Accessibility links

logo-print
მუსიკალურ და გასართობ ვიდეოკლიპებს თუ მხედველობაში არ მივიღებთ, საქართველოს სამხედროებსა და მათ ცხოვრებაზე ერთადერთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული საქართველოში და მისი არსებობის შესახებაც ჯერ არავინ იცის, ხელოვნებათმცოდნეებისა და ჟურნალისტების გარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ რეჟისორ შალვა შენგელის ფილმი “უცნობი ჯარისკაცები” არ გამოვიდა საკმარისად ოპტიმისტური და პროპაგანდისტული, რის გამოც ქართულმა ნაციონალურმა ტელეარხებმა მის ჩვენებაზე უარი თქვეს. ჩეხეთში, ქალაქ იჰლავაში კი, სადაც ქართველი რეჟისორის ფილმი გასულ კვირაში დოკუმენტური ფილმების პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, ჟიურის ზოგიერთმა წევრმა ის ზედმეტად ეროვნულ ფილმადაც კი მიიჩნია, თუმცა ქართულ ფილმს მოწონება ხვდა წილად და იგი სულ მალე კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალზეც იქნება ნაჩვენები. ჩეხეთში მყოფი შალვა შენგელი რადიო თავისუფლებასაც ესტუმრა და გვიამბო, თუ როგორ გაჩნდა ფილმის შექმნის იდეა და რატომ არ აჩვენეს ის საქართველოში მათ, ვის შესახებაც ეს ფილმი მოგვითხრობს.

„გენაცვალეთ, ბიჭებო, მიაწექით ბოლომდე, არ გაახაროთ მტერი!” – ასე ესალმებოდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად მიმავალ საქართველოს სამხედრო ძალების კოლონებს. ამ კოლონებს უკან მიჰყვებოდა გადამღები ჯგუფი - მათ შორის, რეჟისორი შალვა შენგელი და პროდიუსერი გიორგი ცხვიტავა. ტელეკომპანია “საქართველოს” დაკვეთით, მათ უნდა გადაეღოთ დოკუმენტური ფილმის კინოგმირის, რიგით დავით გურჩიანის, სამხედრო კარიერის, ალბათ, მთავარი ეპიზოდი - თუ როგორ მიდის რეალურ საბრძოლო ოპერაციაში ახალბედა რეკრუტი, რომელიც სამხედრო პროგრამაში მხოლოდ 4 თვის წინ, 2008 წლის აპრილში, მოხვდა. მაგრამ, როგორც შალვა შენგელი ამბობს, რეალური ბრძოლის კადრების გადაღება ვერ მოხერხდა:

“ომი დაიწყო უცბად, ყველასთვის მოულოდნელად. რეალურად ომი გაგრძელდა ორი დღე. ბრძოლა გაგრძელდა ორი დღე. ის მობილიზება, ის რაღაც გააზრება, ცხინვალში შესვლა, ამის გადაღება და რაღაცის მოძიება - ეს ყველაფერი ვერ მოესწრო. ეს ძალიან ცუდია. იყო ომი და არ არის კადრები. ერთი ის, რომ ჩვენ რომ შევყევით, გვაქვს გადაღებული შესვლა, ბრძოლის კადრები და მეტი არაფერი.”

მაგრამ მანამდე შალვა შენგელმა და მისმა გადამღებმა ჯგუფმა ფირზე აღბეჭდეს ქართველი რეკრუტების მზადება საველე პირობებში, ანუ რეკრუტის პროფესიონალად ქცევის მთელი სამთვიანი პერიოდი. “უცნობი ჯარისკაცის” პირველი კადრები კი 2008 წლის აპრილში გადაიღეს კოდორის ხეობაში, ზემო აფხაზეთში, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. სწორედ კოდორის ხეობიდან არის დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირი, რეკრუტი დავით გურჩიანი, სოხუმიდან ლტოლვილი ბიჭი, რომელიც სამშობლოს ჯარისკაცი ხდება სწორედ იმისათვის, რომ საქართველოში აღარავინ იქცეს ლტოლვილად.

ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი “უცნობი ჯარისკაცი” გვიამბობს იმაზე, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის. ეს არის ჯარისკაცების ცხოვრება თეთრად შეღებილი და მავთულხლართებით შემოვლებული მესრის იქით, კეთილმოწყობილ ყაზარმებში, მაგრამ სასტიკი დისციპლინისა და ფიზიკური წვრთნის პირობებში.

ამ დატვირთვას ყველა ვერ უძლებს. რეკრუტები ტოვებენ პროგრამას, სადაც ერთის შეცდომის გამო სჯიან ყველას, სადაც სერჟანტი დაგყვირის თავზე და გაიძულებს ჭაობიან წყალში მიწიდან აზიდვის ვარჯიშები აკეთო, სადაც შეუძლიათ ღრმა ძილი დაგიფრთხონ და განგაშის ხმაზე პლაცზე გაგიყვანონ. მაგრამ ჯარისკაცი ყველაფერს ეჩვევა და ხანდახან ამ ყველაფერს ხუმრობაშიც ატარებს, რადგან იცის, რომ დისციპლინა არ არის სასჯელი მათი მხრიდან, ვინც ბრძანებას იძლევა.
შალვა შენგელის დოკუმენტურ ფილმში “უცნობი ჯარისკაცი” არის ერთი ასეთი ეპიზოდი: პოლიგონიდან დაბრუნებული რეკრუტები სასადილოში სხედან და სადილობენ, კედელზე დამონტაჟებულ ტელევიზორში კი აჩვენებენ საქართველოს პრეზიდენტის მორიგ ჩართვას რომელიღაცა სამშენებლო მოედნიდან. დაღლილი ჯარისკაცები არ უსმენენ მთავარსარდალს, მათ საკუთარი საფიქრალი და სალაპარაკო აქვთ. - შალვა შენგელი ამბობს, რომ ესეც ბუნებრივი კადრია და მან იგი უცვლელად დატოვა ფილმში, რადგან არც უცდია შეექმნა პროპაგანდისტული ფილმი.

თუმცა შალვა შენგელი აღიარებს, რომ, მრავალი სხვა ადამიანივით, ისიც დარწმუნებული იყო, რომ მის ფილმსაც ბევრად უფრო ოპტიმისტური ფინალი ექნებოდა და აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომსაც.

საკმაოდ მძიმეა დასასრული ფილმისა. კადრში ჩანს ქართველი უცნობი ჯარისკაცების სასაფლაო დიღომში. შიშველი საფლავის ბორცვები, დანომრილი შავი ფირფიტები, აღმართული ჯვრები და სიცარიელე თითქოს გეუბნება: აი, ხვედრი ჯარისკაცისა - ერთმა ომმა შეიძლება წაართვას სახელი და ამოშალოს ჩვენი მეხსიერებიდან.

შალვა შენგელის ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი “უცნობი ჯარისკაცები” 12-13 ნოემბერს კოტბუსში, გერმანიაში, დაგეგმილ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ორი დღის განმავლობაში იქნება ნაჩვენები. იგი უკვე ნახეს ევროპელმა კინოკრიტიკოსებმა ჩეხეთში. თუმცა “უცნობი ჯარისკაცი” ჯერ კიდევ ელოდება საკუთარ მაყურებელს საქართველოში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG