Accessibility links

ტირძნისელი მოზარდების გატაცების სამი ვერსია არსებობს


4 არასრულწლოვანი ტირძნისიდან გუშინ შუადღით გაუჩინარდა. როგორც ტირძნისის სკოლის დირექტორი კახა კახიაშვილი აცხადებს, დაკარგული მოსწავლეები გაკვეთილებს სისტემატურად ესწრებოდნენ და მათი ტერორიზმში დადანაშაულება აბსურდია. მისი თქმით, ბავშვების კვალი გუშინ სწავლის დასრულების შემდეგ დაიკარგა. სოფელში ვერ აკონკრეტებენ, მოსწავლეები ცხინვალის ტერიტორიაზე როგორ მოხვდნენ. ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ერთერთმა მოსწავლემ, რომლის მამაც ცხინვალში ცხოვრობს, მეგობრები დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში დაპატიჟა, სადაც ისინი დააპატიმრეს კიდეც. დღეს დილით, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა მხოლოდ იმ მოზარდის გაუჩინარების ფაქტი დაადასტურა, რომლის მშობელიც ცხინვალში იმყოფება. მეორე ვერსიით, ბავშვები სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. სოფელი ტირძნისი ცხინვალიდან დაახლოებით 10 კოლომეტრით არის დაშორებული და მათ შორის რამდენიმე ქართული სოფელი მდებარეობს. მესამე ვერსიით - ერთერთი მოზარდის ნათესავი ცხინვალის მილიციის განყოფილებაში მუშაობს. მას, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ხეითში დარჩენილ ბებიასთან, ხშირად გადაჰყავდა ხოლმე ბავშვი. ამ უკანასკნელი ვერსიით, ცხინვალის მილიციის თანამშრომელს ამჯერადაც გადაჰყავდა ნათესავი ბავშვი მეგობრებთან ერთად და სწორედ მაშინ დააკავეს. დაკავებული მოზარდების ოჯახის წევრები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალს დაკავებული 4 არასრულწლოვანი ქართველის გათავისუფლებას კატეგორიულად სთხოვს.
XS
SM
MD
LG