Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ოცნება ამერიკულად


გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
ყოველ წელიწადს, 6 ნოემბერს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ემიგრანტ გივი ზალდასტანიშვილის ხსოვნის დღეს აწყობს. არც წლევანდელი წელი ყოფილა, ამ მხრივ, გამონაკლისი. ამერიკული აკადემიის პედაგოგების თქმით, ეს დღე საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეიტყონ, ვინ იყო გივი ზალდასტანიშვილი და რას ემსახურებოდა მისი ცხოვრება. ამერიკული აკადემია, რომლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, თბილისში 8 წლის წინ სწორედ გივი ზალდასტანიშვილის ძალისხმევით დაფუძნდა.

როგორც ყოველთვის და ყველგან, პირველად აქაც იდეა გაჩნდა. იდეა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანებულიყვნენ სამშობლოს სიყვარულით შეპყრობილი, პატრიოტი ადამიანები. იდეა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა - მაშინ, როდესაც გათბობისა და ელექტროენერგიის პრობლემა უფრო წინ იდგა საქართველოში, ვიდრე განათლება. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამოც, ამერიკული აკადემიის დაარსება საქართველოში, რამდენიმე წლით გადაიდო და ამ იდეის განხორციელება მხოლოდ 2001 წელს გახდა შესაძლებელი - მაშინ, როდესაც თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ამერიკული აკადემია. აკადემიის დაარსების იდეის ავტორი გივი ზალდასტანიშვილი იყო.

ამერიკული აკადემია ყოველ წელს, 6 ნოემბერს, გივი ზალდასტანიშვილის ხსოვნის დღეს აწყობს. ამ დღეს ახალ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიტყონ გივი ზალდასტანიშვილის საკმაოდ რთული ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალები.

გივი ზალდასტანიშვილის ოჯახი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ შეერთებულ შტატებში მოახერხა გივი ზალდასტანიშვილმა წარმატებული ბიზნესმენის კარიერის შექმნა. მან ემიგრაციაში 60 წელზე მეტი გაატარა, მაგრამ, როგორც ამერიკული აკადემიის პედაგოგი ნია ჭაჭიაშვილი ამბობს, მიუხედავად სამშობლოსთან ასეთი ხანგრძლივი განშორებისა, მას აღმოაჩნდა საოცარი ნიჭი სიცოცხლის ბოლომდე შეენარჩუნებინა საქართველოს სიყვარული და საკუთარი მოღვაწეობა მხოლოდ თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ წარემართა:

”კარგი იქნება, თუკი ბავშვებს ეცოდინებათ, როგორი ადამიანი იყო გივი ზალდასტანიშვილი. მას არაჩვეულებრივი თვისება ჰქოდნა, რომ ყველა იდეა ბოლომდე მიეყვანა. მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი განშორებისა სამშობლოსთან, მისი ოცნება არ გაფერმკრთალდა და, საბოლოოდ, ამერიკული აკადემიის შექმნით საქართველოს არაჩვეულებრივი საქმე გაუკეთა”, - ამბობს ნია ჭაჭიაშვილი.

გივი ზალდასტანიშვილის სწორედ ამ თვისების წყალობით შეიქმნა თბილისში ამერიკული აკადემია, რომლის მთავარი მიზანიც, თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის გამოყენებით, მოსწავლეებში პატრიოტიზმის გაღვიძება და საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გაღრმავებაა.

გივი ზალდასტანიშვილს სურდა საკუთარ ქვეყანას თუნდაც სულ მცირედით გამოსდგომოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ქართველი მოზარდებისათვის შეექმნა თანამედროვე, დასავლური ტიპის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა, სადაც სავსებით შენარჩუნდებოდა ქართული კულტურული თვითმყოფადობა, - აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამერიკული აკადემიის დირექტორი რიჩარდ ლასენი. მისივე თქმით, აკადემიამ მოახერხა გივი ზალდასტანიშვილის ამ იდეის განხორციელება.

”აკადემიის უმთავრესი იდეა იყო ის, რომ ქართველი მოსწავლეები განათლების სფეროში არსებული უახლესი მეთოდებით ისწავლიდნენ, რის შედეგადაც ჩამოუყალიბდებოდათ ანალიტიკურ-კრიტიკული აზროვნება და გამოუმუშავდებოდათ საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და უნარი. გარდა ამისა, ეს აკადემია უნდა ყოფილიყო საქართველოს განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმების მოდელი. ჩვენ ეს მოვახერხეთ. აღსანიშნავია, რომ ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულების უმეტესი ნაწილი სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს. შედეგებმა აჩვენა, რომ სკოლა ძალიან წარმატებულია და ზუსტად ასრულებს იმ მისიას რაც, გივი ზალდასტანიშვილმა დაისახა მიზნად”, - ამბობს რიჩარდ ლასენი.

ამერიკულ აკადემიაში დღეს 200-მდე მოსწავლე სწავლობს. აკადემიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ისიც, რომ მის კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ უმაღლესი განათლება მიიღონ მსოფლიოს ცნობილ და წამყვან უნივერსიტეტებში. თუმცა აკადემიის ერთ-ერთ დაუწერელ კანონად დღემდე რჩება ის, რომ საზღვარგარეთ განათლებამიღებული ახალგაზრდები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. ნათია კვაჭანტირაძე ამერიკული აკადემიის პირველი კურსდამთავრებულია. წელს მან ჰარვარდის კოლეჯი დაამთავრა, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. მისი თქმით, ამერიკულ აკადემიაში მას ასწავლეს, რომ ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია და რომ ყველა ოცნების განხორციელება შეიძლება, თუკი მოინდომებ: ”სკოლის მისია და იდეოლოგია იყო იმდენად განსაკუთრებული, რომ ვფიქრობ, მოვალე ვარ დავბრუნდე საქართველოში და ვითანამშრომლო ჩემს აკადემიასთან და, შესაბამისად, ჩემს ქვეყანასთანაც.”
XS
SM
MD
LG