Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისელები ზამთარში, ძირითადად, ბუნებრივი აირით თბებიან


ქუთაისი
ქუთაისი
ენერგეტიკოსები ქუთაისის მოსახლეობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შეუფერხებელ მიწოდებას ჰპირდებიან. სადისტრიბუციო კომპანია „ენერგოპროჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალის წარმომადგენლის, თეონა გეგუჩაძის, თქმით, კომპანიამ ზამთრისთვის გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები შეასრულა, კერძოდ, ქუთაისში ოთხი ათასი მეტრი სიგრძის სადენი გამოცვალა. მისი თქმით, ბრიგადები მზად არიან, ნებისმიერი ავარია უმოკლეს დროში აღმოფხვრან.

ქუთაისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთარში ბუნებრივი აირით თბება. შპს „ქუთაისის გაზს“ ქალაქში 45 ათასი აბონენტი ჰყავს. კომპანიის დირექტორი ტარიელ კობახიძე აცხადებს, რომ ისინი ზამთრის სეზონისთვის მზად არიან და მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდება, თუ ფორსმაჟორული ვითარება არ შეიქმნა.

იზო კობახიძე გასათბობად ბუნებრივ აირს იყენებს. ის დაპირებებს ბოლომდე არ ენდობა და ზამთრისთვის შეშასაც იმარაგებს. ერთ მანქანა შეშაში 400 ლარი გადაიხადა. რადიო თავისუფლების რესპონდენტი ამბობს, რომ თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ამიტომაც იაფი დაუჯდა. ახლა შეშა 600 ლარამდე გაძვირდა.

ზამთრისთვის ემზადება ქუთაისის მერიაც. ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოყო ინერტული მასალის შესაძენად.

მოსახლეობაც და ხელისუფლებაც შიშობს, რომ წელს დიდი ზამთარი იქნება. ქუთაისსა და იმერეთში საგრძნობლად აცივდა. უხვი ნალექის გამო მთელ რიგ რაიონებში წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროება გაჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზოგ რაიონში მობილიზაციაც გამოაცხადა იმ შემთხვევისთვის, თუ სტიქიამ იმძლავრა.
XS
SM
MD
LG