Accessibility links

„‘გადატვირთვა’ ბრიტანულად“ - დევიდ მილიბენდის ვიზიტი მოსკოვში


დევიდ მილიბენდი (მარცხნივ), სერგეი ლავროვი

დევიდ მილიბენდი (მარცხნივ), სერგეი ლავროვი

დევიდ მილიბენდი მოსკოვში იმყოფება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია რუსეთში. ამ წლების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა - დიდწილად, რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მკვლელობის გამო ლონდონში, სამი წლის წინ. მაგრამ ახლა მილიბენდისა და მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის, საჯარო განცხადებებში ბევრად უფრო კონსტრუქციული ინტონაციები ისმის, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ბრიტანეთი რუსეთთან ურთიერთობაში შეერთებული შტატების მსგავს „გადატვირთვას“ ცდილობს.

მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ, ბრიტანეთმა და რუსეთმა ორშაბათს, საგარეო საქმეთა მინისტრების - დევიდ მილიბენდისა და სერგეი ლავროვის - შეხვედრაზე, ურთიერთობის „გადატვირთვა“ სცადეს.

მილიბენდმა, რომელიც ბრიტანეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც რუსეთს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ესტუმრა, პოზიტიურ განწყობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ მან და მისმა რუსმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები გადადგეს:

„მოლაპარაკებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთმანეთის არა მხოლოდ უკეთ გვესმის, არამედ ვაპირებთ გამოვნახოთ ერთმანეთთან უკეთესი თანამშრომლობის გზებიო“, - განაცხადა მან.

ორ დიპლომატს შორის მოლაპარაკება შეეხო ირანს, ახლო აღმოსავლეთს, ავღანეთს. ბრიტანეთი შეეცადა გაერკვია, რა ხარისხით აპირებს რუსეთი ავღანეთის ომში და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში დასავლეთთან თანამშრომლობას.

რუსეთი აცხადებს, რომ ავღანეთისკენ არასამხედრო ტვირთის გადატანის პროცესს დაეხმარება, მაგრამ თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ენთუზიაზმით არ ეხმაურება.

ლავროვმა, რომელმაც მილიბენდთან კვირას და ორშაბათს გამართა შეხვედრები, განაცხადა, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იყო:

„ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები წინსვლის საშუალებას მოგვცემს იმ საკითხებთან მიმართებით, რომელთა შესახებაც მსგავს პოზიციებზე ვდგავართ - ისევე როგორც სფეროებში, სადაც პოზიციების დაახლოებაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთო,“ თქვა ლავროვმა.

ამგვარი კონსტრუქციული ინტონაცია დიდი გაუმჯობესებაა, სამი წლის წინანდელ ვითარებასთან შედარებით, როცა ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტის და კრემლის კრიტიკოსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, ლონდონში მოწამვლის შემდეგ. ლიტვინენკოს, რომელიც ბრიტანეთში სიკვდილამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, რადიაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დაალევინეს.

ბრიტანელი გამომძიებლების ყურადღება ანდრეი ლუგოვოიზე შეჩერდა. პოლიციის აზრით, სწორედ ის იყო დამნაშავე ლიტვინენკოს მოწამვლაში. მაგრამ ლუგოვოის ექსტრადიციის მოთხოვნაზე რუსეთმა ბრიტანეთს მტკიცე უარი უთხრა იმ საბაბით, რომ, რუსეთის კონსტიტუციით, ამ ქვეყნის მოქალაქეების ექსტრადიცია დაშვებული არ არის.

საკითხი გადაუჭრელი დარჩა, ლუგოვოიმ კი არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სიით, დეპუტატის მანდატიც მოიპოვა.

ორშაბათს მილიბენდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში „სამართლიანობის“ ძიებას კვლავაც აგრძელებს. მაგრამ ასეთივე პრინციპული იყო ლავროვი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა ლუგოვოის ექსტრადიციაზე უარის საბაბი:

„ჩვენს პოზიციას რაც შეეხება, ის არ შეცვლილა. ვფიქრობ, ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს ესმით, რაოდენ არარეალურია მოთხოვნა, კონსტიტუცია შევცვალოთო,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, ბრიტანეთით უკმაყოფილების მიზეზი რუსეთსაც აქვს: ლონდონმა მოსკოვს უარი უთხრა ყოფილი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის, და ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერის, ახმედ ზაკაევის, ექსტრადიციაზე და მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა იმ საბაბით, რომ რუსეთში, სავარაუდოდ, მათი სასამართლო პატიოსნად არ წარიმართებოდა.

ამ დაძაბულობის შედეგად, რუსეთმა თითქმის მთლიანად დაუხურა ბრიტანეთს საბჭო - საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების ორგანიზაცია. რუსეთში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.

ბრიტანეთმა, თავის მხრივ, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა და შეწყვიტა რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობა.
ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანში“ მოყვანილი დიპლომატების სიტყვების თანახმად, ამ ნაბიჯმა ძალიან გააღიზიანა რუსეთის პოლიტიკური ელიტა, რომლებიც ლონდონს საყიდლებისთვის ხშირად სტუმრობენ ხოლმე, შვილები კი ბრიტანეთის კერძო სკოლებში ჰყავთ მიბარებული.

მოსკოვში განთავსებული ევროპის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ვლადისლავ ბელოვის აზრით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ლონდონისა და მოსკოვის დაახლოებაც ლოგიკურია:

„ამერიკაში ახალი პრეზიდენტია - ახალი შესაძლებლობა, რომელიც ობამას არჩევამ მოიტანა. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესება, ჩემი აზრით, ბუნებრივად ითვალისწინებს კავშირების გამოსწორებას ბრიტანეთთანაც, რომელსაც ამერიკის ყველაზე დიდ მოკავშირეს უწოდებენ ევროპაში“, - ამბობს ექსპერტი.
ორ ქვეყანაზე გავლენა ფინანსურმა კრიზისმაც იქონია.

გასულ თვეში რუსეთის ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი ლონდონში ჩავიდა. საკუთარი ეკონომიკის საშველად რუსეთი ცდილობს ფასიანი ქაღალდებით 18 მილიარდი დოლარი მოაგროვოს. ბრიტანეთი რუსეთისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია.

მოსკოვის პანორამა-ცენტრის ანალიტიკოსის ვლადიმირ პრიბილოვსკის თქმით, რუსეთისა და, ზოგადად, დასავლეთის ურთიერთობას ორი გარემოება განსაზღვრავს:

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაივიწყებს და უყურადღებოდ დატოვებს დასავლეთი რუსეთის შიდა პრობლემებს - და დამოკიდებულია ასევე რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზეო“ , - გვითხრა პრიბილოვსკიმ და დასძინა: „თუ ნავთობის ფასი მაღალი იქნა, კრემლს მეტი შესაძლებლობა მიეცემა თავი დასავლეთის აზრისგან დამოუკიდებლად იგრძნოსო.“

დამთბარი ინტონაციის მიუხედავად, მილიბენდმა და ლავროვმა აღიარეს, რომ გარკვეული პრობლემები გადაუჭრელი დარჩა.
როგორც ვთქვით, მილიბენდმა, რომელსაც, სხვათა შორის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობას უწინასწარმეტყველებენ, კიდევ ერთხელ მოითხოვა ლუგოვოის ექსტრადიცია და კიდევ ერთხელ მიიღო ამაზე უარი.

ვიზიტამდე ბრიტანელი პარლამენტარების ერთმა ჯგუფმა მილიბენდს წერილი მისწერა და სთხოვა შეხვედრების განმავლობაში ყურადღება გაემახვილებინა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსეთის ყოფილი უმდიდრესი ადამიანის, მიხეილ ხოდორკოვსკის, პატიმრობის საკითხზე.

უცნობია, მოლაპარაკებისას მილიბენდი და ლავროვი შეეხენ თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. რუსეთში ვიზიტის წინ მილიბენდმა ჟურნალ „ნიუსვიკის“ რუსულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოზეც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ, „რეგიონში უსაფრთხოებას ხელი არ შეუწყო“, და დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საკითხში რუსეთს აშკარად არ უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG