Accessibility links

logo-print

დევნილ ხასაიებს ნაბაკევში სახლ-კარი გადაუწვეს


გალის რაიონი

გალის რაიონი

აფხაზი და რუსი ჯარისკაცები ხასაიების ოჯახში გუშინ იყვნენ მისულები და მათგან თხილს ითხოვდნენ. ოჯახმა შიშის გამო სახლი გუშინვე დატოვა და ზუგდიდის რაიონში ნათესავებს შეაფარა თავი. ჯარისკაცებმა მეზობლებს ცეცხლის ჩაქრობისა და ნივთების გამოტანის უფლება არ მისცეს - ამ ინფორმაციას ქართული ტელეკომპანიები ავრცელებენ.

რადიო თავისუფლება დაზარალებულ ნესტან კვიკვია-ხასაიას შეხვდა. იგი ამბობს, რომ გალის რაიონიდან არა გუშინ, არამედ 5 თვის წინ წამოვიდა ოჯახთან ერთად და არ იცის ვინ გადაუწვა სახლი.

ნესტან კვიკვია-ხასაია, რომელსაც დაუდგენელმა პირებმა გამთენიისას გადაუწვეს სახლი გვიყვება, რომ ამის შესახებ მას მეზობელმა ტელეფონით შეატყობინა. „არ ვიცით ვინ დაწვა ჩვენი სახლი. მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რვა საათი იყო, როდესაც ხანძარი ვნახეთო. მაგრამ ვინ წაუკიდა ცეცხლი, არ გვინახავსო. ყველაფერი დაიწა“ - ყვება დაზარალებული. ხასაიების ოჯახი, საკუთარ სოფელში, უკვე ხუთი თვეა არ ცხოვრობს.

ხუთი თვის წინ დაუდგენელმა პირებმა ხასაიები გაძარცვეს და ოჯახის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. მას შემდეგ, როგორც ქალბატონი ყვება, ზუგდიდში გადმოვიდნენ და კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობენ. მაშინ ნესტან ხასაიამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ თავს რუსი ჯარისკაცები დაესხნენ. თუმცა, ამაში დარწმუნებული არ იყო. ამიტომ, ის ფიქრობს, რომ სახლის დაწვის მიზეზიც შესაძლოა მისი მაშინდელი კომენტარი იყოს. მრავალშვილიანმა დედამ ტელეკომპანიებს დღესაც იგივე უთხრა და ნაბაკევის სახლის დაწვა რუს და აფხაზ სამხედროებს დააბრალა. რატომ გააკეთა ასეთი კომენტარი ნესტან ხასაიამ?

„მაშინ ვთქვით, რომ ყაჩაღები რუსულ სამხედრო ფორმაში იყვნენ. მაგრამ ისიც ვთქვით, რომ მეგრულად საუბრობდნენ. ახლაც არ ვიცი ისინი ვინ იყვნენ. დღეს ჟურნალისტებმა მითხრეს - საქმეს სჭირდება ასე და თქვი, რომ სახლი აფხაზებმა და რუსებმა დაგიწვესო. მეც ასე მოვიქეცი. თუ გინდათ, თქვენც ასე გეტყვით, თუ გაწყობთ,“ - ამბობს ნესტან ხასაია.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში თორნიკე კილანავა სახლის დაწვის ფაქტს ადასტურებს და დასძენს, რომ ეს, შესაძლოა, შურისძიების მიზნით მოხდარიყო, თუმცა ვერ აკონკრეტებს, ვინ და რატომ გადაწვა ხასაიების სახლი. „დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ვცდილობთ, სახლის დაწვის ზუსტი ინფორმაცია მოვიპოვოთ. ხასაიები კი გამთენიისას გადმოვიდნენ ზუგდიდში და ნათესავებთან ცხოვრობენ. დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ,“ - აცხადებს კილანავა.
XS
SM
MD
LG