Accessibility links

logo-print

კარაჯიჩი: როცა ურჩხულს ეძებ და ადამიანს აღმოაჩენ


რადოვან კარაჯიჩი გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე

რადოვან კარაჯიჩი გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე

გასული კვირიდან მოყოლებული, მთელი მსოფლიოს მასმედიაში შუქდება სასამართლო პროცესი, რომელიც ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში მიმდინარეობს: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში 1990-ანი წლების ომების დროს ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს, რადოვან კარაჯიჩის საქმეზე მსჯელობს. საქმე ეხება გაეროს სასამართლოს, კარაჯიჩი კი ბოსნიელი სერბების ყოფილი, ომისდროინდელი ლიდერია. მას უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული, მათ შორის გენოციდისა და სამხედრო დანაშაულთა ბრალდებები სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტისა და სარაევოს ალყის გამო.

ბოსნიის ომის ამბები კარგად ახსოვს ჩვენს კოლეგას, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სამხრეთ სლავური რედაქციის დირექტორ გორდანა კნეჟევიჩს: 1992 წელს, როცა ომი დაიწყო, ის მთავარი რედაქტორის მოადგილედ მუშაობდა სარაევოს ყოველდღიურ გაზეთ „ოსლობოდიენიეში“ და ორი წელი იცხოვრა ალყაშემორტმულ სარაევოში. ალყამ ოთხი წელი გასტანა და 10 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ უწოდეს კარაჯიჩს „ბოსნიის ყასაბი“.

„პირველმა ტყვიებმა ჩემი კაბინეტის ფანჯრები ჩაამსხვრია ყოველდღიურ „ოსლობოდიენიეს“ რედაქციაში. ეს იყო სარაევო 1992 წლის აპრილში. არც რადოვან კარაჯიჩს, ბოსნიელი სერბების ლიდერს, არც მის სამხედრო სარდლებს, რომლებიც ალყაში აქცევდნენ ქალაქს, არ გამოუთქვამთ რაიმე გაფრთხილება“, - ასე იხსენებს ჩვენი კოლეგა სარაევოს ალყის დაწყებას.

დიდი ხანი არ გასულა და გაზეთში მსხვერპლის შესახებ პირველი ინფორმაციაც მიიღეს: აღმოსავლეთ ბოსნიის ქალაქ ზვორნიკში სერბმა სამხედროებმა მოკლეს „ოსლობოდიენიეს“ კორესპონდენტი, კიასიფ სმაილოვიჩი.

იმ დღეს „ოსლობოდიენიეს“ თანამშრომლებს მუშაობის არანაირი სურვილი არ ჰქონდათ. მაგრამ საქმე მაინც უნდა გაკეთებულიყო: თუ გაზეთი არ გამოვიდოდა, ვის უნდა გაევრცელებინა ჟურნალისტის დაღუპვის ამბავი? არადა, საქმის კეთება უკიდურესად გართულდა. როგორც გორდანა კნეჟევიჩი იხსენებს, ყოველ დღე თავს იმტრევდნენ, როგორ ეშოვათ ქაღალდი გაზეთის გამოსაცემად, როგორ დაემყარებინათ სატელეფონო კონტაქტი კორესპონდენტებთან, ამას ემატებოდა ელექტრომომარაგების პრობლემა. რაც მთავარია, „ოსლობოდიენიეს“ ოფისის გზაზე სნაიპერები იყვნენ ჩასაფრებული, ოფისის შენობა კი არტილერიის სამიზნეში ამოეღოთ შორიახლო მდებარე სამხედრო ყაზარმებიდან.

გაზეთის რედაქციამ იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. ჟურნალისტები მაინც განაგრძობდნენ მუშაობას, ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას.

ზაფხულში „ოსლობოდიენიეს“ კიდევ ერთი რეპორტიორი დიაღუპა, ამჯერად სარაევოში. სალკო ჰონდო ქალაქში სურათების გადასაღებად იყო გასული, როცა ცენტრალურ ბაზარზე საარტილერიო იერიში განხორციელდა. 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალისტი სალკო ჰონდო.

„სამოქალაქო პირთა ასეთ განურჩეველ ხოცვაში სხვა ლოგიკა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, გარდა სურვილისა, რომ ჩვენ, ყველანი დავეჩოქებინეთ. კარაჯიჩს და მის მომხრეებს, საიმედოდ დაცულებს მთებში, რომლებითაც ქალაქია გარშემორტყმული, ჩვენთვის თავზარის დაცემა სურდათ, რათა დაგვეშვა, რომ კარაჯიჩის არმია ქალაქში შემოსულიყო“, წერს გორდანა კნეჟევიჩი. კარაჯიჩის გეგმა იყო სარაევოს გაყოფა სერბებსა და მუსულმანებს შორის. ხორვატები ხორვატიაში უნდა დაბრუნებულიყვნენ...

ეს იყო მარტივი გზავნილი, მარტივი კონცეფცია, რომელიც კარაჯიჩს ჯერ კიდევ ომამდე ჰქონდა გამოთქმული და ბევრჯერ გამეორებული: განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ერთად ვერ იქნებიან. რა შეკითხვაც უნდა დაესვათ ბოსნიელ სერბთა ლიდერისთვის, პასუხი ერთი იყო - რახან იუგოსლავია იშლება, ბოსნია ვერ იარსებებს, როგორც მრავალეთნიკური ქვეყანაო.

ამ დროს, გორდანა კნეჟევიჩის გაზეთის - ალყაშემორტმული სარაევოს ერთადერთ ყოველდღიურ გაზეთ „ოსლობოდიენიეს“ - არსებობა ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებდა: ამტკიცებდა, რომ ეთნიკური ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს შეეძლოთ და სურდათ კიდეც ერთად ყოფნა, ერთად მუშაობა.

ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ინტერვიუ, რომელიც კნეჟევიჩმა იმ მძიმე დღეებში ჩაწერა, იყო საუბარი კარაჯიჩის (როგორც ცნობილია, პროფესიით ფსიქიატრის) კოლეგასთან, სარაევოს კოსევოს საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების უფროს ისმეტ ჩერიჩთან. სწორედ ჩერიჩისაგან შეიტყო ჟურნალისტმა, მისივე თქმით, სრულიად მოულოდნელი რამ: რომ რადოვან კარაჯიჩს არ ახასიათებდა პაციენტების დისკრიმინაცია მათი ეროვნული ან რელიგიური ნიშნით, რომ ის სავსებით კეთილსინდისიერად ასრულებდა ექიმის მოვალეობას: ჩვეულებრივი, რიგითი ექიმითი, რიგითი მოქალაქე იყო.

მაშ, როგორ გადაიქცა ეს ჩვეულებრივი ექიმი და მოქალაქე მასობრივ მკვლელად, „ბოსნიის ყასაბად“? გორდანა კნეჟევიჩი დიდ ხანს ეძებდა ამ შეკითხვაზე პასუხს, ვიდრე მას ერთ ცნობილ წიგნში აღმოაჩინა - გერმანელ ფილოსოფოს ჰანა არნდტის ნაშრომში „აიხმანი იერუსალიმში“. მასში არენდტი ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესს აღწერს და „ბოროტების ბანალობაზე“ ლაპარაკობს.

არენდტის დაკვირვებით, მთელი მსოფლიო მოელოდა, რომ სასამართლო პროცესზე ადამიანური გრძნობებისაგან დაცლილ არამზადას, გულქვა ცინიკოსს იხილავდნენ - აიხმანს, ბოლოსდაბოლოს, მილიონობით ებრაელის გეგმაზომიერი გაჟლეტის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. არადა მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: იერუსალიმში სასამართლოს წინაშე წარდგა კაცი, რომელიც სხვებს გავდა, როგორც არენდტი წერს, „საზარლად ჩვეულებრივი“ იყო, ზოგჯერ სასაცილოც კი...

საეჭვოა, გამართლებული იყოს კარაჯიჩის ნამოქმედარის შედარება ნაცისტების უპრეცედენტო ბოროტმოქმედებასთან - მილიონობით ადამიანის გეგმაზომიერ განადგურებასთან - მაგრამ ცხადია, რომ კარაჯიჩი ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას მსხვერპლის წინაშე და ამით ჰგავს აიხმანს.

როგორც გორდანა კნეჟევიჩი წერს, ძნელია დაიჯერო, რომ „კაცი, რომელიც ბოლოსადაბოლოს გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, ჰააგის ტრიბუნალზე რომ მიმდინარეობს, ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანია, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას. კარაჯიჩის ეს „ნორმალურობა“ სრულ შეუსაბამობაშია მის დანაშაულთა მასშტაბთან“.
XS
SM
MD
LG