Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერი მენილოუ და კაფე ”სამოთხე”


ბერი მენილოუ
ბერი მენილოუ
ყოფილხართ თუ არა ოდესმე ღამის 2 საათზე ამერიკულ კაფე ”სამოთხეში”? წარმოიდგინეთ, არც მე. სამაგიეროდ, ძალიან ხშირად ვუსმენ CD-ზე ჩაწერილ მუსიკალურ ალბომს ”2 a.m. Paradize Cafe“ (კაფე ”სამოთხე”, ღამის 2 საათი”) და ვუყურებ ნიუ-იორკის მაღაზია ”თაუერ რეკორდსში” შეძენილ ამავე სახელწოდების DVD-ს, რომელზეც ამ ალბომის ჩაწერის პროცესია აღბეჭდილი. მერწმუნეთ, უაღრესად საინტერესო სანახაობაა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ჯაზის პოპულარული მომღერლები სერა ვონი და მელ ტორმე, ცნობილი საქსოფონისტი ჯერი მალიგანი და, რაც მთავარია, ყველა კომპოზიციის ავტორი და შემსრულებელი, დღევანდელი გადაცემის გმირი ბერი მენილოუ. ”თაუერ რეკორდსის” მენეჯერმა მითხრა, რომ ბერის ალბომები ელვის სისწრაფით იყიდება.

საქართველოში ნაკლებად ცნობილი, მსოფლიოში კი სახელგანთქმული შოუმენი ბერი მენილოუ ხშირად ციტირებს ჯონ კენედის სიტყვებს: ”ჩვენ ვერ მივხვდებით, საითკენ მივდივართ, თუ არ გვეცოდინება საიდან მოვედით.” ბერი ალენ პინკუსი ნიუ-იორკის ებრაულ რაიონ ბრუკლინში, ღარიბულ ოჯახში, 1946 წლის 17 ივნისს დაიბადა. ბიჭუნა უმამოდ იზრდებოდა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, ესტრადაზე ის დედის, ედნა მენილოუს, გვარით გამოდის. ბავშვობაში ბერი აკორდეონზე და როიალზე უკრავდა, მოგვიანებით კი სასწავლებლად ნიუ-იორკის პრესტიჟულ ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში შევიდა. მუსიკაში მისი კარიერის დასაწყისი იღბლიანი აღმოჩნდა: მენილოუ სოულის სტილში აარანჟირებდა სიმღერებს CBS-ის ტელეარხისთვის, უწევდა აკომპანიმენტს მომღერალ ბეტი მიდლერს, წერდა ჯინგლებს ”მაკდონალდსის” და ”დოქტორ პეპერსის”კომპანიებისთვის. სამწუხაროდ, სულ მალე დროებით წარმატებას ღრმა კრიზისი მოჰყვა: ბერიმ დაკარგა სამუშაო, გაეყარა ცოლს, წავიდა სახლიდან. ეს ყველაფერი იმდროინდელი პრესის მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა.

მძიმე კრიზისის დაძლევის შემდეგ მენილოუ ინტენსიურ შემოქმედებით მოღვაწეობას შეუდგა. პოპულარის, სოულის, ჯაზის და პოპსის მიჯნაზე მან საკუთარი საშემსრულებლო სტილი შექმნა. ამას ორწლიანი მსოფლიო ტურნეც მოჰყვა, რომელიც ბროდვეიზე გამოსვლით დასრულდა. მენილოუს იმდროინდელი შოუს დამდგმელები მიტსი და კენ ფლეთჩერები მომღერლის მუსიკალობას, გულწრფელობას და სპონტანურობას ხაზგასმით აღნიშნავდნენ. საერთოდ, ბერი იმ ამერიკელ საესტრადო მომღერლებს მიეკუთვნება, რომლებიც სიმღერას არა მარტო მღერიან, არამედ ”აჩვენებენ” და მსმენელს კონკრეტულ ისტორიას უყვებიან. მან 1977 წელს პრესტიჟული პრემია ”ტონი” მუსიკის დარგში მოიპოვა. უკვე ორმოც წელზე მეტია პოპ-ვარსკლავი ბერი მენილოუ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მართავს კონცერტებს. შესანიშნავ მომღერალს, კომპოზიტორს და პიანისტს ყველგან უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ისინი დღემდე ამტკიცებენ, რომ თვით ფრენკ სინატრამ ესტრადაზე თავის მემკვიდრედ ბერი გამოაცხადა. 2005 წლიდან მენილოუ საკონცერტო პროგრამით ლას-ვეგასის სახელგანთქმულ ოტელ ”ჰილტონში” გამოდის. მისმა მორიგმა ალბომმა ჟურნალ ”ბილბორდ-200”-ში პირველი ადგილი დაიკავა. ჰიპ-ჰოპისა და პოსტ-გრანჟის ეპოქაში ძველმოდური ბალადების შემსრულებლისათვის ეს დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. კითხვას, რაშია მისი, როგორც ადამიანის, დანიშნულება, მუსიკოსი ასე უპასუხებს: ”To learn how to love“ – ვისწავლო სიყვარულიო. სინამდვილეში, მენილოუმ უფრო მეტს მიაღწია: ის თვითონ გახდა სიყვარულის მასწავლებელი.
XS
SM
MD
LG