Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები საწვავს ამ დრომდე ელოდებიან


ახალციხე
ახალციხე
მოახლოებული ზამთრისთვის მზადება სამცხე-ჯავახეთში უკვე დაიწყო. საწვავი შეშა, ქვანახშირი და რეგიონის ზოგ ადგილებში ახლად შემოყვანილი ბუნებრივი აირი – ეს არის ადგილობრივებისთვის ის ალტერნატიული საშუალებები, რითაც მოსახლეობამ მკაცრი ზამთარი უნდა გადაიტანოს.

შეთავაზებების მიუხედავად, ადგილობრივი მცხოვრებლები უპირატესობას შეშით გათბობას ანიჭებენ. მოსახლეობის ნაწილმა ზამთრისთვის შეშა უკვე მოიმარაგა. ახალციხელები ამბობენ, რომ თითო ოჯახს ზამთარში, სავარაუდოდ, 6-7 კუბური მეტრი შეშა ესაჭიროება.

,,ვიმარაგებთ 6-8 კუბმეტრამდე შეშას, რომ მთელი ზამთარი გვეყოს. დაახლოებით, 300 ლარამდეა საჭირო, რომ მთელი ოჯახი ზამთრის განმავლობაში გათბეს.”

,,სატყეოში მივდივარ და ვიღებ ბილეთს და მივდივარ ტყეში, რომ 6 კუბური მეტრი შეშა მაინც მოვიტანო.”

როგორც ირკვევა, ტყიდან შეშის მოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც რიგით მოქალაქეს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლობას. ოღონდ ამისთვის სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოში გარკვეული პროცედურა უნდა გაიაროს. აღნიშნული პროცედურის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი პავლე შემაზაშვილი საუბრობს:

,,საბიუჯეტო ორგანიზაციები თვითონ განსაზღვრავენ წინასწარი წერილის მომართვის პასუხად, რომ ჩვენ ამდენი გვესაჭიროება. მაგალითად, რომელიღაცა სკოლას ბავშვთა რაოდენობის მიხედვით _ რამდენი კლასია და რამდენი ბავშვი სწავლობს იმ სკოლაში, იმის მიხედვით. სადაც არის დანომრილი საშეშე მერქანი, უნდა წავიდეს პირადი ასლით, - მოსახლეზეა ლაპარკი, - თუ აქვს საშეშე მერქნის ვაუჩერი და მფლობელის პირადობის ასლი, მიდის მეტყევესთან, იმ დანომრილი ტყეკაფიდან დანომრილ შეშას მოჭრის და მოაქვს სახლში ჩვეულებრივ საწვავად.”

მოსახლეობა საშეშე მერქანს ასპინძის, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის ტყეკაფებიდან იმარაგებს. სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოებს ორგანიზებას რეგიონალური სატყეო სამმართველოს დეპარტამენტი უწევს. ტყის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თენგიზ ჩოჩიას განცხადებით, ზამთარში, რეგიონის მასშტაბით, 70 ათასიდან 100 ათასამდე კუბური მეტრი შეშა იწვება.

,,საშუალოდ ერთ ოჯახში დაბალ ზონაში გათვალისწინებულია 5-7 კუბური მეტრი, მაღალ ზონაში _ 10-12 კუბური მეტრი.”

დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები ამ დრომდე უშეშოდ არიან. მათი მომარაგება საწვავით ზამთარში ადგილობრივ ხელისუფლებას ევალება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი აცხადებს, რომ საწვავით მოსამარაგებლად ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

,,ბენეფიციარები გვყავს დაახლოებით 170 ოჯახი და ლტოლვილები _ 78 ოჯახი. სულ გვჭირდება, დაახლოებით, 400 კუბური მეტრი საწვავი შეშა და ამას ვცდილობთ, რომ ეს შემოვიტანოთ. რადგან წელს წვიმიანი წელიწადი იყო, აქედან გამომდინარე, ფერხდება ამის შემოტანა, მაგრამ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.”

დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირების საწვავი შეშით მომარაგებას ადგილობრივი ხელისუფლება ნოემბრის ბოლომდე ვარაუდობს.
XS
SM
MD
LG