Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპების პიკს ნოემბრის ბოლოსთვის ელიან


დაახლოებით 200 ათასი დაავადებული და 60-ზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია უკრაინაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებული სტატისტიკა, რომელმაც ქვეყანაში პანიკა გამოიწვია. შიში უკავშირდება ე.წ. ღორის გრიპს, რომელიც გართულებების მაღალი ალბათობით გამოირჩევა. მედიკამენტებისა და პირბადეების დეფიციტის გამო უკრაინა მეგობართა დახმარების იმედად რჩება. მათ შორის არის საქართველო, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური თუ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის გავრცელების პიკს იანვარში ელოდება. რამდენად მომზადებული ხვდება ქვეყანა მოსალოდნელ საფრთხეს და რამდენად დიდია ეს საფრთხე?

თავიდანვე ვთქვათ, რომ დაავადებისა და გარდაცვალების ყველა შემთხვევა, რომელიც უკრაინაში აღირიცხება, მხოლოდ ღორის გრიპის სათვალავზე არ მოდის. ქვეყანაში სეზონური გრიპის ეპიდემიაც მძვინვარებს და, ბოლო ინფორმაციით, ღორის გრიპი მიზეზად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედის შემთხვევაში ითვლება. თუმცა ეს მაჩვენებელი უკვე საკმაოდ დიდია საიმისოდ, რომ უკრაინაში პანიკის ტალღა გავრცელდეს. მით უმეტეს, რომ უკრაინა გრიპის მასობრივ შეტევას, როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა. პრეპარატ ”ტამიფლუს” დეფიციტზე ქვეყანა მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ვირუსმა განსაკუთრებული ძალით იჩინა თავი. არასაკმარისი აღმოჩნდა პირბადეების მარაგიც, რაც დაავადებისგან თავდაცვის ელემენტარულ საშუალებად ითვლება. უკრაინამ დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასა და მეგობარ ქვეყნებს მიმართა. შედეგად, შვეიცარიიდან და სხვა არაერთი ქვეყნიდან სასწრაფო წესით მიღებული ”ტამიფლუ” უკვე გადანაწილებულია ღორის გრიპის ვირუსის მოქმედების ეპიცენტრებში, სადაც კარანტინია გამოცხადებული.

უკრაინიდან გავრცელებულმა შემაშფოთებელმა ცნობებმა ღორის გრიპის შიში საქართველოშიც გააძლიერა, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოში დღემდე გამოვლენილი 27-ვე შემთხვევა სხვა ქვეყნებიდან არის შემოტანილი და დაავადების ქვეყნის შიგნით გავრცელების ფაქტები ჯერჯერობით არ აღრიცხულა. ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, შემთხვევათა მატების მოსალოდნელობის მიუხედავად, სურათის განსაკუთრებულ დამძიმებას არც ზამთარში მოელის. ”ჩვენ არ ველოდებით რაღაც აფეთქებას. ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, საშიშროება იმისა, რომ რაოდენობამ იმატოს, არის სეზონური გრიპის დროს, რომელიც ჩვენთან, როგორც წესი, არის ხოლმე იანვრის განმავლობაში. მაგრამ, იმედია, მანამდე მივალთ ისე, რომ არ იქნება ქვეყნის შიგნით გავრცელება იმ დონეზე, რომ კარანტინის გამოცხადება მოგვიხდეს”, - აღნიშნა კვიტაშვილმა 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სეზონური გრიპისა და ღორის გრიპის შემთხვევების მატება საქართველოში 2-3 კვირაში დაიწყება. თუმცა ვირუსების განსაკუთრებულ, მასობრივ შემოტევას არც ეს უწყება მოელის. ამასთან, ცენტრს საიმედოდ მიაჩნია პრეპარატ ”ტამიფლუს” მარაგი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში უკვე არსებობს და, დაახლოებით, 130 ათას ადამიანზეა გათვლილი.

რაც შეეხება ღორის გრიპის პრევენციისთვის გამიზნულ ვაქცინებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს, მოთხოვნის მიუხედავად, მსგავსი ვაქცინები ჯერ არ მიუღია, რადგანაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება ჯერჯერობით ვერ მოიპოვა სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე შექმნილმა ვერც ერთმა პრეპარატმა. ”როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს რომელიმე ვაქცინას, ჩვენ რიგში უკვე ვდგავართ და საქართველოც მიიღებს ახალი გრიპის ვაქცინას. ოღონდ პირველ რიგში ეს იქნება სამედიცინო პერსონალისათვის”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. აქვე ვთქვათ, რომ ექიმები, მით უმეტეს, ეპიდემიის შემთხვევაში, გრიპით დაავადების განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში ერთიანდებიან. მედიკებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებამ, რადგანაც ქვეყანაში ბოლო დღეებში ღორის გრიპით უკვე 4 ექიმი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძისთვის გასაგებია შიში, რომელიც უკრაინაში გამოვლენილი ეპიდემიის ფონზე საქართველოსაც გადმოედო. თუმცა ის კვლავ შეგვახსენებს, რომ ღორის გრიპის მიმდინარეობა არსებითად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სეზონური გრიპისგან, რომელსაც, სამწუხაროდ, ასევე ახლავს ხოლმე ლეტალური შედეგები. თუმცა, თუკი მაღალი სიცხისა და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს, მკურნალობა შედეგიანად დასრულდება. მაგრამ ვიდრე საქმე მკურნალობამდე მივა, უნდა გვახსოვდეს გრიპისგან თავდაცვის აუცილებელი წესები: მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ხშირად დავიბანოთ ხელები და ხშირად გავანიავოთ ოთახები. ასევე ძალაშია გრიპთან შებრძოლების გზები, C ვიტამინისა და ნივრის გამოყენებით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG