Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობას აძლიერებს


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 3 ნოემბერს გამოამზეურა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ის გეგმები, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მუსლიმანურ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სოციალური კავშირების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

მაროკოს ქალაქ მარაკეშში, არაბეთის განვითარების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ახალი პროგრამა მუსლიმანურ ქვეყნებთან სამეცნიერო და ტექნიკურ თანაშრომლობას, ქალების როლის გაძლიერებასა და რელიგიათშორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

მანამდე კი, ამა წლის ივნისში, შეერთებული ტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კაიროში პირობა დადო, რომ მუსლიმანურ სამყაროსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებას დაიწყებდა.

სააგენტო „როიტერის“ თანახმად, ერთ-ერთი პროექტი გულისხმობს 2010 წლის პირველ ნახევარში სამრეწველო სამიტის გამართვას ვაშინგტონში, სადაც ამერიკელი ბიზნესმენები მუსლიმანური საზოგადოების ლიდერებსა და ინოვატორებთან ერთად თანამშრომლობის გზებზე იმსჯელებდნენ. ფორუმზე მოწვეული იქნებოდნენ ინვესტორები, შეიქმნებოდა ბიზნესის ხელშეწყობის, სკოლებისა და კოლეჯების განვითარების გლობალური ქსელი.

ჰილარი კლინტონის თანახმად, იგეგმება დაახლოებით 76 მილიონი დოლარის გამოყოფა ადგილობრივი მთავრობებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის იემენში, რომელიც მზარდი არასტაბილურობის წინაშე დგას.

30 მილიონით დაფინანსდება ახალგაზრდობის მხარდამჭერი ორგანიზაციები იორდანიაში. ვაშინგტონის გეგმაშია ასევე სოციალური ორგანიზაციების მხარდაჭერა, ფართო ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების დანერგვის გზით.

მუსლიმანური სამყაროს გასაგონად, ჰილარი კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს შეცვალოს პოლიტიკა ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებით, რაც არაბული სამყაროს დიდ წინააღმდეგობას იწვევს.

“ჩვენ არ გვჯერა, რომ დასახლებები არის კანონიერი. ამას ჩვენ გამუდმებით ვიმეორებთ და ჩვენ ეს სავსებით ცხადად განვუმარტეთ ისრაელს, არაბებს, პალესტინელებს და მთელ მსოფლიოს.“

კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ დასახლებების შეზღუდვა არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რასაც ვაშინგტონი ისრაელისაგან ელოდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაროკოდან დღეს კაიროში ჩავა და ოთხშაბათს ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარეკს შეხვდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG