Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტკომუნისტური ქვეყნების კმაყოფილების ახალი ინდექსი


ბერლინის კედლის რღვევა
ბერლინის კედლის რღვევა
ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავზე იმ ქვეყნებში, რომლებიც “რკინის ფარდის” მიღმა ცხოვრობდნენ, კაპიტალიზმისა და მრავალპარტიული სისტემის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში არსებულ “პიუს კვლევების ცენტრის” ახალ ანგარიშში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის 9 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვებს ეფუძნება.

“პიუს კვლევების ცენტრის” ანგარიშმა უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, ლიტვა და ყოფილი აღმოსავლეთ გერმანია მოიცვა. სოციოლოგიური კვლევების მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ შეიცვალა ამ ქვეყნებში მცხოვრები სხვადასხვა თაობის ადამიანების დამოკიდებულება პოლიტიკური რეფორმებისა და მრავალპარტიული სისტემის, საბაზრო ეკონომიკის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობისა და ნატოს მიმართ. შედარებისათვის აღებული იქნა ანალოგიური კვლევები, რომლებიც ჩატარდა 1991 წელს - მას შემდეგ, რაც ვარშავის ბლოკი და საბჭოთა კავშირი გაქრა ევროპის პოლიტიკური რუკიდან. “პიუს კვლევების ცენტრის” გამოკვლევების თანახმად, სამიზნე ქვეყნებში დემოკრატიისა და კაპიტალიზმის მიმართ მხარდაჭერა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე ბერლინის კედლის დანგრევის დროს იყო. თუმცა იგივე ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან კაპიტალისტური ურთიერთობებით, ახლა უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე 20 წლის წინ, - ამბობს ენდრიუ კოჰუტი, “პიუს კვლევების ცენტრის” პრეზიდენტი.

“ჩვენი გამოკვლევის მიხედვით, ცხოვრების დონით ყველა ამ ქვეყანაში ახლა უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე 1991 წელს იყვნენ. მაგალითად, თუკი 1991 წელს პოლონელთა 12 პროცენტი ამბობდა, რომ ძალიან კმაყოფილია ცხოვრებით, ახლა მათი რაოდენობა 44-ს აღწევს. რუსეთში ეს მაჩვენებელი 7 პროცენტი იყო, ახლა კი 35-ს აღწევს. თითოეულ საკვლევ ქვეყანაში ბედნიერ მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება.”

თუმცა კვლევები აჩვენებს დიდ სხვაობას ასაკობრივი ჯგუფების დამოკიდებულებაში. 50-წელზე უფროსი თაობის მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი 1991 წლამდე უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ახალგაზრდა თაობის უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ დემოკრატია მათ უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს. წარსულის ნოსტალგია და დემოკრატიული რეფორმებით იმედგაცრუების პროცენტული მაჩვენებელი თვალშისაცემია უკრაინასა და ბულგარეთში. 1991 წელს ამ ქვეყნებში თითქმის სამი მეოთხედი უჭერდა მხარს დემოკრატიას და კაპიტალისტურ ურთიერთობებს, 18 წლის შემდეგ კი მხარდამჭერთა რაოდენობა იმავე ქვეყნებში 30 პროცენტს არ აღემატება. რაც შეეხება რუსეთს, იქ კაპიტალიზმის სიკეთეს მოქალაქეთა 50 პროცენტი აღიარებს, თუმცა, ამავე დროს, 26 პროცენტიდან 50-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ “რუსეთი რუსებს უნდა ეკუთვნოდეთ.“ ასეთი დამოკიდებულება კი რუსეთის მეზობელი ქვეყნების შეშფოთებას იწვევსო, - ამბობს ენდრიუ კოჰუტი, “პიუს კვლევების ცენტრის” პრეზიდენტი.

“ასეთი შეშფოთება დიდია ჩეხებში, უნგრელებსა და სლოვაკებში, თუმცა, ჩვენთვის მოულოდნელად, ნაკლები აღმოჩნდა უკრაინელებში, რომელთა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საკმაოდ პოზიტიურია.”

რუსების და უკრაინელების ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა უბედურება იყო. დაახლოებით, 37 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთისათვის იმპერიად ყოფნა მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამავე აზრისა მხოლოდ გამოკითხულთა 37 პროცენტი იყო.

საინტერესოა “პიუს კვლევების ცენტრის” კიდევ ერთი მაჩვენებელი. რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური დაპირისპირების ტენდენცია შემცირებულია. გაუტანლობის ხარისხი მხოლოდ ცალკეული ეთნიკური ჯგუფების მიმართ გაიზარდა. მაგალითად, ბოშების მიმართ მაღალი დონის არაკეთილგანწყობაა ჩეხეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში. რუსეთში კი ყველაზე მეტად არ უყვართ ჩეჩნები (60%) და ქართველები (53%). სამაგიეროდ, ქართველების მიმართ მაღალი კეთილგანწყობაა უკრაინაში, სადაც მოსახლეობის 54 პროცენტს ქართველები უყვარს. ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებას კი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები ჰყავს გერმანიაში - დაახლოებით, ნახევარზე მეტი. რაც შეეხება ნატოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ ყველაზე არაკეთილგანწყობილი ქვეყანა არის რუსეთი და უკრაინა. გამოკითხვის თანახმად, რომელიც „პიუს კვლევების ცენტრმა“ ამა წლის აგვისტო- სექტემბერში ჩაატარა, უკრაინაში 31 პროცენტი უჭერს მხარს ნატოს საქმიანობას, რუსეთში კი მხარდამჭერთა რაოდენობა მხოლოდ 24 პროცენტია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG