Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინი და ფრანკო: რა ვუყოთ ძეგლებს?


ქალაქში, სადაც ყოფილი დიქტატორი დაიბადა, არ წყდება კამათი იმის შესახებ, რა უყონ მის ძეგლს. ეს სიტუაცია ნაცნობია გორის მცხოვრებთათვის, თუმცა რამდენიმე წლის წინ ზუსტად ასეთი შეკითხვები ისმოდა ესპანეთის ქალაქ ფეროლშიც - დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს დაბადების ადგილას. ფრანკოს ძეგლის შესახებ დისკუსიაზე სასაუბროდ რამდენიმე ესპანელ ანალიტიკოსს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, მაიკლ ჰირშმანი დაუკავშირდა.

რა ვუყოთ ყოფილი დიქტატორის ძეგლს - დარჩეს იქ, სადაც არის? გადატანილ იქნეს მუზეუმში? თუ იქნებ საერთოდ განადგურდეს?

რამდენიმე წლის წინ ეს შეკითხვები ინტენსიურად განიხილებოდა ფეროლში - ესპანეთის ავტონომიური რეგიონის, გალისიის, ქალაქში, სადაც 1892 წელს ფრანსისკო ფრანკო დაიბადა.

2002 წლამდე ფრანკოს მონუმენტი ქალაქის შესასვლელთან ახლოს მდებარე მოედანზე იყო აღმართული.

დიდი ხნის განმავლობაში წარმოებული საჯარო დისკუსიის შემდეგ, ძეგლი მოხსნეს და ფეროლის საზღვაო მუზეუმში გადაიტანეს.

ისიდორო ვალერიო ამ პროცესს ადგილობრივი რადიო “ვოსისთვის” აშუქებდა:

“ის მომენტი, როცა დიქტატორის - ფრანკოს - ძეგლი ჩამოხსნეს, 2002 წლის 5 ივლისის დილა, გავაშუქე როგორც, გარკვეულწილად, ისტორიული მოვლენა. ამ მომენტამდე ქალაქმა ძეგლის ჩამოხსნის თაობაზე ხანგრძლივი ისტორია და დისკუსია გამოიარა.“

ფეროლის მოედანზე ძეგლი ფრანკოს მმართველობის პერიოდში აღმართეს - მაშინ, როცა თითქმის ორმოცწლიანი, ხშირად სასტიკი, დიქტატურის დროს ქვეყნის პოლიტიკურ-იდეოლოგიური კლიმატი გაჟღენთილი იყო გულმხურვალე ნაციონალიზმის, მილიტარიზმის და კათოლიციზმის სულით. ფრანკოს ეპოქის დასრულებასა და 1978 წელს ესპანეთში დემოკრატიის დამყარებასთან ერთად, დაიწყო დისკუსია ყოფილი დიქტატორის ძეგლის ბედის შესახებ.

ცხადია, ფეროლი ესპანეთის ერთადერთი ქალაქი არ არის, სადაც დიქტატურის დასრულებას ფრანკოს ძეგლის გადატანა მოჰყვა. ანალოგიური დისკუსიები გაიმართა ვალენსიაში, სანტანდერში, ტოლედოში, სარაგოსაში და სხვა ქალაქებში. მაგრამ ფეროლში მიმდინარე განხილვას თან დამატებითი გარემოება ერთვოდა - ის, რომ ეს ქალაქი ფრანკოს დაბადების ადგილი იყო.

თუმცა, როგორც ვალერიომ გვითხრა, ყოფილ დიქტატორს თავის დაბადების ქალაქთან ბევრი არაფერი აკავშირებდა:

“ფრანკოსა და ფეროლს შორის კავშირი მცირეა და ამ კავშირით ფეროლის მოსახლეობა, როგორც წესი, არ ამაყობს… ფრანკოს ფეროლთან მხოლოდ ის გარემოება აკავშირებს, რომ ის აქ დაიბადა. მან ფეროლი ახალგაზრდამ დატოვა და ამიტომ აქ მნიშვნელოვანი კავშირები არ დარჩენია.“

ვარდისფრად შეღებილი ფრანკოს ძეგლი ფეროლში
და მაინც, ფეროლში ფრანკოს ძეგლის ბედის შესახებ დისკუსია ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. დისკუსიას თან ახლდა აქციები, რომლებსაც მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი მართავდა - როგორც ძეგლის გადატანის, ისე მისი ადგილზე დატოვების მოთხოვნით.

1987 წელს ძეგლის სიახლოვეს ბომბი აფეთქდა. ვალერიოს თქმით, მოედნის მიდამოებში ფანჯრები ჩაიმსხვრა, მაგრამ თავად ძეგლს მხოლოდ უმნიშვნელო ზიანი მიადგა და ისიც მხოლოდ კვარცხლბეკზე. ბოლოს, 2002 წელს, როგორც აღვნიშნეთ, ძეგლი მოედნიდან მუზეუმში გადაიტანეს.

ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ფეროლში ფრანკოს ძეგლის ირგვლივ განვითარებული პროცესები მკაფიოდ გამოხატავს უფრო ფართომასშტაბიან ბრძოლას, რომელიც ესპანეთში უკვე წლებია მიმდინარეობს და დიქტატურის სიმბოლოების ბედს ეხება.

ესპანეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ შემოღებული კანონით, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. პრემიერ-მინისტრ ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მთავრობამ 2007 წელს „ისტორიული მეხსიერების კანონად“ წოდებული ზომა მიიღო.

ამ კანონის თანახმად, საჯარო სივრცეში აღმართული სიმბოლოები, რომლებიც დიქტატორულ რეჟიმს გამოხატავს, უნდა აღებულ იქნეს. მაგრამ, პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ კანონის სისრულეში მოყვანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გარკვეული წინააღმდეგობა საკუთრივ კანონშივეა ჩადებული - მაგალითად, ის გამონაკლისს უშვებს ისეთი ნიმუშების მიმართ, რომელთა მხატვრული ან რელიგიური მნიშვნელობა მაღალია.

კანტაბრიის უნივერსიტეტის წამყვანი ისტორიკოსი, გერმან რუედა, მთავრობის მიერ შემოღებულ კანონს სკეპტიკურად უყურებს:

“ესპანეთში ხელოვნური უთანხმოების შექმნა სცადეს წარსულის, ისტორიის ირგვლივ დაძაბულობის გაჩენით. ამგვარი კანონები მხოლოდ კონფლიქტებს აღვივებს… ჩემი აზრით, ამგვარი სიმბოლოების არსებობის უარყოფა არასწორი მიდგომაა - თავს ისე ვაჩვენებთ, თითქოს ისინი არასოდეს არსებულან.“

ამ მოსაზრებას არ იზიარებს კიდევ ერთი ისტორიკოსი - ფიდელ გომესი, კანტაბრიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი:

“ჩემი აზრით, ყველა საზოგადოებას აქვს უფლება, სიმბოლური სივრცეები და საჯარო მონუმენტები ისე მოაწყოს და განალაგოს, რომ მათ თანამედროვე ვითარება ასახონ. ამიტომაც მე არ ვიზიარებ მიდგომას, რომ ასეთ შემთხვევებში უნდა შევურიგდეთ იმ ყველაფერს, რაც წინა რეჟიმმა აღმართა და ეს, უბრალოდ, წარსულად მივიჩნიოთ. ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ ისტორია ყოველთვის აწმყოს პერსპექტივიდან იწერება. ამდენად, ვთვლი, რომ არ არსებობს ისტორიის ერთი, ფიქსირებული, ვერსია, რომლის მიხედვითაც ყველაფერი, რაც წარსულიდან გადმოგვყვა, უნდა შევინარჩუნოთ.“

ფრანკოს ძეგლის მუზეუმში გადატანის შემდეგ, ფეროლში მის შესახებ საუბარი, დიდწილად, დასრულდა,მაგრამ საკითხის მიმართ ზოგადი ინტერესი კვლავაც დიდია.

ამ მასალაზე მუშაობის პროცესში დავუკავშირდით ესპანეთის “რადიო ვოსს”, რომლის ჟურნალისტებიც თემით ისე დაინტერესდნენ, რომ საპასუხო მასალა მოამზადეს და გორში სტალინის ძეგლის ირგვლივ შექმნილი ვითარება და ახლახან გააქტიურებული დისკუსია გააშუქეს.

ჟურნალისტმა ანტია დიას ლეალმა მსმენელებს ასე მიმართა:

“დღეს, ცოტა არ იყოს, შორს მოგვიწევს მოგზაურობა - ათასობით კილომეტრით აღმოსავლეთით გადავინაცვლებთ. ჩვენ გორს მივაშურებთ - საქართველოს ცენტრში მდებარე ინდუსტრიულ ქალაქს, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა. საინტერესო ფაქტია, რომ ეს საქართველოს უკანასკნელი ქალაქია, სადაც საბჭოთა დიქტატორის ძეგლი მთავარ მოედანზე დგას. ეს ამბავი რამეს ხომ არ გახსენებთ?”

თუმცა გორს და ფეროლს მხოლოდ ფაქტობრივი მსგავსება არ ახასიათებთ. არგუმენტაცია, რომელსაც ანალიტიკოსები და აქტივისტები დიქტატორთა ძეგლების ირგვლივ გამოთქვამდნენ, ასევე დიდწილად ჩამოჰგავს ერთმანეთს.

ისტორიკოს გომესის პოზიცია, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამომწვევი, პრობლემური წარსულის სიმბოლოების ადგილი მუზეუმშია და არა ქალაქების ცენტრში, ერთნაირი სიმწვავით ესადაგება როგორც ფეროლს, ისე გორში შექმნილ ვითარებას:

“ისტორია ბევრ ადგილს უკავშირდება - არა მხოლოდ ქუჩებს. თუ რომელიმე ძეგლის მეშვეობით წარსულის კონკრეტული მოვლენის აღნიშვნა საზოგადოებაში უთანხმოებას იწვევს, ჩემი აზრით, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მუზეუმები. სწორედ ამიტომ გვაქვს ადგილები, სადაც ისტორიის იმ ნიმუშებს ვათავსებთ, რომლებიც მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს, მაგრამ არც საჯარო სივრცეში უნდა დარჩეს.”

ფეროლში მიმდინარე დისკუსიაში ამ პოზიციამ გაიმარჯვა. ყოფილი დიქტატორის ძეგლი ქალაქის მოედნიდან მუზეუმში გადაიტანეს.

გორში სტალინის ძეგლის ირგვლივ დისკუსია ჯერჯერობით გადაუჭრელი დარჩა და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ვითარების შეცვლა მოსალოდნელი არ არის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG