Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიური უბედურება კახეთში


კოკისპირული წვიმა კახეთში
კოკისპირული წვიმა კახეთში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმს, თუმცა უკანასკნელი ორი-სამი დღის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნალექი კახეთში მოვიდა. მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა და კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა ლაგოდეხის, ახმეტისა და ყვარლის რაიონებში მწყობრიდან გამოიყვანა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დატბორა ასობით ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი, დახოცა პირუტყვი, რამდენიმე ოჯახი კი უსახლკაროდ დატოვა.

კაბალი, მშრალ ამინდში, საშუალოზე მცირე ზომის მდინარედ ითვლება, თუმცა, მთაში მოსული წვიმის შედეგად, ეს ერთი შეხედვით უწყინარი მდინარე საშინელ დამანგრეველ ძალას იძენს. ორ-სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე კაბალმა სახნავ-სათესი მიწის სამასი ჰექტარი დატბორა. კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯემალ ნიაზოვის თქმით, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ყველაზე მეტად მაინც სოფელი უზუნთალა დააზარალა.

“90-მდე ოჯახი დატბორილი, 2 სახლი კი დანგრეულია. პირუტყვი, ფრინველი, ზამთრის მარაგი - შეშა, ფქვილი - სულ წყალმა წაიღო“, უთხრა ჯემალ ნიაზოვმა რადიო თავისუფლებას.

ლაგოდეხში სტიქიის ამგვარ გამძვინვარებას ლოგიკურ ახსნას უძებნის გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯემალ დოლიძე, რომლის თქმითაც, ლაგოდეხში წყალდილობისას 30 მილიმეტრი ნალექი, მთაში კი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი ნალექი მოვიდა, რამაც, საბოლოო ჯამში, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.
ლაგოდეხის მსგავსად, რთული მდგომარეობაა ახმეტაშიც. რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის თქმით, ილტოს ხეობაში მდინარემ მთლიანად წაიღო გზა და რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს მოსწყვიტა:
„ილტოს ხეობის მოწყვეტილ ექვს სოფელთან მოვახერხეთ საავტომობილო კავშირის აღდგენა. ქალაქ ახმეტის წყლის სათავე ნაგებობას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, მაგრამ როგორც კი წყლის დონე დაიკლებს, მაშინვე დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს.“

კობა მაისურაძის თქმით, ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენასთან ერთად მოხერხდა ერთ-ერთ ფერმაში ჩარჩენილი ოჯახის - მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის - უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. ძლიერ წვიმასა და მთაში მოსულ ნალექს უკვალოდ არც ყვარლის რაიონისთვის ჩაუვლია. მდინარე დურუჯმა ქალაქ ყვარელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სამრეწველო ობიექტი დატბორა. ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, ყვარელში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გეგელაშვილი ჩავიდა.

ვლადიმერ გეგელაშვილი: „არსებობენ მდინარეები, რომლებსაც ვერანაირი ჰიდროტექნიკური ნაგებობით ვერ შემოზღუდავ. ამ შემთხვევაში ერთადერთი პრევენცია არის ის, რომ უშუალოდ დასახლებულ პუნქტებთან გააკეთო ტექნიკური ნაგებობები. შარშან ასეთი სამუშაო შევასრულეთ მდინარე დურუჯზე, ყვარლის თავზე, და რეალურად წლევანდელი ადიდებაც, რომელსაც ერთი თვის წინ ჰქონდა ადგილი, საბოლოო ჯამში, ნაკლები ზარალის მომტანი იყო.“
ვლადიმერ გეგელაშვილის თქმით, რომ არა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ზარალი უფრო დიდი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც კახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, ზარალის რეალური მოცულობის განსაზღვრა, ვიდრე მდინარეები კალაპოტს არ დაუბრუნდება, შეუძლებელია.
მდინარეები კი, სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის დოდო გვაზავას თქმით, 4 ნოემბრისთვის საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა პრობლემები და საზრუნავი არ მოაკლდება მაღალმთიან რაიონებს, სადაც უკვე მოვიდა პირველი თოვლი: გუდაურში თოვლის საფარის სიმაღლე 40 სანტიმეტრია, ჯვარში კი - 80 სანტიმეტრი.

ნაადრევად მოსული თოვლის, შეზღუდული ხილვადობისა და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, თუმცა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა უახლოეს საათებში გაიხსნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG