Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 ნოემბერი 2009


გაზეთი ”ვერსია” გარემოს დაცვის ინსპექციის ხელმძღვანელთა დაკავებას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს უკავშირებს, თუმცა არამხოლოდ ამას: ”ვარდების ხელისუფლებისგან” საკუთარი გუნდის წევრების დაპატიმრება-განკულაკება დღეს უკვე აღარავის უკვირს. მით უმეტეს, არჩევნები ახლოვდება და, დივიდენდების გარდა, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ფულიც სჭირდებათ. ჰოდა, უცხოს ფულს ისედაც არ აკეთებინებენ, დასაჭერი ყველა დაჭერილი ჰყავთ და ახლა უკვე ჯერი შინაურებზე მიდგა. თანაც, ამ შემთხვევაში, ორ კურდღელს იჭერენ - პირველზე უკვე მოგახსენეთ, მეორე კი გარემოს დაცვის მინისტრის ფაქტორია. კულუარული ინფორმაციით, სამართალდამცავები შეეცდებიან ეს ფაქტი სწორედ მინისტრის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ”, - წერს ”ვერსიის” ავტორი. ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. ჟურნალისტი მას თავის დროზე პანკისში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზეც ეკითხება. ალასანიას პასუხი: ”ეს ოპერაცია მიმდინარეობდა ჩეჩნებთან ერთად რუსების წინააღმდეგ, ქართული ინტერესების დასაცავად. ცხადია, იმ ჩეჩნებს ვგულისხმობ, ვინც რეალურად არ იყო ეჭვმიტანილი ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში. დღეს კი ხეობაში საგანგაშო ვითარება არაა. უბრალოდ, რუსეთმა საინფორმაციო შემზადება მოახდინა იმისთვის, რომ შემდეგ აქტიური ქმედებები ჩაატაროს”, - ამბობს ალასანია.

პანკისის თემას დღეს მხოლოდ ”ვერსიაში” არ წააწყდებით. ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ინტერვიუ ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელ ტატიანა ლოკშინასთან. ის ამბობს: ”ეფ-ეს-ბე მისთვის უსიამოვნო სიტუაციების შექმნისას ყოველთვის ალ-ყაიდაზე საუბრობს: ალ-ყაიდა ხან ჩეჩნეთშია, ხან - საქართველოშიო. ამგვარი არგუმენტებით ხშირად თავისი უმსგავსი მოქმედებების გამართლება უნდა და ამით ყურადღება სხვაგან გადააქვს. მაგრამ ამ მუქარებს ძალიან დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ეს გარდამავალი მომენტია. ვერ ვხედავ ვერანაირ წინაპირობებს, რომ რუსეთმა ახლა საომარი მოქმედებები გააჩაღოს”, - ამბობს ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენელი ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

”რეზონანსი” წერს, რომ ბოლო დროს ზოგიერთი სომხური გაზეთი საქართველო-სომხეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვაზე წერს და რომ 4 ნოემბერს ორი ქვეყნის მესაზღვრეები კიდეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ”რეზონანსის” ავტორი შენიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომხური მედია საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო დავაზე ამახვილებს ყურადღებას. ”ახალ თაობას” კი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი ამ ინფორმაციის შესახებ ეუბნება: ”რომ ვნახე, რა გაზეთებს ჰქონდათ ეს ინფორმაცია გავრცელებული, მივხვდი, რომ ეს სიცრუე იყო. სომხეთში არის რამდენიმე მედია-საშუალება, რომელიც საქართველოზე სულ სიცრუეს წერს.”

”ახალ თაობას” ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა: ”მე მჯერა მრავალპარტიულობის. არ მჯერა ერთი მონოლითის. ერთიანობამ ჩვენი ბრძოლა რომც გააძლიეროს, მერე ეს დიდ უბედურებას მოიტანს. ერთიანი მონოლითური ძალა რომ გაიმარჯვებს, მოიქცევა ისე, როგორც მოიქცა ეს ხელისუფლება. ერთადერთი შემაკავებელი არის ძალთა დაბალანსება”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” რესპუბლიკელ წევრ დავით ბერძენიშვილთან: ”მაქსიმალურად ვცდილობთ, საარჩევნო გარემო იყოს ისეთი, რომ ღირდეს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ხელისუფლება გაჯიქდება, მაშინ, ბუნებრივია, არავითარი არჩევნები არ იქნება”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

”24 საათში” წაიკითხავთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასამართლოს ხელმისაწვდომობისთვის სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ პროექტი მზადდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG