Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 4 ნოემბერი 2009


”რეზონანსში” წაიკითხავთ: ”ლარსი სომხეთისთვის იხსნება”. ავტორი წერს: ”ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება. ტექნიკური სახის მოლაპარაკებებში, რომელსაც საქართველო და სომხეთი აწარმოებენ, რუსეთიც არის ჩართული. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ დათმობაზე არიან წამსვლელები, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებენ, მოსკოვთან მოლაპარაკებას სომხეთი ცდილობს”, - წერს ”რეზონანსი”.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს ზურაბ ჟვანიას ძმასთან. გოგა ჟვანია ამბობს, რომ ჯერ არ მოუსმენია აუდიოჩანაწერი, რომელზეც იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი საუბრობს. თუმცა ჟვანია იმეორებს, რომ მისი ძმა მოკლეს. ”პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურა ჟვანიას მკვლელებს”, - ამბობს გოგა ჟვანია ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური ”ახალ თაობას” არჩევნების მიმართ თავისი პარტიის დამოკიდებულებაზე ეუბნება: ”არჩევნებსაც, აქციებსაც, სასამართლო პროცესებსაც განვიხილავთ ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ არსენალში, როგორც ბერკეტებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებს შესაბამისად ვუყურებთ. არ მიგვაჩნია, რომ არჩევნების ბოიკოტირებით ხელისუფლებას დავასუსტებთ. ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი განახორციელებს ბოიკოტს. რადგან მთელ ოპოზიციურ სპექტრში ასეთი ერთსულოვნება არ არის, ამიტომ ჩვენ, ”კონსერვატორები”, მივიღებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას”, - ამბობზ ზვიად ძიძიგური.

”სააკაშვილის პირობებში არავითარ არჩევნებს არავითარი შედეგი არ მოჰყვება. ვისაც ჰგონია, რომ არჩევნებით რამეს მიაღწევს, ცდება. არ გვაქვს იმის ფუფუნება, არჩევნებსა და იმას დაველოდოთ, როგორ გაუცრუვდებათ იმედი პოლიტიკურ პარტიებს, როგორ გააყალბებენ ხმებს და როგორ გაიმარჯვებენ კვლავ ”ნაციონალები”, - ამბობს ანზორ ბიწაძე. მას ”ვერსია” ესაუბრა. ბიწაძე აგრეთვე ამბობს: ”კარგად და ზუსტად ვიცით, რა ფორმით, როგორ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაზე მეტად საზოგადოებაზეა დამოკიდებული.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით - ”ამჟამინდელი საქართველოს პოლიტიკის გენეალოგიური ხე”. ავტორი წერს: ”ქართული პოლიტიკის ”გენეალოგიური ხე” თავის დროზე 80-იანი წლების კომუნისტურ-კომკავშირული ელიტის, მწვანეთა პარტიისა და კიდევ რამდენიმე არცთუ ისე ძლიერი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანების ერთმანეთზე დამყნობით აღმოცენდა და მას ”მოქალაქეთა კავშირი” დაერქვა. შემდგომში, პოლიტიკური კლიმატის ცვალებადობის გამო, უცხოელმა მებაღეებმა ეს ხე ”გადაბელეს” და მასზე ”თავისუფლების ინსტიტუტში” გამოყვანილი ნერგები დაამყნეს. ამ ახალ ”მცენარეს” მათ რატომღაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უწოდეს და მასზე მოყვანილი ნაყოფით ქართული პოლიტიკური ბაზარი მთლიანად აავსეს. შემდგომ კლიმატი კვლავ შეიცვალა. დასავლურ სათბურებში კარგ პირობებს შეჩვეულმა ”ჩითილებმა” ქართველი მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა და ქართული პოლიტიკის ”ბაღში” მდგარ მთავარ ”ხეს” საკმაოდ საოცარი ”ტოტები” გამოესხა”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი და ამ ”ხის” გრაფიკულ გამოსახულებასაც სთავაზობს მკითხველს.

”24 საათში” გია ნოდია საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის საკითხზე წერს. ”სრული დეპოლიტიზაციის” ქიმერა - ანუ რას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებრივია?” - ასე ასათაურებს ის სტატიას. ნოდია განიხილავს სხვადასხვა მოსაზრებას, დღეს კანონით განსაზღვრულ პროცედურას და ასკვნის: ”სხვა მექანიზმი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ხალხის არჩეულმა პოლიტიკოსებმა განსაზღვრონ, ძნელი მოსაფიქრებელია. სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუძლიათ კანდიდატების წარდგენა, მოსაზრებების გამოთქმა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები მიიღებენ, ამას ვერსად წაუვალთ. პროცესის ”დეპოლიტიზაციაზე” შეიძლება მხოლოდ ფარდობითი და არა აბსოლუტური აზრით ვილაპარაკოთ”, - წერს ”24 საათში” გია ნოდია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG