Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამსახურდიას ერთ დროს უარყოფილი მანდატი დაუბრუნეს


კონსტანტინე გამსახურდია (მარჯვნივ) საქართველოს პარლამენტში
კონსტანტინე გამსახურდია (მარჯვნივ) საქართველოს პარლამენტში
პარტია ”თავისუფლების” ლიდერს - კონსტანტინე გამსახურდიას - 2008 წელს უარყოფილი სადეპუტატო უფლებამოსილება 2009 წლის 3 ნოემბერს ოფიციალურად აღუდგინეს. პარლამენტის სხდომაზე გადაწყვეტილებას 95-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ გამოჩნდა. კონსტანტინე გამსახურდია აპირებს შეინარჩუნოს ”დამოუკიდებელი ოპოზიციონერის” სტატუსი და აქტიურად ჩაერთოს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის მუშაობაში.

კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის მთავარ მოტივად სახელდება მისი დიდი ხნის სურვილი - გამოიძიოს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის რეალური მიზეზები, რის საშუალებასაც ახლა მას ხელისუფლება აძლევს. სპეციალურ საგამოძიებო კომისიას, რომელიც კვირის ბოლომდე დაკომპლექტდება, სავარაუდოდ, თავად ის უხელმძღვანელებს.

ამ ეტაპზე მე ვხედავ, რომ ქუჩის რესურსი აშკარად დაკლებულია. და თუ მოქმედი პოლიტიკოსი ხარ, შენი ტრიბუნა უნდა იყოს ან ქუჩაში, ან უნდა იყო პარლამენტში.
გამსახურდიამ ერთ დროს უარყოფილი მანდატი დაიბრუნა და უკვე სადეპუტატო ფიციც დადო, თუმცა ჯერჯერობით არა აქვს ზუსტი პასუხი შეკითხვაზე, რამდენად ენდობა ხალხს, რომელთან მუშაობაც მოუწევს. რადიო თავისუფლებაში სტუმრობისას მან თქვა, რომ ”შეუძლებელია ენდობოდე ან არ ენდობოდე ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობ, ჩვენ დღემდე ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიდექითო.” თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლების მიმართ უნდობლობა პარტია „თავისუფლების’ ლიდერს არაერთხელ გამოუხატავს გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში მუშაობისას. რა მოხდა ახლა, რატომ გადაწყვიტა გამსახურდიამ პარლამენტში შესვლა? ”მე სხვა გზას ვერ ვხედავდი”, - უთხრა 26 ოქტომბერს პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა რადიო თავისუფლებას.

”ამ ეტაპზე მე ვხედავ, რომ ქუჩის რესურსი აშკარად დაკლებულია. და თუ მოქმედი პოლიტიკოსი ხარ, შენი ტრიბუნა უნდა იყოს ან ქუჩაში, ან უნდა იყო პარლამენტში. პოლიტიკოსი ვერ დაჯდება ოფისში და ვერ იქნება სტუდიების პოლიტიკოსი ანდა ვირტუალური პოლიტიკოსი”, - ასეთია გამსახურდიას მიდგომა.

კონსტანტინე გამსახურდია
გამსახურდიას ამ გადაწყვეტილებას - იმუშაოს პარლამენტში - არ ამართლებს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, დეპუტატის ყოფილი თანამოაზრე და ერთ-ერთი იმ 12 ოპოზიციონერ დეპუტატთაგან, რომლებმაც 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მანდატები უარყვეს. ძიძიგური მაშინდელ პოზიციას დღემდე მტკიცედ ინარჩუნებს და ეეჭვება, რომ გამსახურდია პარლამენტში რაიმეს შეცვლას მოახერხებს. ”დავაკვირდებით, თუ რამეს შეცვლის. თუმცა მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ერთი კაცის იქ შესვლა ვერაფერს შეცვლის. და ზვიად გამსახურდიას მკვლელობასაც სააკაშვილი გამოიძიებდა როგორმე, კონსტანტინე გამსახურდიას დახმარების გარეშეც, ამის სურვილი რომ ჰქონოდა. მას არ ჰქონია ამის სურვილი არასდროს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ძიძიგურმა.

თუკი კონსტანტინე გამსახურდიას ბოლო წლების პოლიტიკურ მოღვაწეობას გადავხედავთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარტია ”თავისუფლების” ლიდერი ერთდროულად იყო და არც იყო ოპოზიციური ერთიანობის იდეის მომხრე. მაშინაც კი, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2008 წლის ივნისში უარი თქვა დეპუტატობაზე და მანდატები ხალხის თვალწინ დაჭრა, გამსახურდიამ უარის თქმის სულ სხვა გზა ირჩია და შესაბამისი მოთხოვნით პირდაპირ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, თანაც ისე, რომ გადაწყვეტილების გახმოვანება რამდენიმე საათით დაასწრო გაერთიანებულ ოპოზიციას. აშკარა იყო, რომ ბზარი ღრმავდებოდა.

დავაკვირდებით, თუ რამეს შეცვლის. თუმცა მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ერთი კაცის იქ შესვლა ვერაფერს შეცვლის.
პრეტენზიები კოლეგებს მან, 5-პუნქტიანი მემორანდუმის სახით, ასევე ივნისში წარუდგინა. თავისთავად მემორანდუმი მომავალი თანამშრომლობის სურვილით იყო შექმნილი, მაგრამ იქვე ნათქვამი იყო ისიც, რომ თანამშრომლობა მხოლოდ მემორანდუმის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. გამსახურდია ყურადღებას ამახვილებდა ოპოზიციური ერთობის სამოქმედო ტაქტიკასა და პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე იმისთვის, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრში შემავალ პარტიებს, ერთი პოლიტიკური სუბიექტის ან ადამიანთა ჯგუფის გავლენით, საკუთარი სახე არ დაეკარგათ. თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იმხანად ირწმუნებოდნენ, რომ გამსახურდიას მათი მხრიდან მემორანდუმის განხილვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია, პარტია „თავისუფლების“ ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს ივლისში მაინც გამოეთიშა, რასაც წინ უსწრებდა ტელეეთერით გამოსვლა და ოპოზიციის ნაწილის ხელისუფლებასთან კავშირში დადანაშაულება.

ამის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია ხალხმა ისევ იხილა აპრილის საპროტესტო აქციების ლიდერთა შორის და ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კვლავ საკუთარი გზით წასვლა არ არჩია. ეს 2009 წლის 26 მაისს მოხდა, როცა, მერაბ კოსტავას საფლავზე მისულმა, საზოგადოებას ”საგანგებო რეჟიმზე” გადასვლა ამცნო და მუშაობის მიზნად ”სააკაშვილის რეჟიმის სრული დემონტაჟი” დაასახელა. გამოცხადებული ”საგანგებო რეჟიმი” იმხანად პარლამენტში შესვლას ნამდვილად არ გულისხმობდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG