Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მუხროვანის ამბოხის” მოწმემ ბრალდების ვერსია შეამსუბუქა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარჯვნივ) ესაუბრება "მუხროვანის ამბოხის" მონაწილეებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარჯვნივ) ესაუბრება "მუხროვანის ამბოხის" მონაწილეებს
მუხროვანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პოლკოვნიკ თელიას მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ბრალდების ვერსია რუსეთის დახმარებით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და სამხედრო ამბოხის შესახებ.

ამ კვირაში სასამართლო პროცესზე მთავარი მოწმე, სახმელეთო ჯარების სარდალი პოლკოვნიკი შმაგი თელია დაიკითხა. იგი ერთადერთი ოფიციალური პირი იყო, რომელიც 5 მაისს, ადრე დილით, პირველი შევიდა მოსალაპარაკებლად მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მყოფ დაუმორჩილებელ სამხედრო მოსამსახურეებთან.

მუხროვანის სასამართლო პროცესს, რომელიც 3 თვეა მიმდინარეობს, ეროვნული არხები და სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მედია არ აშუქებს. რეგულაციის ახალი წესების თანახმად, სასამართლო დარბაზში არ შეიძლება აუდიო და ვიდეო-ჩანაწერების გაკეთება, თუმცა პროცესს გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტები ესწრებიან. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო 3 ნოემბრის სხდომა, რომელზეც, მოწმის სახით, საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდალი პოლკოვნიკი შმაგი თელია დაკითხეს.

სააგენტო “სივილ გი”-ს თანახმად, შმაგი თელიამ განაცხადა, რომ ორჯერ იმყოფებოდა მოსალაპარაკებლად მუხროვანის სატანკო ბატალიონში, სადაც უსიამოვნო საუბარი ჰქონდა ბატალიონის მეთაურ მამუკა გორგიაშვილსა და შტაბის უფროს ლევან ამირიძესთან.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ”შიდაუწყებრივ პრობლემებს”. საუბრის დროს გორგიაშვილმა და ამირიძემ ”უკმაყოფილება გამოხატეს შიდაუწყებრივ საკითხებზე, გენინსპექციაზე, სამხედრო პოლიციაზე, ასევე სამხედრო აღლუმთან დაკავშირებით.”

თელიას თქმით, იმ დროს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღლუმის გამართვა იგეგმებოდა. მოგვიანებით ხელისუფლებამ აღლუმის ჩატარების გეგმა გააუქმა.

როგორც “სივილ გე” წერს, 3 ნოემბრის სხდომაზე თელიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ ამირიძემაც და გორგიაშვილმაც უთხრეს მას შეხვედრისას, რომ არ ეთანხმებოდნენ აღლუმის ჩატარებას.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანის კითხვაზე, კონკრეტულად რას მოითხოვდნენ გორგიაშვილი და ამირიძე, ან რაიმე ულტიმატუმს თუ აყენებდნენ, თელიამ უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა, რას ითხოვდნენ ისინი და რომ არანაირი ულტიმატუმი მათ არ წამოუყენებიათ.

თელიამ ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ გორგიაშვილთან შეხვედრამდე და ბაზის ტერიტორიაზე შესვლამდე მას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჯავშანსატანკო ბატალიონი ბაზის ტერიტორიის დატოვებას და ნაწილის გარეთ გადაადგილებას გეგმავდა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაინახა ბოქსებიდან გამოსული ერთი ტანკი და ორი ჯავშანტრანსპორტიორი, მას არ დაუნახავს ტერიტორიის დასატოვებლად მზად მყოფი მძიმე ტექნიკის ”კოლონა”. მან ასევე განაცხადა, გორგიაშვილმა საუბრისას მითხრა, რომ არ ჰქონდა განზრახული ნაწილის ტერიტორიის გარეთ გადაადგილების ბრძანება გაეცაო. წინა მოსმენებზე სხვა მოწმეებმაც უთხრეს სასამართლოს, გორგიაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ბაზის ტერიტორიის დატოვების ან ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანების გაცემასო.

როგორც ცნობილია, გორგიაშვილს და ამირიძეს ხელისუფლების დამხობის მცდელობასა და დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. თავდაპირველი ვერსიის თანახმად, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტელეკომპანიები გადასცემდნენ, მუხროვანში ამბოხებულებს კავშირი ჰქონდათ რუსეთის საოკუპაციო ჯართან. აი, რას აცხადებდა 5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი:

“ამ ამბოხის ორგანიზატორებად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გვევლინებოდნენ ყოფილი მაღალი სამხედრო ჩინოსნები. როგორც ჩანს, ეს გეგმა კოორდინირებული იყო რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. ამბოხებულების ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსებთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს. და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მოყვანილია, ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგომარეობაში.”

წინასწარი გამოძიების დროს გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში თელია აცხადებს,”გამორიცხული არ არის”, რომ კობა კობალაძე, გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე ბატალიონის მეთაურის ოთახში ყოფილიყვნენ მაშინ, როდესაც გორგიაშვილს და ამირიძეს ვესაუბრებოდიო. სწორედ ეს სამი ადამიანი დაასახელა პროკურატურამ ამბოხების და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა შორის.

კობალაძის ადვოკატის კითხვაზე, რატომ ჰგონია მას, რომ კობალაძე შეიძლება მეთაურის კაბინეტში ყოფილიყო, სადაც ის არ შეუშვეს, თელიამ უპასუხა, რომ ეს მისი ”ვარაუდია”. მისი თქმით, საუბრის დროს გორგიაშვილმა და ამირიძემ რამდენჯერმე დატოვეს ოთახი და მეთაურის კაბინეტში გავიდნენ და მას შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ისინი იმ ოთახში ვიღაცას ეთათბირებოდნენ. თუმცა მას არ უთქვამს, რომ პირადად ნახა ეს სამი ადამიანი.

ოქტომბერში სასამართლოს მიერ დაკითხულმა რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ მათ ნახეს ოთანაძე და კრიალაშვილი ბატალიონის მეთაურის კაბინეტში, თუმცა არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ იქ კობალაძეც დაინახეს.

”ამ ხალხს, ბოროტების გარდა, საქართველოსთვის არაფერი არ გაუკეთებია. ესენი არიან ჩამოყალიბებული თავისი მენტალიტეტით და აქვთ აბსოლუტურად კრიმინალური გადახრა. და ეს ყველამ ვიცოდით ... კობალაძეს არ უნდა ებოგინა თავისუფლად ამდენი ხანი საქართველოში, და კიტოვანის მთელ “ბრიაშკას” არ უნდა ებოგინა”, - განაცხადა სააკაშვილმა 5 მაისს, სავარაუდო სამხედრო ამბოხის დასრულებისთანავე, მუხროვანის ბატალიონში ყოფნისას.

გენერალ კობა კობალაძის დაცვას მიაჩნია, რომ ამ განცხადებით პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და ბრალდებას გარკვეული მიმართულება მისცა.

კობა კობალაძის ამბოხების ორგანიზებაში მონაწილეობის ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ ერთი მოწმის, გადამდგარი მაიორის გია ღვალაძის, წინააღმდეგობრივ ჩვენებას. წინასწარი გამოძიებისას ღვალაძე, კობა კობალაძის გარდა, ამბოხების ორგანიზატორებად ასახელებდა ყოფილ თავდაცვის მინისტრებს დავით თევზაძესა და გია ყარყარაშვილს, ყოფილ უშიშროების მინისტრს ჯემალ გახოკიძეს და ყოფილ გენერალური შტაბის უფროსს ჯონი ფირცხალაიშვილს.

გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის აღიარების შემდეგ გია ღვალაძესა და კიდევ 12 განსასჯელთან, რომლებმაც აღიარეს დაუმორჩილებლობა, 28 სექტემბერს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მათ 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG