Accessibility links

logo-print

კონსტიტუციური ცვლილებები კომისიის გვერდის ავლით


საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია

მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღის წესრიგში შეიტანა ეკონომიკის თავისუფლების აქტიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. პროცედურის თანახმად, პროექტი, ბიუროს ეტაპის გავლისა და პარლამენტის დადგენილების მიღების შემდეგ, საერთო სახალხო განხილვისთვის საჯარო დოკუმენტი ხდება. პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით მომზადდა, რასაც კომისიის მდივანი კომისიის შესახებ პრეზიდენტის აქტის უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

ეკონომიკის თავისუფლების აქტიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შინაარსი ცალკე საკითხია და ახლა მას არ შევეხები, - გვითხრა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა, რომელიც, კომისიის იგნორირების გამო, მმართველი ძალის მისამართით პრეტენზიას გამოხატავს:

თენგიზ შარმანაშვილი
„გრძელდება ის მავნე პრაქტიკა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა ცვლილებებს კონსტიტუციაში ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე ამზადებს. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ დიალოგის რეჟიმს.“

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, პრეზიდენტის აქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო რეფორმის გატარების მიზნით შეიქმნა. აქტმა განსაზღვრა სწორედ ის ძირითადი ვალდებულებები, რომლებსაც კომისია კონსტიტუციის ახალი რედაქციის მოსამზადებლად ღებულობდა. ამ ვალდებულებებს შორის უმთავრესი საზოგადოებრიობის ფართო წარმომადგენლობის შექმნა და ყველა ინიციატივის შესახებ დიალოგის წარმოება და გადაწყვეტილების კონსენსუსის გზით მიღება იყო. ნორმატიული აქტის მომზადება ტექსტზე მუშაობას გულისხმობს. საკონსტიტუციო კომისია კი უკვე მეორედ აღმოჩნდა ფაქტის წინაშე, როდესაც მთავრობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს კომისიის გვერდის ავლით მიეწოდება - თანაც ისე, რომ პროექტის არც სამუშაო და არც საბოლოო ვარიანტი კომისიაში წარდგენილი არ ყოფილა. ასე მოხდა პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანის საკონსტიტუციო ცვლილების მომზადების შემთხვევაში. ასე მოხდა ეკონომიკის თავისუფლების პაკეტიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების შემთხვევაშიც. თენგიზ შარმანაშვილის პრეტენზიებს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მისამართით იზიარებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც, რომელიც, ამავე დროს, ცდილობს მთავრობის გადაწყვეტილებას გარკვეული ახსნა მოუძებნოს:

ავთანდილ დემეტრაშვილი
„ერთადერთი გამართლება, თუ ამას გამართლება შეიძლება დავარქვათ, ის არის, რომ პირველი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ეხებოდა პარლამენტის პლენარული სხდომების ჩატარებას ქუთაისში, ჩვენამდე იყო, კომისიის შექმნამდე გაჟღერდა. თუმცა ითქვა ისიც, რომ საკონსტიტუციო კომისიაში შემოვიდოდა, მაგრამ არ შემოვიდა. და მეორე გამართლება, თუ შეიძლება ამას გამართლება დავარქვათ, არის ის, რომ ჩვენთან მაინც შემოვა მეორე კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ეკონომიკის თავისუფლების აქტიდან გამომდინარეობს. ანუ ერთი კომპონენტი იქნება“, - ამბობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე და დასძენს, რომ, დღეს არსებული კანონმდებლობის მოთხოვნით, კონსტიტუციური პროცესის დაწყებამდე პროექტი საკონსტიტუციო კომისიაში უნდა შესულიყო.
XS
SM
MD
LG