Accessibility links

logo-print

ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასახადი წესდება?


ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი

ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაცია ნოემბრიდან ე.წ. საზღვარზე გადასვლის რეჟიმის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

ოსური ადმინისტრაციის მეთაურის, ალან ჯუსოევის აზრით, საზღვარზე გადამსვლელთათვის კვოტა და გადასახადი უნდა დაწესდეს. გარდა ამისა, ქართული მხრიდან ახალგორის დენით და ბუნებრივი აირით არასრულფასოვანი მომარაგების გამო, ჯუსოევი ქართული სოფლებისთვის წყლის შეწყვეტის ინიციატივითაც გამოვიდა.

ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარის, ავთანდილ ყოჩიშვილის განცხადებით, ჯუსოევის ინიციატივა, როგორც ქართული, ისე ოსური მოსახლეობისთვის მიუღებელია. მისი თქმით, დე ფაქტო ადმინისტრაციის მეთაურის ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც ახალგორის, ისე ცხინვალის პოლიტიკურ წრეებშიც.

ოქტომბრის დასაწყისში, როგორც რუსული, ისე ქართული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნოემბრიდან რუსი მესაზღვრეები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავდნენ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრისას ქართულმა დელეგაციამ რუსული მხარისგან მიიღო სიტყვიერი დაპირება, რომ საზღვარი არ ჩაიკეტებოდა. მიუხედავად ამისა, ახალგორის დეფაქტო ადმინისტრაციაში საზღვარზე მიმოსვლის რეჟიმის შეცვლის სხვადასხვა ვარიანტები მაინც მუშავდება.

მიუხედავად ამისა, ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსახლეობის მიმოსვლა არ შეწყვეტილა. შეზღუდვა მხოლოდ ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 22 მოსწავლეს შეეხო კვირას. როგორც რადიო თავისუფლებას ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ყოჩიშვილმა აცნობა, მოსწავლეები თბილისისკენ ახალგორის ოსური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ბარათაშვილის მითითებით არ გაატარეს.

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების მიერ შექმნილი კოსტიუმების ჩვენება თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გუშინ უნდა გამართულიყო.
XS
SM
MD
LG