Accessibility links

logo-print

7 ნოემბერს დაზარალებულთა საქმე სტრასბურგშია

  • ნინო როდონაია

საპროტესტო აქციის დარბევა პოლიციის მიერ, რუსთაველის გამზირი, თბილისი, 2007 წლის 7 ნოემბერი

საპროტესტო აქციის დარბევა პოლიციის მიერ, რუსთაველის გამზირი, თბილისი, 2007 წლის 7 ნოემბერი

2007 წლის 7 ნოემბერს, სპეცრაზმელებმა თბილისში ჯერ მშვიდობიანი მანიფესტანტები, შემდეგ კი - ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს. ძალის გამოყენების გამო, საქართველოს ხელისუფლება მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ობიექტადაც იქცა. თავად ქვეყნის ხელისუფლებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბერმა შეცდომები ყველას დაანახა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს საგანგებო სიტუაციას, 8 ნოემბერი, 2007 წელი
„შვიდმა ნოემბერმა ჩვენ ყველას გვასწავლა დიდი გაკვეთილი. დაგვანახა ის შეცდომები, რომელსაც მანამდე ვუშვებდით ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება. დაგვანახა, რამდენად მეტად უნდა უსმინოს მთავრობამ და პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს, რომ არ ჩაწყდეს ხიდი და არ გაწყდეს დიალოგი მთავრობასა და საზოგადოების თუნდაც ყველაზე პატარა ჯგუფს შორის“ - განაცხადა შარშან, ოქტომბერში ერთ-ერთი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.

თავად საზოგადოების ნაწილი 2007 წლის ნოემბრის მოვლენათა გამოძიებას, დამნაშავეთა დადგენას და დასჯას დღემდე მოითხოვს. მოთხოვნის გარეშეც, მსგავსი ფაქტების გამოძიებას სახელმწიფოს ევროკონვენცია ავალდებულებს - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ. მისი განმარტებით, „ეს არ არის ვიღაცის პოლიტიკური კეთილი ნების საგანი, ან მიღებული გაკვეთილის შედეგად მონანიების ფარგლები. ეს პირდაპირი მოვალეობაა, რომლის დარღვევა ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ევროკონვენციით დაკისრებული ვალდებულება დაარღვია.“ ამ კონვენციით, დამნაშავე სწრაფი და ეფექტური გამოძიებით უნდა დადგინდეს და შესაბამისად დაისაჯოს.

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, იურისტებმა პროკურატურას რიყეზე აქციის დარბევისას დაზარალებული რამდენიმე ადამიანის საქმის გამო მიმართეს. მათგან სამი მოქალაქე, რომლებმაც სპეცრაზმელთა მიერ იარაღის გამოყენებით უმძიმესი ტრავმები მიიღეს, პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო. ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, „როდესაც ხდება მსგავსი მძიმე ტრავმის მიყენება, ან სიკვდილი, სახელმწიფო ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ეს მისი ბრალით გამოწვეული არ არის და ჩაატაროს ეფექტური გამოძიება. ასეთია ევროპული სტანდარტი. თუ დაადგინე და სასამართლომდე საქმე არ მივიდა, ან განაჩენი არ არსებობს, ესეც დარღვევაა.“

საპროტესტო აქციის დაშლა, 7 ნოემბერი, 2007 წელი
პროკურატურამ სამი, პრაქტიკულად, დაინვალიდებული ადამიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა კონკრეტული პირები, რომლებმაც რიყეზე იარაღი გამოიყენეს. თავის მხრივ, ლია მუხაშავრია იდენტიფიკაციის პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მისივე განმარტებით, „გამოყენებული იარაღი ვიღაც უცნობ კრიმინალს კი არ ეჭირა, ოფიციალურ სამხედრო პირს, რომელიც დილით მიღებული და საღამოს ჩაბარებული ტყვიების ოქმს ხელს აწერს. ოპერაციისას დაზარალებულთა სხეულიდან ამოღებულია ეს ტყვიები, რომლის მეშვეობით იარაღის იდენტიფიკაცია სავსებით შესაძლებელია.“ ადვოკატი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაზარალებულთა ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში იცავს, მიიჩნევს, რომ გამოძიების მხრივ, სხვა პრობლემა არსებობს, რადგან 2007 წლის 7 ნოემბერს იარაღის გამოყენებით მანიფესტანტების დარბევა უმაღლესი ხელისუფალის დონეზე გადაწყდა.

რაც შეეხება იარაღს - რიყეზე უმძიმესად დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქის წინააღმდეგ გამოყენებული საშუალების კონკრეტული სახეობა საქართველოში ალტერნატიულმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა. მოგვიანებით, ჭრილობის ამსახველი ფოტოები ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უჩვენა ორ უცხოელ ექსპერტს, რომელთა დასკვნით, ეს „დუმდუმია.“ ენციკლოპედიური განმარტებით, ე.წ. დუმდუმის ტყვია უმძიმეს ჭრილობას, უმეტეს შემთხვევაში ადამიანის წამებით სიკვდილს იწვევს და მისი გამოყენება ჰააგის კონფერენციამ ჯერ კიდევ 1899 წელს აკრძალა.

ორი წლის წინ, 7 ნოემბერს დაზარალებული სამი ადამიანის საქმის გამო, რამდენიმე დღის წინ ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნეს ბოლო განმარტება, რომლის თანახმად, დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭების ყველა შესაძლებლობას ისინი ამოწურულად, შიდა სამართლებრივ მექნიზმებს კი - უსარგებლოდ მიიჩნევენ, ამიტომ უშუალოდ ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. ამჟამად პროკურატურაშია 2007 წლის 7 ნოემბერს დაზარალებული კიდევ ორი მოქალაქის საქმე, რომლის გამოც გამოძიების მსგავსი პასუხის შემთხვევაში, ადვოკატები ასევე სტრასბურგს მიმართავენ. ანალოგიური პროცედურა დასჭირდება ტელეიმედის დარბევისას დაზარალებული რამდენიმე ჟურნალისტის საქმესაც, რომელიც ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმეთა განხილვის შედეგად ადვოკატ ლია მუხაშავრიას წარმატებაში ეჭვი არ ეპარება, რადგან მედიის თავისუფლება სასამართლოსთვის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა კი, დემონსტრანტების მიმართ შეკრების თავისუფლების უფლებაც დაირღვა. მოსამართლეებს წარედგინებათ სქემაც, რომელიც 7 ნოემბერს თბილისში, სხვადასხვა დროსა და ადგილას განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ადვოკატ ლია მუხაშავრიას განმარტებით,
ლია მუხაშავრია, ადვოკატი
„სპეცრაზმელები უიარაღო ადამიანებს გადაადგილებისას მისდევდნენ, რაც ამ შემთხვევაში პირდაპირ განზრახვას ადასტურებს. შესაძლოა, თავდაპირველად ვიღაცას შეეშალა და ასეთი დარბევის და მძიმე დარღვევის განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ იგივე ჯერ რიყეზე, შემდეგ ავლაბრის ტერიტორიაზე განმეორდა. ადამიანებს გასასვლელებიც ჩაუკეტეს მაშინ, როდესაც თუ აქცია აგრესიულია, პირიქით, ის უნდა გაფანტო. ეს არის სრულიად ლეგიტიმური მიზანი და ოპერაციის ამოცანა ეს უნდა იყოს და არა ის, რომ ხალხი მოაქციო ალყაში და სამედიცინო დახმარების მობილიზების გარეშე, მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენო.“

იურისტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს სტრასბურგში დაიცავენ, ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამო დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ. „გარდა იმისა, რომ დამნაშავის დასჯა აუცილებელია და ადამიანებს ზარალი უნდა აუნაზღაურდეთ, ეს არის საუკეთესო პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი რამ თავს აღარ გადაგვხდეს“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ.
XS
SM
MD
LG