Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 5 ნოემბერი 2009


დღევანდელი გაზეთები ბევრს წერენ ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის გამოცხადებული ამნისტიის შესახებ. ”24 საათი” აქვეყნებს ვრცელ სტატიას, რომელიც ამნისტიის დეტალებს ხსნის და ასევე საერთაშორისო პრაქტიკა მოჰყავს მაგალითად. ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელ ქვეყნებშიც კი ნარკომოვაჭრეების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მკაცრიაო, - წერს გაზეთი და ამატებს, რომ ამნისტია ნარკოტიკების გამყიდველებს და დამამზადებლებს არც საქართველოში შეეხებათ.

”ახალი თაობა” წერს, ამნისტიის გამო პარლამენტარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენო. გაზეთი წერს, საპარლამენტო ოპოზიცია იმ პირთა წრის გაფართოებას ითხოვს, ვისაც ამნისტიის ერთჯერადი აქტი უნდა შეეხოსო და მოჰყავს ქრისტიან-დემოკრატი მაგდა ანიკაშვილის სიტყვები: თუ ეს ადამიანები დაავადებულნი არიან, მაშინ რა აზრი აქვს ერთჯერადი აქტის მიღებას? ეს კანონპროექტი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტსო. - სტატიას, სათაურით ”ვის უნდა შეეხოს ამნისტია”, ”ახალ თაობაში” ნახავთ.

პარლამენტში დაპირისპირებაზე წერს ”რეზონანსი”, ოღონდ სხვა სახისაზე. კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება 2 დღის წინ აღუდგა, შეიძლება პლენარულ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადოსო, - წერს გაზეთი. ”რეზონანსის” ცნობით, გამსახურდიას გადაწყვეტილება ბოიკოტის გამოცხადების შესახებ არ მიუღია, თუმცა ამის შესაძლებლობას არც უარყოფს. რა იწვევს კონსტანტინე გამსახურდიას უკმაყოფილებას? ”რეზონანსი” წერს, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარეც გახდება გამსახურდია, წევრებს ვერ აგროვებს, რადგან ამ კომისიის წევრობა არავის სურს და ის პირები, ვინც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, ამ კომისიის წევრები არ იქნებიანო.

”ყველა სიახლე” აქვეყნებს მცირე ინტერვიუს კულტურის სამინისტროს კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილთან. შეკითხვაზე, ”მართლა ”რივერდანსის” კონცერტის გამო გადადგა თუ არა, ოქიტაშვილი პასუხობს: ”ტყუილია. გადადგომას უკვე ორ თვეზე მეტია ვაპირებდი. ვგეგმავ ახალი საპროდიუსერო ფირმის ჩამოყალიბებას და გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.”

”ჯორჯიან ტაიმსი” წერს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, თუ როგორ გადანაწილდება ხელისუფლება ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიო. ”ბურჯანაძე პრეზიდენტი იქნება, ნოღაიდელი - პრემიერ-მინისტრი, ოქრუაშვილი ჩაიბარებს ძალოვან სტრუქტურებს, ხოლო ეროსი კიწმარიშვილი იქნება ხელისუფლების ე.წ. იდეოლოგიური ბლოკის ხელმძღვანელი საინფორმაციო სფეროში.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG