Accessibility links

logo-print

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა საერთაშორისო ჯილდო მიიღო


რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის აზერბაიჯანულმა სამსახურმა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ხუთშაბათს ლონდონში გამართულ საზეიმო საღამოზე გამოცხადდა, რომ ”მაუწყებლობის საერთაშორისო ასოციაციის” ჯილდო Media Excellence Award ნომინაციაში ”ერთი მოვლენის შესახებ საუკეთესო რადიო-რეპორტაჟი” 2009 წელს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს გადაეცა. კერძოდ, პირველი პრიზი დაიმსახურა რეპორტაჟების სერიამ აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ რეფერენდუმზე, რის შემდეგაც ილჰამ ალიევს სიცოცხლის ბოლომდე მართვის უფლება მიეცა. ”ეს აღიარება ადასტურებს, რომ ჩვენს წინააღმდეგ მთავრობის მიერ წინაღობების შექმნის მიუხედავად, ჩვენი ჟურნალისტები კვლავაც ბრწყინვალედ ასრულბენ თავიანთ საქმეს”, - განაცხადა აზერბაიჯანული სამსახურის - ”რადიო აზადლიყის” დირექტორმა ქენან ალიევმა. რეფერენდუმამდე სამი თვით ადრე აზერბაიჯანის მთავრობამ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს - ”რადიო აზადლიყსა” და სხვა საერთაშორისო მაუწყებლებს აზერბაიჯანში FM-სიხშირეზე მაუწყებლობა აუკრძალა. ამის შედეგად აზერბაიჯანულმა სამსახურმა მსმენელთა 85% დაკარგა, რადგან დღეს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის გადაცემების მოსმენა მხოლოდ მოკლე ტალღებზე, სატელიტური რადიოებითა და ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG