Accessibility links

ღორის გრიპით გამოწვეული საშიშროება ბევრ ქვეყანას მოედო, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა უკრაინასა და ავღანეთში. შიშს ის გარემოება აძლიერებს, რომ იზრდება სიკვდილიანობა იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც დაავადების ნიშნები აღმოაჩნდათ. თუმცა ჯერაც არ არის ბოლომდე გარკვეული, თუ რამდენი ადამიანი მოკვდა, უბრალოდ, გრიპით და რამდენი – ღორის გრიპით და დგანან თუ არა ქვეყნები მოახლოებული პანდემიის საფრთხის წინაშე.

როგორც უბრალო გრიპის, ისე ღორის გრიპის სიმპტომები იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ ექიმები, რომლებსაც H1N1-თან დაკავშირებით შეზღუდული გამოცდილება აქვთ, ხშირად იბნევიან. თანაც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ უკრაინას ღორის გრიპის ეპიდემია ემუქრებოდეს. მიუხედავად ამისა, მთავრობის თხოვნით, ორგანიზაციამ უკრაინაში ექიმთა ჯგუფი გაგზავნა დაავადებასთან ბძოლაში ქვეყნის დასახმარებლად. ირინა ხალუპა, რადიო თავისუფლების უკრაინის სამსახურის დირექტორი, კიევიდან იუწყება, რომ ღორის გრიპთან დაკავშირებული გაუგებრობა იზრდება იმის გამო, რომ უკრაინაში არ არსებობს საკმაო დიაგნოსტიკური საშუალებები.

“ძალიან, ძალიან დამაბნეველია და უკიდურესად რთულია ჩასწვდე ამ ყველაფრის არსს. დავიწყოთ იმით, რომ უკრაინას არა აქვს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები იმის დასადგენად, თუ რითი დაიღუპა ადამიანი - ღორის გრიპით თუ, უბრალოდ, გრიპით, რის გამოც ისინი სინჯებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში გზავნიან. გასულ კვირაში ღორის გრიპით დაღუპვის ერთი შემთხვევა დადასტურდა, ახლა ასეთი სიკვდილის კიდევ 11 შემთხვევაზე საუბრობენ.”

ხალუპა ამბობს, რომ უკრაინაში ყოველ წელს იყო ჩვეულებრივი გრიპის ეპიდემია, რის გამოც ხშირად ცხადდებოდა კარანტინი ცალკეულ რეგიონებში. მაგრამ ვითარება უკრაინაში ახლა გაცილებით უფრო სერიოზულია. ახალი ამბების სააგენტოების ცნობით, უკრაინაში 70 ადამიანი დაიღუპა გრიპის ინფექციით. ყველაზე მძიმე ვითარებაა შექმნილი ლვოვის რაიონში. მოსახლეობა რომ პანიკას არ მოეცვა, უკრაინის ხელისუფლებამ სამი კვირით სკოლებში სწავლა შეწყვიტა და საჯარო ღონისძიებები გააუქმა. ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის განყოფილებების წარმომადგენლებმა გრიპით დაავადების ჩივილით 270 ათასი მოქალაქე აღრიცხეს, რომელთა შორის 83 ათასი ბავშვია.

ღორის გრიპის ეპიდემიის შიშმა მოიცვა სხვა ქვეყნებიც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული სანიტარული ნიღბების ტარების პრევენციული ზომები შემოიღო ხაბაროვსკში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. ბაიკალის რეგიონში კი 500 რუბლით დაჯარიმდება მოქალაქე, რომელიც ამ წესს დაარღვევს.

ღორის გრიპის 169 შემთხვევა დაფიქსირდა სერბეთში, სადაც 2 დაავადებული დაიღუპა. დაავადებასთან ბრძოლის საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა ავღანეთში, სადაც გრიპის 700 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 273 უცხოელი სამხედრო მოსამსახურეა.

ავღანეთის ტელევიზიითა და რადიოთი არაერთგზის გადაიცემა მოსახლეობის მიმართ მოწოდება, დღეში რამდენჯემე დაიბანონ ხელი, რაც დაავადების თავიდან აცილების ყველაზე მარტივი და აპრობირებული მეთოდია.
XS
SM
MD
LG