Accessibility links

logo-print
სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლასტიკურ ოპერაციებზე არც კი უფიქრია. დარჩა ასეთი - სქელი ტუჩებიით, პატარა და ელამი თვალებით, კეხიანი, გრძელი ცხვირითა და მოღუნული ფეხებით - სასაცილო გოგონა, რომელიც 15 თვის იყო მამა რომ გარდაეცვალა. მოგვიანებით კი, მართლაც რომ ცხოვრების ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა, განაცხადა: ”როცა მითხრეს, ხმა გაქვსო, ეგრევე გავიფიქრე - გამოდის, რომ მამა არ მყავს... მაგრამ ხმა მქონია”

ჰოდა, რა ხდება იცით?

ბარბრა სტრეიზენდის ახალ დისკში, მომღერალს აღარ აქვს ძველებურად წკრიალა ხმა. ბზარი შეეპარა და ასაკი. ამან კი უფრო გაალამაზა. თითქოს ”ისტორიით” გაამდიდრა ბარბრას ვოკალი. "არ მიმატოვოს” როცა მღერის, ერთგან თითქოს ცრემლს ყლაპავს. ბარბრას კლასიკურ დევიზს ”იმღერე ისე, როგორც საუბრობ” ახალი ემატება: ”იმღერე ისე, როგორც ტირი”
ძნელია იმის თქმა რა ატირებს. პირადი ცხოვრება მოწყობილი აქვს. თავისი ერთადერთი ვაჟის მიმართ დანაშაული მას მერე ”გამოისყიდა”, რაც გეების უფლებების დაცვა დაიწყო (არადა, ხომ გახსოვთ, როგორ გაცოფდა, როცა შვილმა საიდუმლო გაუმხილა?). ბარბრა სტრეიზანდი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება ამერიკულ შოუ-ბიზნესში.

ასაკი?

არა. ბარბრას ასაკი სადა აქვს? იგი იმ ადამინების კატეგორიას მიეკუთვნება, ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა, კინორეჟისორმა და კინოკრიტიკოსმა თამრიკო დულარიძემ ”თაობებს მიღმა მყოფები” რომ უწოდა. ეს იშვიათი ჯიშია კაცობრიობის ისტორიაში; ხალხი, რომელიც დროს არ ემორჩილება. მაშინაც კი, როცა რაღაც პროცესის გააზრებას ცდილობს ( ”ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ზრდის პროცესი, ადამიანის შესაძლებლობების ზრდის პროცესი” - ეს ბარბრა სტრეიზენდის სიტყვებია). კაცობრიობა სულ მუდამ ცდილობს ასეთი ჯიშის ხალხის ”მითვისებას”. ზოგჯერ წარმატებითაც.

ისევ თამრიკო დულარიძე მომაგონდა ეხლა. მახსოვს, როგორი ცხარე კამათი გაიმართა რობერტ სტურუას ”რიჩარდ მესამის” პრემიერის შემდეგ. ვიღაცამ უთხრა, გენიალური სპექტაკლია. სტურუამ შექსპირი თანამედროვე გახადა. ჩვენამდე მოიტანაო. თამრიკოს პასუხმა არ დააყოვნა: ”ესაა ხელოვნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მივიდეთ შექსპირთან...აქეთ ”მოგვაქვს” მისი პიესები?”... აბა რა გინდათ, 16-ე საუკუნეში დავბრუნდეთო? - იკითხა ვიღაცამ.

რუსულად უპასუხა:

”Извини детка, но Шекспир плевать хотел на этот XVI век... Да и на ваш XX век тоже”

შექსპირს დრო საერთოდ არ ადარდებდაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯიშის არტისტებს არც დაბერების ეშინიათ, არც სიკვდილის. ეს ჯიში ცხოვრობს ”განზომილებაში”, რომელსაც თავისუფლება ჰქვია.

მაგრამ ვინა თქვა, რომ თავისუფალთა ჯიში ბედნიერია? რომ სიცოცხლე ახარებს და არასდროს ტირის? იქნებ ბარბრას თუნდაც იმ ქალების ბედი ატირებს, კაცების ძალადობის მსხვერპლნი რომ გახდნენ? ხომ იცით, რამხელა თანხას ხარჯავს იგი ყოველწლიურად ასეთი ქალების, აგრეთვე იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთაც მშობლები სცემენ? თავისუფლება ბედნიერება არ არის. თავისუფლება - ტვირთია. სხვა საქმეა, რომ ამ ტვირთის მუდმივ ზიდვას, ადრე თუ გვიან ჯილდო მოყვება ხოლმე.

უშნო და სასაცილო გოგონას დასცინოდნენ. უკვირდათ, რომ არ ჰქონდა სურვილი გამხდარიყო ისეთი, როგორიც სხვები არიან. უკვირდათ და ბრაზდებოდნენ.

ხალხს არ უყვარს ამ ჯიშის ადამიანები. ისინი ვინც შესძლო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მათ აშინებენ. მათ ”გადაკეთებას” ცდილობენ. ყველაფერს აკეთებენ, რათა ”აქეთ წამოიღონ” და დაიმორჩილონ.

ბარბრამ ამას გაუძლო და დაჯილდოვდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ 67 წლის მომღერლის ახალი ალბომი ჯერ შეერთებული შტატების ჰიტ-აღლუმებში გავიდოდა პირველ ადგილზე, ცოტა ხანში კი ბრიტანეთში აჯობებდა ყველას. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბარბრა, თავისი დისკით ”სიყვარული - პასუხია” ერთი დარტყმით დაამარცხებდა მადონას და მარაია კერის...და ახლადგამომცხვარ ნორჩ ვარსკვლავებს, ”თანამედროვე მუსიკას” რომ ანიჭებენ უპირატესობას, მოდას რომ ქმნიან...ე.ი. დროს რომ ემორჩილებიან

ეს წარმატება კი ხომ ხვდებით რასაც ნიშნავს?

სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის ადამიანი აუცილებლად დაჯილდოვდება. ადრე თუ გვიან... ეს კანონზომიერებაა, მათემატიკაა!

მაგრამ მთავარი ისაა, რომ არის შანსი, ”ერთნაირობა” - ერთნაირი სიმღერა, ერთნაირი აზრი, ერთნაირი კატლეტი მოდიდან გადავიდეს.

მთავარი ისაა, რომ ჩვენს ”უნიფიცირებულ დროში”, როცა ნელ--ნელა ყველა და ყველაფერი ემსგავსება ერთმანეთს, ”ჰიტ-აღლუმების” სათავეში უნიკალური, განსხვავებული ხვდება - ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით და თავისი ხმით იცხოვრა. ყველამ რომ შევძლოთ ეს... ერთ მშვენიერ დღეს რომ გავიღვიძოთ და ჩვენს თავს ვუთხრათ: ”მორჩა, მე აღარავის მივეკუთვნები. მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო”, აზრზე ხართ, როგორი მრავალფეროვანი გახდება სამყარო? როგორი საინტერესო, როგორი ლამაზი, როგორი მდიდარი?

ესეც ჯილდო იქნება... ანუ პასუხი სიყვარულზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG