Accessibility links

logo-print
”საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის, როლის გაძლიერება” - ასეთია იმ ახალი პროექტის სახელწოდება და ასევე - ძირითადი მიზანი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და რომლის განხორციელებასაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწყებს. რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა დაეფინანსებინა ახალი პროექტი მედია-სივრცეში და რა შედეგებს მოელიან მისგან?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი მიზნად ისახავს მედიის გაძლიერებას, რეგიონალური მაუწყებლობის განვითარებას, საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის სათანადო პირობების შექმნასა და ჟურნალისტების უფლებების დაცვას. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ მედია საქართველოში რეალურად იქცეს ძლიერ მაკონტროლებელ ინსტიტუტად. თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ მედია რეალურად თავისუფალი იყოს. ეს იმ პრობლემების ჯაჭვია, რომლებიც საქართველოში ხშირად ხდება მწვავე კამათისა და დაპირისპირების საგანი, მათ შორის - პოლიტიკოსების დონეზეც. ამგვარი დაპირისპირების შესახებ ბევრი სმენია ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში პერ ეკლუნდსაც, რომელმაც მედიის თავისუფლების შესახებ საკმაოდ ბევრი ისაუბრა 4 ნოემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრეზენტაციაზე.

პერ ეკლუნდი კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ, ორგანიზაციის ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი 39 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 81-ე ადგილზე გადაინაცვლა. ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი საქართველოში მედიის როლის კიდევ უფრო გაძლიერებას ისურვებდა:

”მედიას შეუძლია, ვალდებულია და უნდა შეასრულოს კიდეც მაკონტროლებლის ფუნქცია. სწორედ ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ვაფინანსებთ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწყებს. მედია საქართველოში უნდა განვითარდეს და იქცეს მე-4 დამოუკიდებელ ხელისუფლებად. მხოლოდ მაშინ გვექნება ნაპოლეონ ბონაპარტის მსგავსი რეაქცია: გაზეთების მეშინია უფრო, ვიდრე ასი ათასი ხიშტის”, - აღნიშნავს პერ ეკლუნდი.

ამგვარი, ასე ვთქვათ, ”სიმართლის შიშის” გასაღვიძებლად გამიზნული 18-თვიანი პროექტი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხარისხის გაზრდასა და ხალხისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მოემსახურება. ჩატარდება სპეციალური სწავლება-ტრენინგები, ხოლო შექმნილი პროდუქცია განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, პროექტის ფარგლებში, 4 ნოემბერს უკვე გამოაცხადა პირველი კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების მომზადებაზე. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 4 დეკემბერი.

პროექტის საგანგებო ყურადღების ცენტრში იქნება რეგიონალური მედია, სადაც, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სავალალო ვითარებაა. ამავე პროექტში ექცევა რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის ინსტიტუციონალური განვითარების ინიციატივები.

პროექტის ფარგლებში ასევე ამოქმედდება ჟურნალისტების სამართლებრივი დაცვის ცენტრი და ამ მიმართულებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაუდგება სათავეში. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ გურჩიანი საქმიანობის ძირითად კრიტერიუმზე ამახვილებს ყურადღებას: ”ჩვენ დავეხმარებით ნებისმიერ ჟურნალისტს ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, რომელიც ახდენს გავლენას მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მედიას ნამდვილად დასჭირდება სამართლებრივი დახმარება მაკონტროლებლის როლისა და მეტი თავისუფლების მოპოვების გზაზე. მედიის თავისუფლების საკითხი, როგორც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, ტრადიციულად დიდ ადგილს იკავებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, 2006 წელს ხელმოწერილი პროგრამის, ფარგლებში ვხვდებით. იმავე პროგრამის მოთხოვნების საქართველოს მიერ შესრულების 2008 წლის შეფასებაში კვლავაც ხაზგასმულია მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მეტი საჭიროება. ევროკავშირმა მედია-პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილება სწორედ ამ საჭიროებათა გათვალისწინებით მიიღო.
XS
SM
MD
LG