Accessibility links

logo-print

ქართველი მოზარდების ცხინვალში გატაცებისა და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის კვირა


სოფელ ტირძნისში ჯერ ისევ უშედეგოდ ელიან რუსი მესაზღვრეებისა და ოსი მილიციელების მიერ დაკავებული ქართველი მოზარდების გათავისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გორის რაიონის სოფელ ტირძნისის სკოლის მოსწავლეები - 14 წლის გიორგი რომელაშვილი, ასევე 14 წლის ალეკო საბაძე, 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური და 17 წლის ლევან ხმიადაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 ნოემბერს, ნაშუადღევს, დაიკარგნენ. დაკარგულები დაკავებულები რომ იყვნენ და ცხინვალში რომ იმყოფებოდნენ, ეს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტრომ 5 ნოემბერს დაადასტურა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება მათი დაკავების ადგილად ცხინვალს ასახელებს, სადაც მოზარდები, თითქოსდა, სოფელ ფრისის მხრიდან შევიდნენ. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოზარდების წინააღმდეგ აღძრა საქმე, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანის ბრალდებით.

5 ნოემბერს ცხინვალის ტელევიზიამ ფაქტს სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა და აჩვენა კადრები, თუ როგორ გამოაქვთ დაკავებულ მოზარდებს საბრძოლო მასალა, თითქოსდა, ბუჩქებში მოწყობილი სამალავიდან, თუმცა სიუჟეტში მოზარდები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. სამაგიეროდ, იმავე სიუჟეტში მომხდარის შეფასებას ცდილობს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიტალი გასიევი და თითს თბილისისკენ იშვერს. ”ეს უსაფრთხოების ზონაში პირდაპირი პროვოკაციაა. ამ მიზნით მოზარდების გამოყენება აღშფოთებას იწვევს”, - ამბობს გასიევი.

მსგავს ბრალდებას თბილისში არასერიოზულად მიიჩნევენ, თუმცა გამოხატავენ სასტიკ აღშფოთებას, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი უკვე ბავშვების გატაცებასაც კი აღარ ერიდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ვითარების დაძაბვას ემსახურება. ”ის, რომ ბავშვებს ვიღაცა იყენებს პროვოკაციებისთვის, ეს არის თავისთავად პროვოკაცია, მათი მხრიდან წამოსული. მათ სურთ, რომ კიდევ უფრო მეტად მოახდინონ ესკალაცია ისედაც არამეგობრული ურთიერთობებისა”, - ამბობს ცისკარიშვილი.

თბილისი 4 ნოემბერს გატაცებული მოზარდების სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს და საერთაშორისო თანამეგობრობას საგანგებო რეაგირებისკენ მოუწოდებს. თუმცა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი არ ჩქარობს. 6 ნოემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ დაკავებულების გათავისუფლების წინააღმდეგ გამოდიან იმ პირთა ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც, თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არიან დაკავებული და დღემდე ციხეში იმყოფებიან. დე ფაქტო პრეზიდენტისთვის - ედუარდ კოკოითისთვის -გაგზავნილ წერილში ისინი ქართველი ბავშვების გათავისუფლებას მხოლოდ მათი ნათესავების ადგილსამყოფლის დადგენის სანაცვლოდ ითხოვენ. თბილისი კი ინფორმაციას დაკავებული ოსების შესახებ გამოგონილად მიიჩნევს. ასეა თუ ისე, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ქართველი ბავშვების ბედი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მომავალ კვირაშიც.

7 ნოემბრის საპროტესტო აქცია
მიმდინარე კვირის სხვა მთავარ თემებს შორის კი გამოირჩევა 7 ნოემბრის საპროტესტო აქცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით გაიმართა და რომელიც საპროტესტო აქციების მასშტაბური დარბევისა და ტელეიმედის დახურვის მეორე წლისთავს ეძღვნებოდა. მე-3 სექტორის ინიციატივით შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შაბათს კიდევ ერთხელ გაიხსენა 2 წლის წინ განვითარებული დრამატული მოვლენები, რომლის დროსაც, ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად, დაახლოებით 500 ადამიანი დაშავდა. შაბათს, 7 ნოემბერს, გამართული საპროტესტო აქციები - ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხოლო შემდეგ პარლამენტის შენობის წინ - სპეციალური პეტიციის მიღებით დასრულდა.

საინიციატივო ჯგუფი მიმართავს ევროკავშირსა და ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში, რომ მაქსიმალური ძალისხმევით მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. “ვთხოვთ ევროკავშირს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, შემოიღონ დემოკრატიული ნიშნულები, საქართველოს ხელისუფლებას აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დაუწესონ ვადა. მხოლოდ ჭეშმარიტი დემოკრატიული რეფორმების გატარება გახდეს წინაპირობა ევროპული დახმარებისა”, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში. პეტიციას ხელს აწერენ მოძრაობა „7 ნოემბერი”, “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის”, “ქართული აკადემია”, „დაიცავი საქართველო!“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და სხვა არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მოთხოვნებისადმი სოლიდარობა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს რუსთაველის გამზირზე აღმართულ კედელზე ანაბეჭდების დატოვებით.

შაბათს გამართულ საპროტესტო აქციებს, დევიზით „ბრძოლა გამარჯვებამდე“, არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი შეუერთდა, მათ შორის: „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „საქართველოს გზა“, მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“, კონსერვატიული პარტია და სხვები. კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური, არაერთი კოლეგის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება მშვიდობიან ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებს.

რუსთაველის გამზირზე მხოლოდ რიგითი მოქალაქის სტატუსით მივიდნენ „ეროვნული ფორუმის“, ლეიბორისტული პარტიისა და გაერთიანების - „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. ისინი ასევე არ მონაწილეობდნენ შაბათ დილით სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაში, სადაც თავყრილობის მონაწილე ოპოზიციური ძალები ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების შეჯამებას ცდილობდნენ. ერთგვარი პასიურობის მიზეზს ასე ხსნის „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე: ”ჩვენი შეფასება ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიცხადებია... ჩვენ დილიდან ვიყავით ჩვენი პარტიული საქმიანობით დაკავებული და გვქონდა შეხვედრები ამომრჩევლებთან და პოლიტიკურ აქტივთან.”

ყოფილი თანამოაზრეების გვერდით 7 ნოემბერს არც პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია იდგა. მიმდინარე კვირაში მან საკონსტიტუციო ცვლილებით მინიჭებული შესაძლებლობა გამოიყენა და ერთ დროს უარყოფილი მანდატი დაიბრუნა. 3 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გადაწყვეტილებას 95-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

”ამ ეტაპზე მე ვხედავ, რომ ქუჩის რესურსი აშკარად დაკლებულია. და თუ მოქმედი პოლიტიკოსი ხარ, შენი ტრიბუნა უნდა იყოს ან ქუჩაში, ან უნდა იყო პარლამენტში. პოლიტიკოსი ვერ დაჯდება ოფისში და ვერ იქნება სტუდიების პოლიტიკოსი, ანდა ვირტუალური პოლიტიკოსი”, - აღნიშნა გამსახურდიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში შესვლის მთავარ მოტივად სახელდება მისი დიდი ხნის სურვილი - გამოიძიოს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის რეალური მიზეზები, რის საშუალებასაც ახლა მას ხელისუფლება აძლევს. 6 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელ კომისიას მისი შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, უხელმძღვანელებს. დეპუტატებმა ასევე 6 ნოემბერს უყარეს კენჭი კომისიის წევრთა 10-კაციან შემადგენლობას. სამუშაო ვადა კომისიას 3 თვით განესაზღვრა.

კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დავრჩეთ საკანონმდებლო ორგანოში და მოკლედ მიმოვიხილოთ მიმდინარე კვირის საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი აქცენტები. 6 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის გადამუშავებული ვარიანტი. ბიუჯეტის მოცულობა 6 მილიარდ 668 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც თითქმის ნახევარი მილიარდით ნაკლებია მიმდინარე წლის სახელმწიფო ხარჯების მოცულობაზე. ბაინდურაშვილი მიზეზად კრიზისს ასახელებს.

„ეს არის იმ ეკონომიკური კლების შედეგი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2009 წელში. 4 პროცენტით შემცირდება ეკონომიკა წლის ბოლოსთვის. აქცენტი გაკეთდა ასეთი, რომ ჩვენ ვამცირებთ ყველა შესაძლო შესამცირებელ ხარჯს ისე, რომ ამან არ მოახდინოს გავლენა ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განმარტავს ფინანსთა მინისტრი.

მცირდება ან უცვლელი რჩება ყველა სახელმწიფო სტრუქტურის შესაბამისი სფეროს დაფინანსება, გარდა რეგიონალური, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებისა. ამ სამი უწყების ბიუჯეტი კი იზრდება. ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობის გასაგრძელებლად, სოციალური დაცვის სისტემისა და განათლების დონის გაუმჯობესების მიზნით მიიღო. თუმცა, ძირითადად, სოციალურ საკითხებთან მიმართებით უკმაყოფილება მაინც გამოხატეს ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტს ამ სახით მხარს არ დაუჭერენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გაითვალისწინებს მთავრობა ქრისტიან-დემოკრატების წინადადებებს, თუმცა 6 ნოემბერს გადაწყდა, რომ პარლამენტის სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებს მთავრობა განიხილავს და განახლებულ ვარიანტს საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო კვირაში წარუდგენს.

ასევე 6 ნოემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სასჯელი გაუნახევრდებათ ნარკოტიკების მოხმარებაში, შენახვასა და გადატანაში მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია არ შეეხებათ ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეალიზატორებს.
XS
SM
MD
LG