Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა თუ არა ეკონომიკური კრიზისი საქართველოში


ბიზნესმენთა კონფერენცია ”შერეტონ მეტეხი პალასში”
ბიზნესმენთა კონფერენცია ”შერეტონ მეტეხი პალასში”
ამ დღეებში სქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოაცხადა, რომ კრიზისი საბანკო სფეროში დასრულებულია. ოდნავ ადრე საქართველოში კრიზისის შეჩერების შესახებ განცხადებები მთავრობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. რამდენად შეესაბამება ეს განცხადებები რეალობას, ანუ რა ეკონომიკური მაჩვენებლებით ამთავრებს საქართველო 2009 წელს?

ეს სამი მაჩვენებელია დასტური იმისა, რომ კრიზისი დასრულებულია.
კვირის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების წარმომადგენლები შეკრიბა და ბოლოდროინდელი ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. გიორგი ქადაგიძის ინფორმაციით, საბანკო სექტორმა მესამე კვარტალი მოგებით დაასრულა. ამ დროისათვის ბანკების მოგება თითქმის 8 მილიონ ლარს შეადგენს. ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საქართველოში კრიზისი აღარ არის:

გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„ეს არის პირველი თვე, როდესაც ბანკებმა მოგება აჩვენეს, ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ასევე უპრეცდენტოდ მაღალი ლიკვიდურობა არის საბანკო სექტორში. მხოლოდ ეს სამი მაჩვენებელია დასტური იმისა, რომ კრიზისი დასრულებულია.“

საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, გილაურს არ დაუფარავს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება. იგი მომავალ წელს დაახლოებით ამავე პროცენტით ზრდას ვარაუდობს.

ნიკა გილაურის ოპტიმიზმს ყველა როდი იზიარებს. ქართველი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ, მცირე აღმასვლასთან ერთად, მოსალოდნელია ვარდნაც. ეკონომისტ დავით ებრალიძის აზრით, ეკონომიკური აქტივობის ზრდა სულაც არ არის შეუქცევადი პროცესი:

„ის დადებითი ტენდენციები, რაც მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა ზოგიერთ ქვეყანაში კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესი.“

ბევრი რისკ-ფაქტორი არსებობს. ისინი უკავშირდება როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ასევე პოლიტიკურ არასტაბილურობას, არჩევნებსა და გლობალური ეკონომიკის საკითხებს.
ასეთივე ვარაუდს გამოთქვამს ბრიტანული ბანკის „ეიჩ–ეს–ბი–სის“ წარმომადგენელი საქართველოში, გაი ლუისიც. მისი აზრით, ჯერ კიდევ არსებობს იმის რისკი, რომ რეცესიის პროცესში მეორე ჩავარდნა მოხდეს. ქართველ ექსპერტებს მსგავსი ვარაუდის საფუძველს ისიც აძლევს, რომ უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მცირდება ბაზრობებზე მოვაჭრე „ინდმეწარმეთა“ რაოდენობა. დაეცა უფრო დიდი ბიზნესის სარეკლამო კომპანიების რენტაბელობაც.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მიუხედავად განცხადებებისა, მათი საკრედიტო აქტივობა საგრძნობლად არ გაზრდილა, ისევე როგორც დაბალი აქტივობაა უცხოური ინვესტიციების სფეროში. ექსპერტ დავით ებრალიძის განცხადებით, ინვესტიციების ზრდას ბევრი რისკ-ფაქტორი აფერხებს.

დავით ებრალიძე, ეკონომიკის ექსპერტი
„ბევრი რისკ-ფაქტორი არსებობს. ისინი უკავშირდება როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ასევე პოლიტიკურ არასტაბილურობას, არჩევნებსა და გლობალური ეკონომიკის საკითხებს.“

ამ რისკების მიუხედავად, ექსპერტებს ოპტიმიზმის საფუძველიც აქვთ. ესაა საბანკო–საფინანსო სფეროს სტაბილურობა და საბანკო ანაბრების ზრდის ტენდენცია, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა ეკონომიკის თავისუფლების აქტთან დაკავშირებით. ამ და სხვა ანტიკრიზისულმა ნაბიჯებმა მსოფლიო ბანკის მოწონება დაიმსახურა და ამ საფინანსო ინსტიტუტმა საქართველოსთვის დახმარების მოცულობის გაზრდა გადაწყვიტა, რაც კრიზისის შედეგების მინიმიზირებისკენაა მიმართული.
XS
SM
MD
LG