Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 3 ნოემბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი პრესის დიდი ნაწილი ეძღვნება თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობას. ”რეზონანსი” ამ თემას ორ სტატიას უძღვნის. ერთში ლაპარაკია ”ქრისტიან-დემოკრატების” განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. გაზეთი წერს, თარგამაძის პარტია მერობისთვის ”დიმიტრი გელოვანს” ეძებსო და ამატებს: კულუარული ინფორმაციით, ეს ადამიანი შეიძლება ”თიბისი ბანკის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე აღმოჩნდესო.

მეორე სტატიაში კი ”რეზონანსი” წერს, „ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატურის გარდა, თბილისის მერობისთვის ირაკლი ალასანია, კობა დავითაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, გიგი უგულავა და ალექსანდრე შალამბერიძე იბრძოლებენო.

ნაციონალური მოძრაობის წევრ ალექსანდრე შალამბერიძეს უძღვნის მცირე სტატიას ”ახალი თაობა”. გაზეთი წერს, საქართველოში ყველას საპრეზიდენტო ამბიცია აქვს, ამიტომ შალამბერიძის პოზიცია არ უნდა გაგვიკვირდესო, და ამატებს,”ყოფილი დეპუტატი ორიგინალურმა იდეამ შეაწუხაო”. „ახალი თაობის“ მიხედვით, ეს ორიგინალური იდეა ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული პრაიმერის ჩატარებაა.

”ახალი თაობა” მეორე სტატიაში უფრო დაწვრილებით მიმოიხილავს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სხვადასხვა პარტიების განცხადებებს და კულუარებში მიღებულ ინფორმაციასაც გვაცნობს: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა რესპუბლიკელ თინა ხიდაშელსაც სურდა, მაგრამ ალასანიამ მას სოზარ სუბარი ამჯობინა, რის გამოც რესპუბლიკელები განაწყენდნენ, თუმცა არა ისე, რომ ალიანსიდან წასულიყვნენო.

დღევანდელ პრესაში, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა დღეს, არაერთ სტატიას ნახავთ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე. „24 საათი” პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „ახალი რეალობა და რუსული რულეტკა“. მასში ავტორი წერს: რუსულმა ხომალდმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დარტყმა მიიღო და გადარჩენის შანსი აღარ დარჩა. რუსულმა გემმა საქართველო ყინულის ნატეხად ჩათვალა, ის კი აისბერგის წვეტი აღმოჩნდა მისთვისო. ამ საკმაოდ ვრცელი სტატიის ბოლოს ავტორი ასკვნის: ”საქართველო ცივილიზაციების გზაგასაყარია, მისი არსებობის მთავარი ფუნქციაა ევროპა და აზია დააკავშიროს როგორც ფიზიკურად, ისე ეკონომიკრად, კულტურულად და სულიერადო.

”ალიაში” ნახავთ სტატიას მირზაანში 31 ოქტომბერს გამართულ ფიროსმანობაზე. გაზეთის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ამ დღეს, ყურადღების მიქცევის მიზნით, გზის გადაკეტვას გეგმავდა და ამ აქციაში ოპოზიციასაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ, ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის თქმით, ვისთან ინტერვიუსაც აქვეყნებს „ალია“, ბოლო მომენტში ოპოზიცია დაიმალა. ”ხელისუფლებიდან ვინ ჩამოვიდა, შამფურები ვინ ატრიალა?“ - ეკითხება მარტყოფლიშვილს ჟურნალისტი. რესპონდენტი პასუხობს: დღესასწაულზე, ძირითადად, სახელმწიფო ჩინოვნიკები იყვნენ, სხვა ხალხიც იყო, მაგრამ ყველა ჩამოსული აღმოჩნდაო.
XS
SM
MD
LG