Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 3 ნოემბერი 2009


”კვირას რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირი გააფრთხილა შესაძლო პრობლემების თაობაზე გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიის გავლით”, - წერდა 2 ნოემბრის „კომერსანტი“ და ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს იყო რუსეთის პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა.

„კომერსანტის“ მიხედვით, პუტინმა ამ თემით დაიწყო შეხვედრა პარტია „ედინაია როსიას“ წევრებთან. შეხვედრამდე კი იგი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელს იულია ტიმოშენკოს რუსული გაზის მიწოდების საფასურთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, - წერს გაზეთი.

„კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ზუსტად ერთი კვირა რჩება იმისათვის, რომ რუსული გაზისათვის ფული გამოძებნოს, რადგან, უკრაინულ ”ნეფტოგაზსა” და ”გაზპრომს” შორის არსებული კონტრაქტის მიხედვით, მიმდინარე გადასახადები არაუგვიანეს 7 ნოემბრისა უნდა დაიფაროს.

„ვრემია ნოვოსტეი“ წერს, რომ საუბარია დაახლოებით 500 მილიონ დოლარზე. და თუ ფული დროზე არ გადაირიცხა, „გაზპრომს“, კონტრაქტის მიხედვით, უფლება აქვს მოითხოვოს 100 პროცენტიანი წინასწარი გადახდა გაზის ნოემბერში მიწოდებისთვის, რამაც, შესაძლოა, ახალი ფართომასშტაბიანი საგაზო კრიზისი გამოიწვიოს. გაზეთის მიხედვით, პუტინის განცხადებები ევროპის ქვეყნების გასაგონად კეთდება, ასევე ეს არის ვიქტორ იუშჩენკოზე ზეწოლის მცდელობაო, - წერს „ვრემია ნოვოსტეი“ და დასძენს: მიუხედავად ევროკომისიის წარმომადგენლების და ხოსე მანუელ ბარუზოს განცხადებებისა იმის თაობაზე, რომ ისინი არ პირებენ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობაში ჩარევას, ევროპული დიპლომატია აშკარად ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმის მოლოდინში, როდის მოიტანს მოსკოვსა და კიევს შორის წინააღმდეგობები გაზის ევროპაში ტრანზიტის შეფერხებასო.

„ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ მიცემულ კომენტარში კომპანია ”რუს ენერჯის” პარტნიორმა მიხაილ კრუტიხინმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ახალი გაზის ომი სრულიად რეალურია.

დღეს „კომერსანტს“ პირველ გვერდზე გამოაქვს ეს თემა და წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი გაზის პრობლემის გამწვავებაზე წავიდა. იუშჩენკომ მოსთხოვა მთავრობას, იული ტიმოშენკოს მეთაურობით, გადახედოს რუსეთთან გაზის კონტრაქტს. იუშჩენკო ითხოვს ორჯერ შემცირდეს რუსეთიდან შესყიდული გაზის მოცულობა და გაიზარდოს ტრანზიტის საფასური.

კიევის გლობალური სტრატეგიების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვადიმ კარასევის აზრით, იუშჩენკოს უნდოდა ხაზი გაესვა, რომ ტიმოშენკოს მიერ დადებული კონტრაქტები იყო არამართებული, უფრო მეტიც - მავნე. იუშჩენკო გულისხმობდა, რომ „ქვეყანას არა აქვს შესაძლებლობა ამ კონტრაქტების მიხედვით იხადოს ფული, რადგან ყველა გადახდა ქვეყნის სავალუტო რეზერვებისა და ეროვნული ბანკის ხარჯზე წარმოებდა.”

„კომერსანტი“ წერს, რომ იუშჩენკოს ნაბიჯი წაუგებელი აღმოჩნდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვმა მართლაც შეწყვიტოს გაზის მიწოდება. თუ რუსეთი ახლა უკრაინას გაზს გადაუკეტავს და, შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებს, ამან, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, რაც რუსეთს ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთ-ევროკავშირის სამიტის წინ, რომელიც 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს სტოკჰოლმში.
XS
SM
MD
LG