები უკვე ერთმანეთს უსვამდნენ.

მშვიდობის მესამე ფესტივალი, ”მე, ადამიანი”, დასრულდა... განსხვავებით შარშანდელი ფესტივალისგან, თბილისში სამივე დღეს სურათების ჩვენება და დისკუსია ხალხით გაჭედილ დარბაზში ჩატარდა...რაც არა მარტო იმას ნიშნავს, რომ ფესტივალის ორგანიზატორმა, ანა მარგველაშვილმა, ჩინებულად იმუშავა, არამედ იმასაც, რომ შარშანდლის შემდეგ მშვიდობისა და ადამიანის უფლებების იდეა კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოში.
XS
SM
MD
LG