Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის 4 საათიანი ოთხმხრივი შეხვედრა დაპირებით დასრულდა


გამშვები პუნქტი გალსა და ზუგდიდს შორის
გამშვები პუნქტი გალსა და ზუგდიდს შორის
დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გალში გაიმართა.

შეხვედრას ქართული, აფხაზური, რუსული, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული მხარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობდა, ოკუპირებულ აფხაზეთში დილით გადავიდა. მოლაპარაკება 4 საათს გააგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული პოლიციის საგუშაგოსთან შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, კერძოდ რუსული სამხედრო ძალების შესვლა 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე გალის რაიონის სოფლებში. რაზეც, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ გალში ფსბ-ს ძალებმა სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, რომელიც ამ დროისთვის დასრულებულია.

შოთა უტიაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთაზე, რაზეც მისივე თქმით, შეთანხმება იქნა მიღწეული.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს იოჰან ვერბეკეს, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა.

გასულ საღამოს ვერბეკე სოხუმში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ნოემბრის რაუნდის დღის წესრიგზე იმსჯელა. ამ შეხვედრის შესახებ აფხაზური სააგენტო აფსნი მხოლოდ იმას იუწყება, რომ სერგეი შამბამ ჟენევის პროცესს ყველასთვის სასარგებლო უწოდა და კონსულტაციის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

საერთაშორისო დისკუსია ჟენევაში 11 ნოემბერს განახლდება.
XS
SM
MD
LG