Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ხაჩიძე - პოლიტიკოსი


4 ოქტომბერი, კვირა
დღიურის წერის შემოთავაზებამ გარკვეული სიამოვნება მომგვარა, მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა, მივხვდი, არ იყო ადვილი.
რამდენი ხანია, ასეთი რამ აღარ გამიკეთებია. ბოლოს დღიურებს არტეკში ვწერდი, ისიც დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით. ბუნებრივად გამახსენდა ის ხელოვნური დღიური და ფრაზა, რომლითაც ერთ-ერთი დილა აღვწერე, უფრო სწორად, ეს ფრაზა დღიურის გადათეთრებისას (და დღიური რომ გადავათეთრე?! :-)), რომელიღაც ქართველი მწერლის რომელიღაც ნაწარმოებიდან მოვიპარე...
ასე ჟღერდა:
„გათენდა, მთელი ცა ძირისძირობამდე ისე იყო მოწმენდილ-მოკრიალებული, რომ ღრუბლის პატარა ნაგლეჯიც კი არსად ჩანდა...“
თავისუფლების დღიურები - გიორგი ხაჩიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:09:53 0:00
კვირა დილით 8 საათზე რომ ადგები, როგორ პათეტიკურადაც უნდა გამოიყურებოდეს ცა, მაინც ძნელია კარგ ხასიათზე ყოფნა.
დავადექი თელავის გზას. სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად რთველში მივდივარ, კახეთს უნდა დავეხმაროთ, ვაზი გადავარჩინოთ...
ამ დეკლარირებულ პათოსს პირველი ბზარი მაშინ შეეპარა, როდესაც მოსაკრეფ-გასაყიდი ყურძენი ძლივს ვიშოვეთ, ხოლო საბოლოოდ მაშინ გაქრა, როდესაც ვენახის მეპატრონემ კინაღამ შეთანხმებული პირობა დაგვირღვია, უფრო ძვირის გადამხდელი კლიენტი გამოჩნდა და იმას უნდა მივყიდოო... ვეხვეწეთ, შენი ჭირიმე, კარგ ფასზე შევთანხმდით, ნუ დაგვიტოვებ თანამშრომლებს სტუმრის დასახვედრი ღვინის გარეშე, ერთი ოც ტონამდე ყურძენი მოგვყიდე და შენს პირად სადღეგრძელოს დავლევთ ყველა სუფრაზეო.
აჯუჯღუნებულ კახელს გული მოულბა და ეს უკვე მეორედ დაგვთანხმდა 53 თეთრის ნაცვლად 50 თეთრად მოეყიდა ერთი კილო ყურძენი. :-)
აქედან დასკვნა: რთველი 2009 მშვენივრად მიმდინარეობს და წელს კახელი გლეხი აქეთ დაგვეხმარება, თუ დაგვჭირდა. ნეტავ ყოველ წელს ასე იყოს და მე საერთოდ არ ჩავალ რთველზე. თან, არც ისეთი მეგობრები მყავს, თითო მოსვლაზე თითო ოციანი რომ სჭირდებოდეთ. აქვე ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი მეგობრებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან...
კვირის სინდრომმა, რაც ჩემთვის იმაში გამოიხატება, რომ ხვალ ორშაბათია და ახალი სამუშაო კვირა იწყება, მაიძულა ეგრეთ წოდებული მეორე განყოფილება, ანუ სუფრა, მალე დამეტოვებინა და თბილისში დაბნელებამდე დავბრუნებულიყავი.
გზაში ათას რამეზე ვფიქრობ, თან ამ დღიურს ვწერ...
შემოდგომაა, ისე აღარ ცხელა, მაგრამ წელს ზემოთ ტიტველი კაცები გზის პირებზე მაინც დგანან, არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, დგანან და სუნთქავენ. თან, ალბათ, მძიმედ...
აი, ვიღაც უცნაური ხალხი ფეხბურთს თამაშობს...
მახსოვს, ჩემს სოფელში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო მატჩი იყო: ცოლიანები უცოლოების წინააღმდეგ. რა მაგარი დაყოფაა! ალბათ იგულისხმებოდა: გამოცდილება - სუბლიმაციის წინააღმდეგ. შედეგიც ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო - ხან ერთი იმარჯვებდა, ხან მეორე...
არ ვიცი, არ ვიცი... კარგი საყურებელი და გასართობი კი იყო.
აი, ის მართლა აღარ მახსოვს, ცოლს გაშორებულები რომელ გუნდში თამაშობდნენ...

5 ოქტომბერი, ორშაბათი
იმისთვის, რომ ეს დღიური გარემოს დაცვის სამინისტროზე მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტებს არ დაემსგავსოს, გადავწყვიტე, იმაზე ვწერო, რაც არ ჩანს და არ ისმინება...
აბა, სად გინახავთ, როგორ დგება ორშაბათს დილით დაღლილი მინისტრი? როგორ იცვამს და მიდის სამსახურში, როგორი დაღლილია და როგორი მიდის? არადა, რა ადვილია ამ ყველაფრის სხვანაირად აღწერა! გაკეთება არა, მხოლოდ აღწერა. გაკეთება ძნელია...
ა, ბატონო, ინებეთ: თქვენს წინაშეა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე!
დილით ადრე გამეღვიძა, საათი შვიდს აჩვენებდა. ვარჯიში საწოლშივე დავიწყე. გული გამალებით მიცემდა, ახალი სამუშაო კვირა დაიწყო.
ღმერთო ჩემო, რა კარგია, რომ ამდენი საქმე მაქვს! ალბათ, რა მოსაწყენია შვეიცარიის გარემოს დაცვის მინისტრობა. ის ხომ რეალურად ვერც კი წარმოიდგენს, რა ხდება აქ? :-) ვერ გაამტყუნებ - როგორი წარმოსადგენია?! სადმე, ბუნების წიაღში გაშენებული რესტორანი, რესტორნის ეზოში ჩადგმული გალია, გალიაში კი ღვინით, არყით და სუფთა, მაგრამ ცოტა სომხური კონიაკით, ძალიან მთვრალი დათვი. ძალიან მთვრალი დათვი, რომელიც ცდილობს, იცეკვოს და რცხვენია. ძალიან მთვრალი კი მხოლოდ იმიტომაა, რომ სასმელი აურია...
რა უნდა უთხრა რესტორნის მეპატრონეს? ან როგორ უნდა გააშვებინო ეს გალოთებული დათვი ტყეში? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვა დათვებს ხომ გაალოთებს?
ლოთი დათვი, როგორც ჩანს, ქვეყნის მუდმივი პრობლემაა, შიგნით თუ გარეთ.
წარმოვიდგინე, რა ლანძღვა-თათხვის კორიანტელი შეიძლება დააყენოს რომელიმე, ასე ვთქვათ, არანიჭიერმა ჟურნალისტმა ამ სათაურის მქონე სტატიაში: „ორშაბათს დილით... უკვე დაღლილი მინისტრი!“
ერთი სიტყვით, ორშაბათს დილით ავდექი. :-) ხოლო რაც შეეხება დაღლილობას, ვცდილობ, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. ჯერ არ მაქვს მაგის ფუფუნება და აქვე თავში აზრად მომდის კითხვა, რომელიც სავსეა იმუნიტეტით: უკაცრავად, მაგრამ ვინ არის დასვენებული? რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოხელეებს ვგულისხმობ. არავინ! ჰოდა, მეც დაღლილი ვარ. :-)
ის, რომ ბევრს ვშრომობ, ვიღაცისთვის წარმოუდგენელია, ვიღაცისთვის მისაღები, ვიღაცისთვის - აუცილებელი. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა და ა.შ...
ჩემთვის კი ეს, უბრალოდ, ფაქტია: ბევრს ვშრომობ და ვიღლები. ისე, როგორც ყველა, ვინც შრომობს.
ამ დღიურსაც კი მაშინ ვწერ, როცა დაღლილი ვარ. :-)
ძილის დროა.
და რა გამოვიდა? დილით ავდექი და ღამით დავწექი?
მაინც ვერ გავუძელი ცდუნებას და დავწერე...
როგორც იტყვიან: „ორშაბათი მძიმე დღეა!“ :-)

6 ოქტომბერი სამშაბათი
სამშაბათი მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა. ახალი იდეა ითქვა, იდეა, რომელიც მთელ ქვეყანას ეხება და ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა.
რა საინტერესოა, სულ რამდენი კომპეტენტური ადამიანი იმსჯელებს ამ ყველაფერზე ქვეყნის შიგნით?
წარმოვიდგინე, როგორ დაიწყებს რადიკალური ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი თავის გამოსვლას სიტყვებით: „მეგობრებო, ხელისუფლება აგონიაშია!“
არადა, პრეზიდენტის გამოსვლაში, ყველაფერთან ერთად, ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო: ჩემი თუ არ გჯერათ, ილიას მაინც დაუჯერეთ, ისიც თითქმის იმავეს ამბობდაო...
მე მგონი, ვიღაც-ვიღაცებს არც ილიასი სჯერათ. :-)
მახსოვს, ნიკა ქავთარაძე იყო ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის სტუმარი. სტუდიაში დამსწრე მაყურებლების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში აღშფოთებას ვერ მალავდა: შენ თუ ნაღდი ქართველი კაცი ხარ, ბლანჟე რატომ გაქვსო? ნიკას ერთ-ერთი თავის მართლება იყო: ილიასაც ხომ ჰქონდა ბლანჟეო?! აქ კი მოხერხებულმა მაყურებელმა მეტად საეჭვო კითხვა დასვა: შენ რა, ილიას ადარებ თავსო?!..
ამას ჰქვია შარი! წახვალ გადაცემაში სალაპარაკოდ და შეიძლება რამდენიმე ნაბიჯში აღმოჩნდე ანათემისგან... თუ ანათემასთან?
დიახ, დღეს სამშაბათია, 6 ოქტომბერი. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ უამრავი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.
შესაბამისი ამბები ხდება გარემოს დაცვის სამინისტროშიც.
მე კი ვცდილობ, ამ ყველაფერს რაღაცნაირად გვერდი ავუარო, დღიურის წერის დროს მაინც...
ვუყურებ ფილმს და ჩამეძინება. რაღაც უნიჭო ფანტასტიკაა, მეზობლისგან ნასესხები ფულით რომ გადაიღებდა კაცი, ისეთი. ფილმი იმაზეა, როგორ მოიპოვეს კომპიუტერებმა ძალაუფლება დედამიწაზე.
ისე, ზოგადად, ძალიან მაგარი ამბავია: ადამიანებმა მოვიფიქრეთ ის, რაც უნდა მოიფიქრონ კომპიუტერებმა და ახლა იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ მოვაფიქროთ.
საინტერესოა, რა გამოვა...

7 ოქტომბერი, ოთხშაბათი
იმდენი ამერიკული გემი შემოდის, მოცეკვავეები ცეკვას ვეღარ აუდიანო, იხუმრეს ცოტა ხნის წინ ბათუმში.
სამინისტროშიც იმდენი უცხოური დელეგაციაა, მიღებას ვერ ავუდივარ! ამერიკელები, ევროპელები, იაპონელები... ერთი ინსტიტუციურ განვითარებაში გვეხმარება, მეორე ნარჩენების მართვით არის დაინტერესებული, მესამე – კლიმატის ცვლილებით, მეოთხე – მზის ბატარეების სისტემას გვიმონტაჟებს...
არა, ეს ყველაფერი კარგია. კარგი კი არა, ძალიან კარგია, მაგრამ... ჩვენ როდის განვახორციელებთ პროექტებს სხვა ქვეყნებში?
ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, ჩვენც გავხდებით დონორები და ნახეთ მერე, რა კომპეტენტურები ვიქნებით! ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩადიხარ რომელიმე შენზე განუვითარებელ ქვეყანაში, ჩაგაქვს კონკრეტული ფინანსები, მიდიხარ იქ, სადაც უნდა მიხვიდე, ხვდები უფროსს და თბილი ხმით ეუბნები: „აბა, გააღეთ პირი და თქვით, აააააა...“ მინიმუმ, საინტერესო მაინცაა.
სხვა რა?
შეხვედრები, თათბირები, გადაწყვეტილებები, განხორციელებადი და განუხორციელებელი იდეები, ურთიერთობები კოლეგებთან, საზოგადოებასთან, პრესასთან... ზოგი ასეთია, ზოგი - ისეთი. ყველაფრის გათვალისწინება მიწევს. და, რაღა თქმა უნდა, პირადი ცხოვრება, რომელიც ჩემთვის იმდენად პირადი აღმოჩნდა, რომ ადგილი ვერ ვუპოვე ამ საზოგადო დღიურში...
ფიქრი და ზრუნვა ძვირფას ადამიანებზე. ჩავთვალოთ, რომ დღიურისთვის ესეც საკმარისია.
იმდენი რამ ხდება, ისეთი ტემპით, კარგი და ცუდი... ნამდვილი კალეიდოსკოპია!
არც კი ვიცი... დეტალებში რომ წავიდე, დრო არ მყოფნის. სიტყვაზე უნდა მენდოთ.
„პატიოსანი კაცის სიტყვა“ – ასეთი სათაური ჰქონდა ჩემს საარჩევნო ბუკლეტს 2003 წელს. :-) მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ სიტყვაზე მაინც უნდა მენდოთ. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია.
დღეს ჩვეულებრივი ოთხშაბათია. ან არაჩვეულებრივი.
ასეც შეიძლება ითქვას და ისეც...

8 ოქტომბერი, ხუთშაბათი
უფრო სწორად, შაბათს გახსენებული ხუთშაბათი...
ხუთშაბათს ვიყავი ხონში, ჩოხატაურში და ოზურგეთში (წარმომიდგენია, რა გაურკვეველი მარშრუტია ნებისმიერი, დავუშვათ, არგენტინელისთვის :-)).
ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი კეთილშობილი ფუნქცია ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებაა.
კარგი საქმეა. ერთი რომ, რაღაცას აშენებ და მეორე: სადაც აშენებ, ყველა ბედნიერია. ცუდი ის არის, რომ სადაც ვერ აშენებ, ხშირად იქაც მიდიხარ... :-)
ბოლოდან დავიწყებ.
ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, ბეტონის 1600-მეტრიანი ჯებირის მშენებლობა მოვინახულე. მალე დასრულდება.
თუ მაინცდამაინც, რაღაც ფილოსოფიური მოსაზრებების გამო, ზოგადად, ბეტონის ჯებირების წინააღმდეგი ხარ, გასაგებია, თორემ ისე, ნამდვილად კარგი საქმეა. რამდენიმე ათეული წლის მანძილზე წყალდიდობა აღარ შეაწუხებს ბევრ კონკრეტულ ადამიანს.
ჩოხატაურში ცენტრალურ სტადიონს წყალი აღარ წაიღებს და, შესაბამისად, წყალწაღებულიც აღარ გახდება. :-)
რაც შეეხება ვანს, უფრო კონკრეტულად, სოფელ ჭყვიშს, ამ ეპიზოდის მოყოლას სპეციალურად ამოწერილი ნაწყვეტით დავიწყებ:

„ნაპირს მიაწყდა კაცი და ქალი,
არა სურთ დაცდა, მატულობს წყალი...
...ახლა, ამ დაბლობს ახრჩობს ხველება,
მწუხარედ ამბობს, რა გვეშველება?!
ეჰა, ინება წყალთა დინებამ
აბიბინება და გაძნელება.“

ასე აღწერდა გალაკტიონი წყალდიდობას, რომელიც მის ეზოში ხშირად ხდებოდა და განადგურებით ემუქრებოდა ხის პატარა სახლს, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
ასეთი რამ აღარ მოხდება - გრანიტის გარანტიას იძლევა საკმაოდ დიდი ნაპირსამაგრი მშენებლობა, პირდაპირი და ირიბი გაგებით.
როგორ შეიძლება, არ იყო კმაყოფილი!
წარმოიდგინეთ: უზარმაზარი მწვანე ეზო, ეზოში კი, ერთმანეთის მოშორებით, გალაკტიონის და ტიციან ტაბიძის სახლები...
ნაპირსამაგრი, რომელიც იცავს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას.
ბედნიერი ბაბუა იყო, ალბათ, სტეფანე ტაბიძე, ასეთი შვილიშვილები რომ ჰყავდა: გალაკტიონი და ტიციანი. თუმცა, იმას კი ვერ წარმოიდგენდა, რომ წყალდიდობის პრობლემა მის საკარმიდამოში 2009 წლის შემოდგომამდე ვერ მოგვარდებოდა.
ხუთშაბათს ბევრი ვიარე: თბილისი, ვანი, ჩოხატაური, ოზურგეთი და ისევ თბილისი. ავტობანი თანდათან იზრდება, ჩნდება ახალი, თანამედროვე მაჩვენებლები, სურამში ისევ იქნევენ ნაზუქებს, ხაშურში კიდევ ბევრი ჰამაკია გასაყიდი, გორში – ბევრი ხილი, იგოეთში ისევ ყრიან ხურდა ფულს და იქვე, შორიახლოს, ისევ იყიდება მანქანაზე შემოსკუპებული, არც მთლად უჯიშო ლეკვები.

9 ოქტომბერი, პარასკევი
შაბათს გახსენებული პარასკევი მაინც სულ სხვაა, უფრო მოკლე და კონკრეტული. დაახლოებით ასეთი:
დილით აქცია გაიმართა უნივერსიტეტთან.
„გონივრულად გარემოსთან” – მოუწოდებდნენ თბილისელ მძღოლებს „მწვანე კლუბის“ წევრები.
შუადღით მთავრობის სხდომა ჩატარდა. აქ, თქვენც კარგად ხვდებით, რომ არავინ დაგიტოვებს ახალ ამბავს, თანაც ისეთს, შაბათს ღამით გასახსენებლად რომ ღირდეს. სხდომის დამთავრების შემდეგ სამინისტროში დავბრუნდი და ერთი კვირის დაგროვებული ფოსტა განვიხილე. საღამოს 8 საათზე კი რადიო „იმედში“ ჩემი საავტორო ყოველკვირეული გადაცემა დროულად დავიწყე და დავასრულე.

10 ოქტომბერი, შაბათი
შაბათს აღწერილი შაბათი...
ასპინძაში, სოფელ რუსთავში, „შოთაობის“ აღდგენა ქ-ნი სანდრას ინიციატივა იყო. მაშინ გუბერნატორი ვიყავი სამცხე-ჯავახეთში.
2008 წელს აღდგენილმა ზეიმმა ისე კარგად ჩაიარა, რომ იქვე გადაწყდა, ყოველ წელს გამართულიყო. ასე რომ, წელს მეორე „შოთაობა“ ჩატარდა, აღდგენილ ფორმატში და მე, როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, დავესწარი.
ტრადიციული სახალხო ზეიმი, ტრადიციული გაგებით. ბევრი სტუმარი, უფრო მეტი მასპინძელი, მუსიკა, ცეკვა, გამოფენა-გაყიდვა, დაჯილდოება, ჭიდაობა, დოღი, საჭმელი და სასმელი... ოღონდ, ეს ყველაფერი რაღაცნაირად „ვეფხისტყაოსნით“ შეზავებული.
მახსოვს, შარშან ქალბატონმა სანდრამ ანა კალანდაძის ლექსი წაიკითხა, წელს გასაგები მიზეზების გამო - ოთარ ჭილაძის. კონცერტის შემდეგ ყველაფერი გულდასმით დაათვალიერა, გამოფენაზე რაღაც შეიძინა, ბავშვებს სუვენირები დაურიგა, მოჭიდავეს გამარჯვება მიულოცა: მაგარი „სუფთა“ იყოო, ყველა თბილად და შინაარსიანად მოიკითხა...
ყველას მოსწონს ჩვენი პირველი ლედი - მომხიბვლელი, უშუალო, იმედიანი და გულისხმიერი...
გილოცავთ „შოთაობას“!
ეს კვირაც დასრულდა, ჩვეულებრივი კვირა – არაჩვეულებრივ ქვეყანაში.
დღიურის წერის შემოთავაზებამ გარკვეული სიამოვნება კი მომგვარა, მაგრამ, როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა, მივხვდი, არ იყო ადვილი.
რადიო „თავისუფლებისთვის“, თავისუფალი ადამიანის სახელით, გოგა ხაჩიძე.
XS
SM
MD
LG