Accessibility links

“პიგმეი”, ჩაკ პალანიკი (2009)

გადავწყვიტე, დღეიდან, თვეში ერთხელ მაინც, ყველაზე თანამედროვე ლიტერატურაზე ვისაუბროთ ხოლმე, უფრო კონკრეტულად - თანამედროვე მსოფლიო პროზაზე, კიდევ უფრო კონკრეტულად კი - რომანებზე. ვგულისხმობ თანამედროვე კლასიკოსებისა თუ ე.წ. საკულტო მწერლების, სახელოვანი მეამბოხეებისა თუ გაბედული დებიუტანტების ცხელ-ცხელ რომანებს, სულ ახლად გამოსულ ნაწარმოებებს. ბლოგების ამ ციკლისთვის “ბოლო რომანიც” მინდოდა დამერქმია, მაგრამ რადგან ყველა ამ რომანს, სხვადასხვა გზებით, ინტერნეტით ვშოულობ ხოლმე, მაინც აჯობებდა მეკობრეობის ყველაზე უწყინარი ფორმა (ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის), ლიტერატურული მეკობრეობა გამომეტანა საერთო სათაურში.

მინდა გახაროთ, რომ ჩემი ყოველი ბლოგის ბოლოს თქვენ შეგიძლიათ ლინკიც იპოვოთ, საიდანაც შეგიძლიათ გადმოიწეროთ ეს ცხელ-ცხელი რომანი.

მოკლედ ვიწყებთ: თქვენს წინაშეა ბედკრული საქართველოს შვილის, ინტერნეტ-მეკობრისა და პირატულად წიგნების გადმოწერის სპეციალისტის თვალით დანახული ყველაზე თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა და ჩვენი პირველი გმირი, თანამედროვე კონტრკულტურის რობინ ჰუდი, ჩაკ პალანიკი.

მან სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი (რიგით, თუ არ ვცდები, მეათე) წიგნი გამოსცა და ამით გული გაუხარა თავისი კულტის მსახურებს. პალანიკი ოთხმოცდაათიანების ბოლოს დაიქოქა და ორი თუ სამი რომანის გარდა მისი შემოქმედება მთლიანად 21-ე საუკუნეში გადმოვიდა, თუმცა ჩემთვის ის მაინც ნაღდ 90-იანელად დარჩა, ისეთივედ, როგორიც, ვთქვათ, მუსიკაში ტრენტ რეზნორია (Nine Inch Nails) ან Rage Against the Machine. ბევრისთვის პალანიკი თანამედროვე ამერიკული (და არა მხოლოდ) კონტრკულტურის მამაა, პროზის მერილინ მენსონი და უილიამ ბეროუზის მემკვიდრე. ზოგი ჰანტერ ტომპსონსაც ადარებდა მას, თუმცა ტომპსონი თავის ალტერ ეგოებიანა ხან რომით სკდებოდა და ხანაც ათასნაირ ნარკოტიკს ეტანებოდა, ბოდავდა, ბურტყუნებდა და გამუდმებით განზე დაბოდიალობდა, ხოლო პალანიკი, თავის გმირებიანად, ცდილობს, ცოტათი უფრო თანამედროვე და თანმიმდევრული იყოს თავის ამბოხში, მეტს მუშაობს ერთგულ მკითხველზე და კლუბური გაფრენებითაცაა დაკავებული.

ზემოთ დასახელებული ავტორებივით, ისიც მებრძოლი და აჯანყებულია და მასაც უყვარს ხელგაშლითა და ხმაურით ცხოვრება (პალანიკი “კაკოფონიური საზოგადოების” ერთ-ერთი დამფუძნებელია). იგი არ ჩერდება, ბევრს მუშაობს, რადგან კარგად იცის: ფორმიდან ამოვარდნა დავიწყების ტოლფასი შეიძლება იყოს. პალანიკი იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ყოველთვის ჩამოტარებითაა ხოლმე. იგი დიდხანს არ რჩება, მალე ცივდება და ჩადგმით შემოსული მწერლებისგან განსხვავებით, სულ უფრო ღრმად ტოპავს, ხშირად თავსაც იმეორებს, მაგრამ ყოველთვის რჩება ყურადღების ცენტრში. როგორც ამბობენ, ამერიკაში პალანიკი საერთოდ არ აინტერესებს ე.წ. “გლამურულ ახალგაზრდობას”, არამედ მხოლოდ ალტერნატიულ პუბლიკას, აი საქართველოში კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პალანიკს ყველა წრე კითხულობს, “ზეპურნიც” და “ჩანჩურებიც”.

პალანიკისტებს ეს სასაცილო რომანიც გაიტაცებთ, რომლის მოკლე შინაარსი ასეთია: აშშ-ში კულტურული გაცვლის პროგრამით, რომელიღაც გაურკვველი ტოტალიტარული ქვეყნიდან (ესაა ქვეყანა-აჯაფსანდალი, ჩრდილოეთ კორეა-კუბისა და კომუნისტური ჩინეთი-ფაშისტური გერმანიის ნაზავი) ჩადის აგენტების მთელი ჯგუფი, რომლებიც თავს ბავშვებად ასაღებენ და რომლებიც სხვადასხვა ოჯახებში ნაწილდებიან. მათ სპეცოპერაცია აქვთ დაგეგმილი, სახელად “ქაოსი” (Havoc), რომელიც ამერიკის დაჩოქებას ისახავს მიზნად (“defile security of degenerate American snake nest”). ეს ოპერაცია, როგორც, ვთქვათ, მათემატიკის ოლიმპიადა, ტურებადა აქვთ დაყოფილი აგენტების წარმგზავნელებს და მისი დასკვნითი ტური ვაშინგტონში უნდა გაიმართოს. მთავარი გმირი და მთხრობელია აგენტი ნომერი 67. მასპინძელი ოჯახის წევრებმა მას პიგმეი შეარქვეს, არა მხოლოდ სიმაღლის, არამედ რაღაც განუსაზღვრელ-გამოუცნობი განსხვავებულობის გამო.

იგი ოთხი წლიდან იზოლაციაში იზრდებოდა, გაიარა უმკაცრესი წვრთნის პროგრამა, შეისწავლა მეცნიერებები და ახლა საპასუხისმგებლო დავალებით ჩამოვიდა ზესახელმწიფოში, სადაც სედარების ოჯახში “ჩაინერგება” და საქმიანობას შეუდგება. სედარების ოჯახის წევრები არიან: მამა, პიგმეის ენაზე Cow father, ქრისტიანული პორნოს ფანი, რადიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, კაცი, ვისაც თავის ინსტიტუტში რაღაც ბიოტოქსინებზეც მიუწვდება ხელი; დედა chicken mother - ვიბრატორების უზარმაზარი კოლექციით; უფროსი ვაჟი - pig dog brother (ამას ერთი კაი ტომი გამოუვა იმდენ სიტყვას იყენებს ძუძუების აღსანიშნად); და უმცროსი დაი, Cat Sister, პიგმეის სიმპათია.

რომანი შედგება გზავნილებისგან, ანუ პატაკებისგან (Dispatch), რომლებსაც პიგმეი აგზავნის სამშობლოში და მის ნაპატაკებში ამერიკა მსუქანი ფარისევლებით სავსე ქვეყნად წარმოგვიდგება: სექსუალური გადახრების მქონე მღვდელმსახურები, ზომბირებული მომხმარებლები, ფულზე გაგიჟებული ტიპები, რასისტები გულისამრევი რელიგიურობით, შვილები, რომლებიც დედის დღეზე მშობლებს ვიბრატორებს ჩუქნიან და ა.შ...

ცალკე საკითხია რომანის ჟანრი და ენა. ესაა ზღვრამდე მიყვანილი ეპისტოლარული რომანი, არადა გაიხსენეთ რითი დაიწყო ამ ჟანრის ისტორია. თავი დავანებოთ ანტიკურობას, თავისი ციცერონებითა და სენეკებით, მარტო XVIII საუკუნის ლაკლოებისა და რუსოების, რიჩარდსონებისა და სმოლეტების გახსენება იქნებოდა საკმარისი. ჩვენს დროში ჯონ ბარტის Letters მახსენდება კიდევ, თუმცა ენის თვალსაზრისით პალანიკმა ყველას გადააჭარბა. რომანი ისეთ კაკუნა “მორზე” ენაზეა დაწერილი (სადაც ძალიან იშვიათად გამოერევა ხოლმე სამ და ოთხმარცვლიანი სიტყვები), რომ ჰემინგუეი მონაგონია მასთან შედარებით. ოღონდ ერთი განსხვავებით, ეს თანამედროვე რომანი არარსებულ და აქამდე გაუგონარ დიალექტზეა შექმნილი და ავტორმა ერთ-ერთ ინტერვიუში პოემაც კი უწოდა თავის წიგნს. გადმოიწერეთ “პიგმეი” ლინკიდან, გადაშალეთ ნებისმიერ ადგილას, წაიკითხეთ ერთი აბზაცი და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

რომანი ონომატოპეის, ანუ ხმაბაძვითობის ნამდვილი საცავიცაა: swish-zonk, jab-boom, rip-roar, pow-pow, kam-pow, zing-wring, წერს პიგმეი თანამებრძოლებს და ვერც კი ხვდება, რომ ამით იგი ე.წ. თანამედროვე “კოინე ენას” ამკვიდრებს, რა ენაზეც ალბათ სულ მალე ამეტყველდებიან პალანიკის მიმდევრები.

Chuck Palahniuk – Pygmy

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG