Accessibility links

logo-print

ქართველების გატაცების კვირა

  • ნიკო ნერგაძე

რუსეთის სამხედროების მიერ მოწყობილი საზღვარი შიდა ქართლის რეგიონში

რუსეთის სამხედროების მიერ მოწყობილი საზღვარი შიდა ქართლის რეგიონში

ორშაბათს შუადღეზე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია 16 ქართველის დაკავების შესახებ. ამ დროისთვის ინფორმაცია უკვე დადასტურებული ჰქონდა ქართულ მხარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, დამკავებელთა წარმომავლობაც დააზუსტა - რუსი ოკუპანტები.

მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ქართველების დაკავების ადგილზე ევროკავშირის დამკვირვებლებიც იყვნენ მისულები და დააფიქსირეს, რომ 16 ადამიანი რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.”რუსები დუშეთის რაიონში იყვნენ გადმოსულები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციული საზღვარიც კი არ გადაუკვეთიათო”, - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

ორშაბათსვე რუსმა ჯარისკაცებმა კიდევ ხუთი ქართველი, ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მცხოვრები ნათესავები - ხარაზიშვილები და ჯეირანაშვილები, დააკავეს. თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა.

დაკავებული ქართველების ბედზე მსჯელობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ ოტიაშვილის განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამხარეო სტრუქტურები იყვნენ ჩართულნი. იყო მცდელობა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის საგანგებო სხდომა გამართულიყო, მაგრამ ოსურმა მხარემ შეხვედრა არ ისურვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოხატავს რუსი მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციულ საზღვართან 16 ქართველის დაკავების გამო. ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია მიიჩნევს, რომ 16 ადამიანის დაკავება სერიოზულ გავლენას ახდენს სოფელ გრემისხევის ყოველდღიურ ცხოვრებაზე - ეს ინციდენტი იმ სერიოზულ პრობლემას ასახავს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოსახლეობის საქმიანობას ექმნება და რომელიც, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

სამი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა, რომ რუსები ქართველების გათავისუფლებას რამდენიმე საათში აპირებდნენ. მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ოთხშაბათ საღამოს ელოდა ცნობას დაკავებულების გათავისუფლების შესახებ, თუმცა ამოდ. მეორე დღეს კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ახალგორიდან ცხინვალში გადაჰყავდათ, სადაც მათი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ხუთი ჭვრინისელი ხუთშაბათ საღამოს, 16 ქართველი კი პარასკევს შუადღეზე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალის სასამართლომ ქართველებს ჯარიმა დააკისრა და პატიმრობიდან ისე გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით მან ჯარიმის არსებობა უარყო და თქვა, რომ დაკავებულები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაათავისუფლეს.

ამ კვირას აქტუალური იყო პანკისის ხეობის საკითხიც. საპარლამენტო ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა მოსკოველი ჩინოვნიკების ბრალდებებზე, თითქოს პანკისში ქართველები ალ–ყაიდის მებრძოლებს ამზადებდნენ. ქრისტიან-დემოკრატები, ხეობაში არსებული ვითარების შესასწავლად, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ლალიაშვილმა, გააკეთა.

მონიტორინგის ჯგუფში პანკისში ვიზიტამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან არსებულმა „ნდობის ჯგუფმა“ საქართველოს საგარეო დაზვერვის, სასაზღვრო და ანტიტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელებს ის კითხვები დაუსვა, რომლებიც რუსი ჩინოვნიკების განცხადებების შემდეგ გაჩნდა. ამ კითხვებზე პასუხები შეხვედრის დასრულების შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა მაისურაძემ შეაჯამა. მან თქვა, რომ პანკისში ტერორიზმის საფრთხე არ იყო.

ზაზა მაისურაძის ეს პოზიცია, სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში გაიზიარეს ხელისუფლების წარომადგენლებმაც, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამაც და ექსპერტებმაც. ყველა თანხმდებოდა: პანკისის ხეობაში ალ-ყაიდის კვალი არ არის. სიმშვიდე დახვდათ პანკისის რაიონის სოფლებში მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებსაც - მათი თქმით, მოსახლეობას საეჭვო არაფერი უნახავს და არც არაფერი სმენია; მით უმეტეს, არასოდეს შეუნიშნავთ ტერორისტები და იქაურებს ასეთი რამ ვერც კი წარმოუდგენიათ.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი წინასწარ იყო ცნობილი, ქსპერტები სავსებით ამართლებენ იმას, რომ საქართველომ უყურადღებოდ არ დატოვა რუსეთის ბრალდება საქართველოს სპეცსამსახურების ტერორისტებთან თანამშრომლობის შესახებ და პანკისში ვითარების გასაცნობად უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები მიიწვია. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რუსებს პანკისის ხეობა შემთხვევით არ გახსენებიათ.

კვირის ბოლოს საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი გამოძიება დაიწყო კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა ის ორი პირი, რომლებმაც ვიდეორგოლების დამზადებასა და განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება მათ ვინაობას არ ასახელებს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი. ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები - ვიდეოფაილები და კომპიუტერები. ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიკითხა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი თეა თუთბერიძეც.

ადვოკატ მანანა კობახიძის ვარაუდით, საქმეს, შესაძლოა, რელიგიური ღირსების შეურაცხყოფის კვალიფიკაცია მიენიჭოს. მისი თქმით, ვიდეორგოლის დამზადება დანაშაული არ არის, მაგრამ თუ ის მიმართულია ადამიანების რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევისკენ, შესაძლოა, ამ კუთხით საქმე აღიძრას.

დაბოლოს, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი დააკავეს. ისინი შემოვლითი გზით ზუგდიდის რაიონში თხილის გადმოტანას ცდილობდნენ. სააგენტო „ინტერპრესნიუზის“ ცნობით, ქართველები სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილი. სავარაუდოდ, მათ ბრალს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წაუყენებენ.
XS
SM
MD
LG