Accessibility links

logo-print

უკონკურენტოდ დარჩენილი ჰამიდ კარზაის იმედები


ჰამიდ კარზაი (მარჯვნივ), აბდულა აბდულა

ჰამიდ კარზაი (მარჯვნივ), აბდულა აბდულა

ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის მთავარმა მეტოქემ აბდულა აბდულამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პროტესტის ნიშნად უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ იგი მზად არის დაემორჩილოს ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

რადიო „თავისუფალი ავღანეთის“ კორესპონდენტმა ქაბულში ბრეშნა ნაზარიმ ავღანეთის მოქმედ პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის, ჰკითხა, რას ფიქრობს აბდულა აბდულას გადაწყვეტილებაზე, არ მიიღოს მონაწილეობა 7 ნოემბრის არჩევნების განმეორებით ტურში.

“მოვისმინე ჩვენი ძმის, აბდულა აბდულას, განმარტებები. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, თუკი ის მონაწილეობას მიიღებდა არჩევნებში, რაც სასარგებლო იქნებოდა ყველა ჩვენგანისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, იგი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ჩემი აზრით, ავღანეთის კონსტიტუციის დაცვა და არჩევნების გზით ავღანეთში დემოკრატიის განვითარება, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, სასარგებლოა ავღანეთის ხალხისათვის. დარწმუნებული ვარ, კონსტიტუციის დაცვა სავალდებულოა და მე დავემორჩილები კონსტიტუციის თანახმად ავღანეთის შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება ავღანეთის საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, კონსტიტიციის მოთხოვნები შესრულდება და არჩევნები ჩატარდება. ჩემი პირადი სურვილია, განმეორებითი ტური ჩატარდეს და აბდულა აბდულამ მასში მონაწილეობა მიიღოს.”

ვიდრე აბდულა აბდულა საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მეტოქეები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ჰამიდ კარზაიმ რადიო თავისუფლებას გაუზიარა ამ შეხვედრის საუბრისა და აბდულა აბდულას მოთხოვნების შინაარსი:

“დიახ, იგი თავაზიანად დათანხმდა, ერთად დავმსხდარიყავით და სხვადასხვა საკითხი განგვეხილა. ეს იყო პირისპირ შეხვედრა და ჩვენ ორს შორის კერძო საუბარი, რომლის დროსაც მრავალი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ის საკითხები, რომლებზეც აბდულა მანამდე პრესის საშუალებით საუბრობდა. მე მას ვუთხარი, რომ ავღანეთის ოფიციალური პირებისა და მინისტრების გათავისუფლება ან გადაწყვეტილების მიღება ავღანეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლის თაობაზე კანონის მოთხოვნებს უნდა ეფუძნებოდეს. ვფიქრობ, ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნამდვილი პატრიოტია. მე მას პატივს ვცემ და ამ მომენტში, როდესაც ჩვენ ორი არჩევნების ზღვარზე ვიმყოფებით, პრეზიდენტსაც კი არა აქვს უფლება, შეცვალოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რაკი ამას პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ითხოვს. ხვალ რომ იმავე მოთხოვნით გამოვიდეს პრეზიდენტი, ამა თუ იმ მიზეზის გამო არ მოეწონოს კომისიის თავმჯდომარე და მეორე ტურის არჩევნების წინ მის ნაცვლად თავისთვის ხელსაყრელი კანდიდატი დანიშნოს,ამით ჩვენი საკონსტიტუციო ორგანოები და ჩვენი დემოკრატია ვერ გაძლიერდება. სტრუქტურები ვერ შეასრულებენ სამუშაოს, თუკი კონსტიტუცია არ იქნება დაცული. მე ვფიქრობ, ეს საზიანოა ავღანეთისათვის.”
XS
SM
MD
LG